მიხალ კამინსკი: "„ქართული ოცნება“, კლავს საქართველოს ოცნებას იყოს თავისუფალი და იყოს ევროპაში"

მიხალ კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცესპიკერი

მიხალ კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცესპიკერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „შეუძლებელია, იყო ევროპაში და იმავდროულად გქონდეს გაყალბებული არჩევნები“ და რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო გამოძიება ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუციამ უნდა ჩაატაროს.

ამასთან, ის საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს: „კრიზისი საქართველოში არის უფრო ფართო სურათის ნაწილი და ეს ფართო სურათი არის რუსეთის აგრესია დასავლური სამყაროს წინააღმდეგ და ეს არის ზუსტად იგივე ომი, რომელიც სამხედრო გზით მიმდინარეობს უკრაინაში, საქართველოში კი - პოლიტიკური გზით“ და რომ საქართველო ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის იბრძვის, „რისთვისაც იღუპებიან უკრაინელები. ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის! - ევროპაში შესვლისთვის, დასავლეთის ნაწილად ყოფნისთვის, თავისუფალი არჩევნებისთვის და რუსეთის იმპერიის ნაწილად არყოფნისთვის“. მიხალ კამინსკი ერთი კვირის წინ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა თბილისში.

ძვირფასო მეგობრებო „ქართული ოცნებიდან“, თუ მართლა გსურთ იყოთ ევროპის ნაწილი, უნდა მიეჩვიოთ ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტებს, რომლებიც ჩამოვლენ თქვენი ვითარების შესაფასებლად.

რადიო თავისუფლება: ბატონო კამინსკი, თქვენ ჩამოხვედით სხვა, თქვენს მსგავსად, ცნობილ ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად და ეს ვიზიტი უკვე შეფასდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ როგორც ოპოზიციისა და პროტესტის მხარდამჭერი ვიზიტი, რითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და რომ ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა ურთიერთობებში. “ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა თქვენს დელეგაციასთან შეხვედრაზე. მსურს, ჩვენს აუდიტორიას უთხრათ როგორ მომზადდა ეს ვიზიტი და რა არის მისი მიზანი? აი, ასეთი მარტივი შეკითხვაა.

მიხალ კამინსკი: უპირველეს ყოვლისა, პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, უნდა მისდევდეს ქართულ ტრადიციებს: ვფიქრობ, სტუმრის მიმართ სტუმართმოყვრული დამოკიდებულება ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტრადიციაა. უჩვეულოა, როცა შენი მეგობრების ქვეყანაში ჩადიხარ და ძალიან უსიამოვნო განცხადებებს იღებ, ჩასვლამდე. ვერ არის ძალიან კარგი, მაგრამ აშკარაა, ეს განცხადებები არ არის სიმართლე. ძალიან რთულია შეაფასო საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზეზები, ვიდრე ამის შესახებ ჩვენ არ გაგვესაუბრები.

ვიზიტის მიზეზი კი მარტივია: საქართველო და აგრეთვე, პარტია ე.წ. „ქართული ოცნება“, არა მხოლოდ უარს არ ამბობენ იყვნენ ევროპის ნაწილი, არამედ აცხადებენ, რომ კვლავაც სურთ ევროპის ნაწილად ყოფნა. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო „ქართული ოცნებიდან“, თუ მართლა გსურთ იყოთ ევროპის ნაწილი, უნდა მიეჩვიოთ ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტებს, რომლებიც ჩამოვლენ თქვენი ვითარების შესაფასებლად. ჩვენც პოლონეთში ვმასპინძლობთ ხოლმე სხვა ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტებს. ისინი ჩამოდიან ჩვენი პოლიტიკის შესახებ მოსაზრებების

ჩემთვის ერთ-ერთი ქართული ოცნება, ნამდვილი ქართული ოცნება არის საქართველო ევროპაში, ჩემი ქართველი მეგობრების პოლონელ და ლიეტუველ მეგობრებთან ერთად ევროპარლამენტში ხილვა, მსურს ვიხილო ქართველი ევროკომისარი.

