თავდაპირველად, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე ყვითელ-ლურჯი (უკრაინის) დროშებით გამოდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით ქალაქში პროუკრაინელ აქტივისტებზე „ნადირობა“ დაიწყო. რუსი სამხედროები მათ აკავებდნენ, პარალელურად ქალაქში ცნობილი პირების თანამშრომლობაზე დაყოლიებას ცდილობდნენ.
სრულმასშტაბიან შეჭრამდე პრიმორსკში 12 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რამდენმა მათგანმა დატოვა ქალაქი, ძნელი სათქმელია. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბოლომდე რჩებოდა პრიმორსკში - ვლადიმირ სავისკი იყო. Current Time-თან ინტერვიუში ვლადიმირ სავისკი ჰყვება ცხოვრებაზე რუსულ ოკუპაციაში და როგორი მეთოდებით ცდილობდნენ ოკუპანტები მის დაყოლიებას თანამშრომლობაზე.
“მეკითხებოდნენ, რატომ არ ვთანამშრომლობდი მათთან”
- როგორ დაიწყო ოკუპაცია?
- 2022 წლის 24-მა თებერვალმა არა მხოლოდ პრიმორსკის და მთელი უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს ცხოვრება დაყო “ომამდე” და “შემდეგ” პერიოდებად. პრიმორსკში ცხოვრება თითქოს გაჩერდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ერთ-ორ კვირაში ყველაფერი დასრულდებოდა, რომ ჩვენი უკრაინული არმია ოკუპანტებს განდევნიდა. თუმცა შემდეგ გავიაზრეთ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა: უზარმაზარი ტერიტორიები იყო ოკუპირებული.
პრიმორსკმა პირველივე დღეებიდან აჩვენა თავისი დამოკიდებულება და უარყო ის ნარატივი, რომლითაც ოკუპანტები ხელმძღვანელობდნენ, რომ მათ შეხვდებოდნენ პურ-მარილითა და მოქარგული სუფრით. პრიმორსკში საპროტესტო აქციები დაიწყო.
პრიმორსკი, 2022 წლის მარტი, არტურ იაროშევსკის ვიდეო
- თქვენ პირადად, პირველად როგორ “გადაეყარეთ” რუს სამხედროებს?
- კვირა დღე იყო, 6 მარტი - ჩემი დაბადების დღე. იმ დროისთვის ქალქის მოედანზე ჯერ კიდევ ყოველდღიურად იკრიბებოდა ხალხი. თუმცა უკვე აკავებდნენ აქტივისტებს, პატრიოტებს, ადამიანებს აქტიური სამოქალაქო პოზიციით. რამდენიმე კაცი დააკავეს და სანგრების გათხრა აიძულეს… და მოედანი უკვე მზად იყო საგუშაგოებისკენ დაძრულიყო, სადაც იმ დროისთვის ძირითადად ელდეენერელები (лднр - ლუგანსკის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - რ.თ.) იდგნენ. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, ვიღაცის გაგზავნა გადაწყვიტეს. მე მთხოვეს. წავედი. იქ, ჩვენი 8 ბიჭი იყო. იმის დასადასტურებლად, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ, ერთი ადამიანის გათავისუფლება ვთხოვე. უარი მითხრეს. უბრალოდ მაჩვენეს, როგორ თხრიდნენ სანგრებს და მითხრეს, რითი კვებავდნენ მათ.
- და პირველად როდის დაგაკავეს?
- ეს ყველაფერი ხდებოდა დიდი მარხვის პერიოდში. სხვათა შორის, სწორედ მაშინ, ტაძარში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ვიდეომიმართვა ჩავწერეთ (არ ვიცი, თუ არის შენახული ეს ვიდეო სადმე, ინტერნეტში, იმიტომ რომ დაკავების შემდეგ ჩემს ტელეფონში არაფერია შენახული). ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვჭირდება “გათავისუფლება”.
