„ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე - ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები… იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? იმედი მაქვს ხვდებით)”, - დაწერა ნინო ქათამაძემ.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ამ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ მისთვის, საახალწლო კონცერტებსა თუ სხვა დიდ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უკვე თითქმის ხუთი წელია, უარს ამბობს ხელისუფლება. ეს კი, მისი შეფასებით, უფრო ღრმა, კულტურის სფეროში არსებული პრობლემაა, ვიდრე ერთი მომღერლის არშემჩნევა.
ამ ინტერვიუში ნინო ქათამაძესთან ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა არის, მისი აზრით, ამ უარის მიზეზი, რა ნიშნით იწვევენ მუსიკოსებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, რატომ დაუბრუნდა კულტურის სფერო საბჭოური მართვის სათავეებს. ისიც ვკითხეთ, რად უღირს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და დაფინანსებულ კონცერტებში მონაწილეობა და რატომ არის რთული და ხშირად შეუძლებელიც, საკუთარი რესურსით კონცერტის გამართვა. და ისიც, სად იმღერებს, თუ მისთვის ყველა დიდი სცენა ისევ დახურული იქნება.