გაზაფხულის - ზაფხულის - შემოდგომის პერიოდში ჩვენ ტაძარში ვაგრძელებდით უკრაინისთვის, ლტოლვილებისთვის ლოცვას. ბევრის მსგავსად, ადამიანებს ვეხმარებოდით ყველაფრით, რითაც შეგვეძლო - პროდუქტებით, ჰიგიენის საშუალებებით. 2022 წლის 31 დეკემბერს კი წავედი მსახურების ჩასატარებლად, თუმცა ამის საშუალება მათ არ მომცეს.
შეიარაღებულმა ადამიანებმა საკურთხევლიდან გამომათრიეს, მაიძულეს შესამოსელი გამეხადა. დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა. წელამდე გამაშიშვლეს, ტატუებს ეძებდნენ (იცინის) - “სამკაპს”, ან რომელიმე უკრაინულ სიმბოლიკას. სახლი გაჩხრიკეს, წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონები. ეს იყო ჩემი პირველი დაკავება.
- თქვენგან რა უნდოდათ?
- მეკითხებოდნენ, რატომ არ ვთანამშრომლობდი ახალ ხელისუფლებასთან. ქალაქში რუსეთიდან შემოტანილ ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ, რომელსაც ჩვენ არ ვიღებდით, ვცდილობდით ჩვენი ძალებით დავხმარებოდით ადამიანებს: რაღაცას ვყიდულობდით, რაღაცებს მარაგებიდან ვიღებდით, იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაში ჩერნოვიცის ეპარქია დაგვეხმარა. მათ ასევე აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ ჩვენ ტაძარში უკრაინისთვის, მშვიდობისთვის, ემიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ლოცვას არ ვწყვეტდით.
შემდეგი დაკავებების დროს კი მეუბნებოდნენ, რომ აინტერესებდათ რას მიყვებოდნენ აღსარების დროს. ბუნებრივია, ამაზე უარი ვთქვი.
- ანუ თქვენ გთავაზობდნენ აღსარების საიდუმლოების გათქმას?
- დიახ. ვიღაცის ვაჟი, ძმა ან ნათესავი ხომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ადამიანები მოდიოდნენ ჩემთან, ზოგი მესიჯს ან წერილს მწერდა სახელებით, ჩვენ კი ვლოცულობდით ამ ჯარისკაცებისთვის, მოხალისეებისთვის. მათ უნდოდათ, დამებეზღებინა ვინ მოდიოდა და რას მთხოვდნენ.
“რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყვებიან, რომ უკრაინელი ერი და უკრაინული ენა არ არსებობს”
- და რუსები დადიოდნენ თქვენთან ეკლესიაში? ბევრი მათგანი ხშირად ამბობს, თუ რამდენად ეკლესიურები არიან.
- მათი ეკლესიურობის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ როგორ შედიან ისინი შეიარაღებულები ეკლესიაში, შლიან ლიტურგიას, გამოჰყავთ მღვდელი საკურთხევლიდან … არ ვიცი, ეს როგორი ეკლესიურობაა, როცა წელამდე აშიშვლებენ მღვდელს, არ ვიცი, ეს რა რწმენაა.
2022 წლის განმავლობაში ჩვენთან რიგითი ჯარისკაცები არ შემოდიოდნენ. აი, 2023 წელს შობამდე, როდესაც ბევრი როტაცია ჰქონდათ, უკვე მოდიოდნენ რიგითი მობილიზებული ჯარისკაცები - მურმანსკიდან, შორეული აღმოსავლეთიდან. ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად საუბრობდნენ ამ ომზე, მათ არ სურდათ ბრძოლა, სახლში უნდოდათ დაბრუნება. სხვათა შორის, მაშინ ქალაქში სამხედრო პოლიციაც კი გამოჩნდა, იმიტომ რომ ხალხმა დეზერტირობა, გაქცევა დაიწყო, და მათი დაჭერა დაიწყეს.
- და რას გიყვებოდნენ ისინი, ვინც თქვენთან მოდიოდნენ?
- ამბობდნენ: “ჩვენ არც კი ვიცოდით, სად იყო რუკაზე ეს პრიმორსკი, რა საჭიროა ეს ყველაფერი?”, “სახლში გვინდა, ნათესავებთან, ახლობლებთან, რა საჭიროა ეს ომი?”, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთებიც მოდიოდნენ, ვინც ამბობდა: “ჩვენ მოვედით გასათავისუფლებლად!” მეც მიტარებდნენ “ლექციებს”; ასეთი 7 ადამიანი იყო ჩემთან.
- როგორ ხდებოდა ეს?
- შემოდის ეზოში ექვსი-შვიდი ადამიანი ნიღბით და ავტომატით. გართმევენ ტელეფონს, გსვამენ და რამდენიმე საათის განმავლობაში გიყვებიან, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, არც ასეთი ენა, “თქვენ გამოგიგონეს”. “თქვენ აქ რის უფლებას აძლევთ თავს, რა NATO, რის ევროკავშირი”, “ჩვენ თქვენ გაგათავისუფლეთ, თქვენ ბედნიერები უნდა იყოთ”.
რუსული ტყვეობიდან განთავისუფლებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კაპელანი ჰყვება თავისი ტყვეობის შესახებ
სანამ ერთნი დაძვრებიან თქვენს სახლში, სარდაფში, ნივთებში, წიგნებსა და დოკუმენტებში, სხვები სხედან და გმოძღვრავენ, თუ როგორი მაგრები არიან. “რეფერენდუმის” შემდეგ მეკითხებოდნენ, რატომ არ მივიღე მასში მონაწილეობა (სხვათა შორის, არ ვიცი ეს როგორ გაიგეს). მადანაშაულებდნენ, რომ დესტრუქციული ცხოვრების წესი მაქვს, რომ ხელს ვუშლიდი პასპორტიზაციის პროცესს რაიონში, რომ მოკავშირე პარტიზანი ვიყავი პრიმორსკში.
2023 წელს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. ფაქტობრივად, აგვიკრძალეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურება. გვეუბნებოდნენ: “მოიხსენიეთ მხოლოდ პატრიარქი და ახალი ეპისკოპოსი, რომელიც მოსკოვმა გამოგზავნა, ითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან - და ყველაფერი კარგად გექნებათ. გვთხოვეს, ტაძარში მყოფებისთვის გვეთქვა - შეეწყვიტათ წინააღმდეგობა და სხვაგვარად ეფიქრათ. მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელი იყო. შინაგანი უარყოფა, როგორც ვირუსი, რომლის გავრცელებაც და შენი დაინფიცირებაც უნდათ, მაგრამ ორგანიზმი ყველანაირად ეწინააღმდეგება.
- გცემდნენ?
- პირველი დაკითხვისას მეკითხებოდნენ: “ვის უგზავნი ინფორმაციას?”, “ვინ არიან შენი კურატორები?” ეს 5 საათი გრძელდებოდა. მერე მეუბნებიან: “ჩვენ შეგვიძლია სხვანაირადაც დაგელაპარაკოთ”. სათვალე მოვიხსენი და ვეუბნები: “მიდით, მცემეთ”. გაეცინათ. თუმცა თავად აღიარეს, რომ ხერსონში მღვდლებს პარსავდნენ, საწოლზე ხელბორკილებით აბამდნენ 5-6 დღის განმავლობაში.
ფიზიკურად არ შემხებიან, თუმცა მორალურად წნეხის ქვეშ ვიყავით. მეშვიდედ ასე მაშინ “დამკითხეს”, როდესაც უარი ვუთხარი ხელი მომეწერა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლის თხოვნაზე.
“გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ პატრიარქი კირილი უნდა მოგვეხსენიებინა”
- რა თხოვნა იყო ეს?
- რაღაც მომენტში მითხრეს, რომ არ გვქონდა უფლება მოგვეხსენიებინა კიევის მიტროპოლიტი ონუფრი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი - რ.თ.), რომ ჩვენ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქი კირილი უნდა მოგვეხსენიებინა. ფაქტობრივად, ბერდიანსკის და პრიმორსკის მიტროპოლიტი ეფრემი გააძევეს: მეუფე იძულებული გახდა, წასულიყო, მათ კი დაიწყეს ისეთი იდეის განვითარება, რომ ბერდიანსკის ეპარქია უნდა გადასულიყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში (ბერდიანსკის ეპარქია - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია - რ.თ.). ყველა კანონის, ნორმისა და წესის დარღვევით დაიწყეს ეპარქიაში მრევლისა და ეკლესიების შემოვლა.
ჩავიდნენ პრიმორსკის რაიონში, შეკრიბეს მღვდლები და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანდასწრებით წაუკითხეს ძალიან სამარცხვინო, საზიზღარი წერილი, რომ ხალხს უხაროდა რუსეთის ჯარის მისვლა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვთქვი, რომ ეს არა მხოლოდ ეკლესიის, ასევე სამშობლოს ღალატია. ხელმოწერაზე უარი ვთქვი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის თერთმეტი საათისთვის ჩემს სახლთან მანქანა მოვიდა და ფანჯარაში ფარების ციმციმი დაიწყო. გავედი. რუსი სამხედროები მეუბნებიან: “გაიხადე ანაფორა და მოიხსენი ჯვარი”. ვეუბნები: არა, ასე წამოვალ. ქალაქში დამატარებდნენ და მთხოვდნენ, რომ მიმეღო მოსკოვის სინოდის გადაწყვეტილება ბერდიანსკის ეპარქიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში გადასვლის თაობაზე. ვუთხარი, რომ მე ვრჩებოდი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურად, მე უკრაინელი მღვდელი ვარ, ჩემი მიტროპოლიტი კიევშია - ნეტარი ონუფრი, მე ფიცი დავდე ჯვარზე, სახარებაზე.
ჰოდა, მერე დაიწყო უბრალოდ მუქარა, დაშინება. მეუბნებოდნენ, რომ მე ვარ ქურდი, ბანდიტი, ბოროტმოქმედი… ჯერ კიდევ პირველი დაკავების დროს მითხრეს, ბევრმა დაგასმინაო.
- ვინ?
- არ დაუზუსტებიათ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეგვიძლია ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ხომ ასეა? ამიტომ მკითხაობა არ მინდა.
- პრიმორსკში არის ორი მართლმადიდებელი მღვდელი: თქვენ და წმინდა სამების ტაძრიდან დმიტრი ლებედჩენკო. მან ოკუპაციის პირველივე დღეებიდანვე თანამშრომლობა დაიწყო რუს ჯართან. ხედავთ მის როლს თქვენს ბედისწერაში?
- ცხადია. ის არც მალავდა ახლო თანამშრომლობას ოკუპაციურ რეჟიმთან. ადრე მე ვიყავი პრიმორსკის ოლქის დეკანოზი, ახლა ის არის ამ პოსტზე.
- მაინტერესებს გავიგო, რატომ გადავიდა დმიტრი ლებედჩენკო რუსეთის მხარეს. თქვენ ესაუბრეთ ერთმანეთს?
- ვერ გიპასუხებ, რა ხდება მამა დმიტრის, ან სხვების თავში, ვისაც რუსების მოსვლა უხარია. მიჭირს მათი გაგება, როდესაც ქვეყანაში ომია, ადამიანები, ბავშვები იღუპებიან, ისინი კი რუსებს ადიდებენ. კონსტრუქციული დიალოგი ამ ადამიანთან მე არ გამომდიოდა. ერთხელ მითხრა: “მამაო, ორ სკამზე ერთდროულად ვერ დაჯდებიო”. ვუპასუხე: არც ვაპირებ-მეთქი, რადგან ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ღია, ადამიანებმა ქალაქში ეს იცოდნენ: მე უკრაინელი ვარ - როგორც ეროვნებით, ასევე აზროვნებით.
“აშინებენ, რომ მათ, ვინც არ აიღებენ რუსულ პასპორტებს, წაართმევენ სახლებს, ბინებს”
- და რუსული პასპორტი თქვენ მიიღეთ?
- დიახ, ისინი მადანაშაულებდნენ იმაში, რომ რაიონში პასპორტიზაციის პროცესის ჩაშლაში ვმონაწილეობდი, ამიტომ მის მისაღებად ესკორტით წამიყვანეს. ვიდეოს გადაღებაც კი უნდოდათ პასპორტის მიღების მომენტში. თუმცა მე უარი ვუთხარი.
- ახლა რას უპირებთ რუსულ პასპორტს?
- ჩავაბარებ, ან დავწვავ. არ მჭირდება. იქ არაფერი წერია: არც ბინადრობის ინფორმაცია, არც ოჯახური მდგომარეობა, არც ბავშვების შესახებაა ჩანაწერი. მე მათ ვეუბნებოდი, რომ შეუძლიათ ადამიანებს ათი ასეთი პასპორტი მისცენ, თუმცა ამით არც მათ გონებაში, არც გულებში არაფერი შეიცვლება. მაგრამ ადამიანებს აშინებენ იქ, იმით, რომ დაბრუნდებიან “უკრაინელი დამსჯელები”, ჩაცხრილავენ და მხოლოდ რუსული პასპორტის ფლობა გადაარჩენთ. აშინებენ, რომ ვინც არ მიიღებს რუსულ პასპორტს, წაართმევენ სახლს, ბინებს, მიწის ნაკვეთებს. Აშანტაჟებენ.
ვერ ვიტყვი, რომ მასობრივად მირბიან რუსული პასპორტების ასაღებად - მხოლოდ მაშინ, როდესაც ზეწოლაა. უკრაინული პასპორტი მე დამრჩა.
- და ზოგადად, ქალაქში დარჩა ხალხი?
- ძალიან ცოტა. მაისის არდადეგების დროს, საღამოს ქალაქში გავედით. ცარიელი იყო. სრულიად. როდესაც პრიმორსკში მშვიდობა იყო, ქალაქი სავსე იყო ბავშვებით, ახალგაზრდებით, მუსიკა ისმოდა, მოძრაობა იყო, სიცოცხლე. ახლა ქალაქი მკვდარია. 5-სართულიანების ფანჯრებში შუქი არ არის. თითქოს კი არის ხალხი, არიან ბავშვები, ახალგაზრდობა, მაგრამ ეს არ არის ძველებური პრიმორსკი. ძირითადად დარჩნენ პენსიონერები და ისინი, ვისაც არ შეუძლია გასვლა ქალაქიდან.
- და ბევრი მათგანი უჭერს მხარს რუსეთს?
- ე.წ. ადმინისტრაცია, კოლაბორანტები ინტერნეტში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, თუ როგორ იყო მათი დღესასწაულები. ნახეთ, რამდენი ადამიანი ესწრებოდა ამ დღესასწაულებს - ეს არის ის პროცენტი, რაც მათ მხარს უჭერს. იკრიბება 15-20 ადამიანი და სადღაც მიდიან.
"გამარჯვების დღე" ადმინისტრაციის ტელეგრამარხზე
ადრე, თუკი გვქონდა რაიმე სახის ღონისძიებები, მიტინგები, იკრიბებოდა ხალხის მასები. ხალხი არჩევანს ფეხით აკეთებს: დღესასწაულები არის, ადამიანები კი არ მიდიან - ასე აჩვენებენ თავიანთ პოზიციას.
- და სამხედროები ბევრნი არიან?
- ძალიან. ძირითადად ისინი განლაგებულნი არიან ზღვასთან ახლოს დასასვენებელ ცენტრებში. სამხედრო ტექნიკა ბევრია.
“მიჰყავთ დაკითხვებზე, საიდანაც ზოგი არ ბრუნდება”
- და ზოგადად, როგორი გარემოა ქალაქში?
- ძალიან დამთრგუნველი. განსაკუთრებით, როდესაც თვითმფრინავები და რაკეტები მოფრინავენ. ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ხერსონი გაათავისუფლეს. უყურებ რუკას და ფიქრობ: პრიმორსკი უკვე ახლოს არის, მაგრამ ხვდები, რომ ეს შეიძლება იყოს ასობით ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე. იმედი გვაქვს, ვლოცულობთ, ველოდებით. ხალხი მოელის უკრაინის მთავრობის, წესრიგის, კანონმდებლობის დაბრუნებას.
- მე ასე მგონია, რომ ოკუპაციაში მყოფი ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ უკრაინის დანარჩენ ნაწილში, ისინი დაივიწყეს.
- იყო ასეთი შეგრძნება. ახალ ამბებში სხვადასხვა ქალაქს აჩვენებენ, მერი ფედოროვი ჰყვება მელიტოპოლზე, მაგრამ ჩვენ არ ვჩანვართ. მე მქონდა იდეა ზაპოროჟიეში დიდი ბანერის ჩამოკიდების წარწერით - "Приморськ – це Україна (პრიმორსკი უკრაინაა) . ღმერთს მადლობა, ეს ოცნება ამიხდა. ჩვენი ქალაქი პატარაა, მაგრამ ჩვენც ნაწილი ვართ ამ დიდი და მშვენიერი ქვეყნის.
ჩვენ ბევრი გმირი გვყავს, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას, დამოუკიდებლობას შესწირეს. მაგალითად, სერგეი პავლიჩენკო (“აზოვსტალის” მცველი, იმყოფებოდა ტყვეობაში, დაიღუპა ოლენოვკის კოლონიაში აფეთქების დროს - რ.თ.).
- პრიმორსკი - საკურორტო ქალაქია, ბევრი რამ იყო მიბმული საზაფხულო დასვენებაზე. არიან ახლა დამსვენებლები?
- ბურიატები! ეს, რა თქმა უნდა, სარკაზმია. საიდან მოვლენ დამსვენებლები?! იმ წელს კიდევ ვიღაცები იყვნენ ენერგოდარიდან, ვინც გამოიარა საკონტროლო პუნქტები. ვინ წავა ახლა ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს?
- არის პრიმორსკში წინააღმდეგობა, არიან პარტიზანები?
- არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ არიან. ზოგჯერ, დილით მიდიხარ ქალაქში და ხედავ, ვიღაცას ხიდზე მიუმაგრებია ყვითელ-ლურჯი ლენტა. სადღაც იმავე ფერებში სტიკერს შეხვდები.
მე ხომ დამაბრალეს, რომ დაკავშირებული ვიყავი უკრაინელ პარტიზანებთან. ეს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მქონდა პატივი გავცნობოდი ჩვენს იატაკქვეშა მოძრაობას. დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ და როცა დრო მოვა, გამოჩნდებიან.
- და არის ქალაქში სისასტიკე?
- რუსი სამხედროებისთვის არ მიკითხავს, აწამებენ ან კლავენ თუ არა ვინმეს. მაგრამ ადამიანები ხომ იკარგებიან. ვიღაცები მიჰყავთ დაკითხვებზე, საიდანაც ზოგი არ ბრუნდება. მათ იძახებენ ბერდიანსკში, ყოფილ 77-ე კოლონიაში, იქ რა ხდება მათ თავს, მე არ ვიცი.
“ხალხმა მითხრა, რომ ჯერ ჩემთვის სასულიერო ხარისხის წართმევა უნდოდათ, შემდეგ კი ჩემი, როგორც ერისკაცის, გასამართლება”
- საბოლოოდ, პირველ ივლისს გამოხვედით ქალაქიდან. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ვინც მათ ესაუბრებოდა, მითხრეს, რომ ჯერ ჩემთვის სასულიერო ხარისხის წართმევა უნდოდათ, შემდეგ კი ჩემი, როგორც ერისკაცის, გასამართლება. მე გამასამართლებდნენ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ უკრაინას, ვთეს დაბნეულობას პრიმორსკში. რუსეთის ციხეში 15 წელი მელოდა.
ჩვენ ბოლომდე გავუძელით, ძალიან არ მინდოდა გამოსვლა, მინდოდა გამარჯვებას და გათავისუფლებას პრიმორსკში შევხვედროდი, მაგრამ… ეს არ იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ჩვენ უბრალოდ გვაიძულეს. დაკავებები და დაკითხვები უკვე ჯანმრთელობაზეც აისახა. ღამით ტაძართან რაღაც მანქანა ჩაივლიდა და მე უკვე ვკანკალებდი, ხელები მიცახცახებდა.
“შვიდი დაკითხვა” - ძალიან მარტივად ჟღერს. თუმცა როდესაც შენთან მოდის ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი, სამხედრო ფორმაში, როდესაც შენზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, როდესაც მუდმივად გიყვებიან, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, რომ ისინი განმათავისუფლებლები არიან და მთელი ცხოვრება მათი მადლიერი უნდა იყო, მორალურად ძალიან რთულია. თითქოს ჩაგკეტეს დიდ საკონცენტრაციო ბანაკში საკონტროლო პუნქტებით, საშვებით, კომენდანტის საათებით, პასპორტების შემოწმებებით... ცხოვრობ სანგრებს შორის, ირგვლივ ბევრი ჯარისკაცია, გარემო დამთრგუნველი.
- როგორ გამოხვედით?
- რთულად. ნოვოაზოვსკში (ქალაქი დონეცკის ოლქში, 15 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან - რ.თ.) თავიდან ბოლომდე გაჩხრიკეს მანქანა, 6 საათით გაგვაჩერეს. მორიგ ჯერზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გამომართვა ტელეფონი, დეტალურად შეისწავლა, ისევ და ისევ მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე. თუმცა, გამოვიარეთ. რუსეთიდან ესტონეთში კი რთულად გადავედით. პირველ ჯერზე რუსებმა უბრალოდ არ გაგვიშვეს, გამოგვაბრუნეს.
- როგორ ახსნეს?
- არაფრით. არ შეგვიშვეს და მორჩა. საზღვარზე ხარ, უკვე ხედავ ესტონეთის დროშას, ფაქტობრივად, 250 მეტრია თავისუფლებამდე, ჩვენ კი არ გვიშვებენ. რაღაც მომენტში დავნებდით და დაგვეწყო პანიკა. ასეთ უზარმაზარ, დაკონსერვებულ ქვეყანაში აღმოჩნდი, გინდა თავის დაღწევა, თუმცა “არას” გეუბნებიან. სამი დღის შემდეგ სხვა მორიგეები შეგვხვდა. 6 საათი გაგვაჩერეს, თუმცა გაგვიშვეს. ესტონელებმა ეგრევე შეგვიშვეს, გვითხრეს: “არ იდარდოთ, უკვე უსაფრთხოდ ხართ!” მე საჭესთან ვიყავი. ნორვეგიაში ჩამოვედით, ლტოლვილების ბანაკში და ცოტა დავმშვიდდით.
- რა გეგმები გაქვთ?
- სახლში, პრიმორსკში - უკრაინაში დაბრუნება. გამარჯვებით. აქ დროებით თავშესაფარს მოგვცემენ, ინტეგრაციის კურსებს გავივლით. ძალიან ბევრი უკრაინელია, ადამიანები ითხოვენ ტაძარს, რაიმე ფორმით ოთახს მაინც ლოცვისთვის. ხალხის სულიერი მხარდაჭერისთვის, რაიმე მსგავს სივრცეს შევქმნით.
- აპირებთ გადასვლას УПЦ-დან (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია - რ.თ.) ПЦУ-ში (უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია - რ.თ.), რომელმაც ტომოსი მიიღო?
- არ ვიქნები ფარისეველი. მე ვარ მღვდელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის. ჩემთვის (ПЦУ) პოლიტიკური ორგანიზაციაა. არ მომწონს, რომ ჩვენი ეკლესიიდან ახლა მონსტრი გამოჰყავთ, რაღაც გაუგებარი “რუსული სამყაროს” ქომაგად წარმოაჩენენ. თუკი არის რაიმე კონკრეტული შემთხვევები, უნდა გაირკვეს. თუკი ბალიცკი (ვერხოვნა რადის ყოფილი დეპუტატი, ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უკრაინაში დაუსწრებლად 15 წლით მსჯავრდებული - რ.თ.) გადავიდა ოკუპანტების მხარეს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის უმაღლესი რადა სრულად უნდა დაიხუროს?