გამოსათქმელად. ვინაიდან, თუკი ოჯახი ხარ, და ევროპა ოჯახია, ერთმანეთს მხარში უნდა ამოუდგე და შეეცადო თვალი ადევნო შენს მეგობრებს და შეამოწმო, რა ხდება, განსაკუთრებით, თუკი სანდო წყაროებიდან გესმის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიც არჩევნებია, საქართველოში გაყალბდა. და ეს არის ის, რაც არ შეიძლება მისაღები იყოს ევროპული თანამეგობრობისა და ჩვენს - ევროპელი პოლიტიკოსების - მიერ. ასე რომ, აქ ჩამოვედით მხოლოდ ვითარების ნათელსაყოფად და ბოლო არჩევნების შესახებ ყველა მხარისგან მოსაზრების მოსასმენად. სამწუხაროდ, პარტიამ, რომელიც მართავს საქართველოს, უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ ვართ გამსჭვალული კეთილი ნებით და ვფიქრობ, ამ დელეგაციის ყველა წევრმა ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საქართველოს მეგობრები არიან.

მე საქართველოს გვერდით ვარ ევროპისკენ მისი გზის სულ დასაწყისიდან. მე დავაორგანიზე ქართული ღვინის პირველი გამოფენა ევროპარლამენტში, როცა ქართული ღვინოები აკრძალული იყო რუსეთის მიერ. ეს იყო 2006-ში. მაშინ ვიყავი ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოს და სინამდვილეში, მე პირადად ვუჭერდი მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩემთვის ერთ-ერთი ქართული ოცნება, ნამდვილი ქართული ოცნება არის საქართველო ევროპაში, ჩემი ქართველი მეგობრების პოლონელ და ლიეტუველ მეგობრებთან ერთად ევროპარლამენტში ხილვა, მსურს ვიხილო ქართველი ევროკომისარი. ეს არის ჩემი ქართული ოცნება და საუბედუროდ, პარტია, რომელმაც დაირქვა „ქართული ოცნება“, კლავს საქართველოს ოცნებას იყოს თავისუფალი და იყოს ევროპაში. ამისთვის ჩამოვედი აქ.

ქართველ ხალხს არ შეუძლია შეცვალოს მთავრობა. ამასთან, ყველა შესაძლო საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ამ მთავრობით.

შეუძლებელია იყო ევროპაში და იმავდროულად გქონდეს გაყალბებული არჩევნები. ევროპის ასეთი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მარტივი ფაქტი, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანაში, პატარა იქნება ის თუ დიდი, თუკი უკმაყოფილო ხარ შენი მთავრობით, შეგიძლია შეცვალო ის ბიულეტენით. უნიკალურ ქართულ პრობლემას არ წარმოადგენს კორუმპირებული პოლიტიკოსების ყოლა. კორუმპირებული პოლიტიკოსები ყველგან არიან, არა მხოლოდ საქართველოში. ცუდი პოლიტიკოსებიც ყველგან არიან, არა მხოლოდ საქართველოში. ყველაზე დემოკრატიულ, ყველაზე სუფთა ქვეყნებშიც კი იპოვნით ცუდ ადამიანებს პოლიტიკაში. პრობლემა ის არის, რომ შენ - მოქალაქეს არ გქონდეს უფლება მოაცილო ხელისუფლებიდან ცუდი ადამიანები. სამწუხაროდ, ეს არის, რაც რეალურად ხდება საქართველოში. ქართველ ხალხს არ შეუძლია შეცვალოს მთავრობა. ამასთან, ყველა შესაძლო საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ამ მთავრობით.

რადიო თავისუფლება: მთავრობა, პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რომ დელეგაცია ჩამოვიდა ოპოზიციის მხარდასაჭერად და რომ თავად მთავრობა კვლავაც წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ერთ-ერთი ცუდი ნიშანი არის ის, რომ თქვენი ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია.

მიხალ კამინსკი: ისინი იტყუებიან. ისინი წინ არ მიიწევენ. ისინი უბრალოდ იტყუებიან. ვინაიდან, შენ წინ არ მიიწევ ევროინტეგრაციის პროცესში, როცა პირდაპირი გაგებით კლავ ევროპაში ყოფნის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პირობას - თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. შენ შეიძლება იყო ევროპაში და იყო სოციალ-დემოკრატი, იყო კონსერვატორი, იყო ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი, იყო ძალიან მემარცხენე ან ძალიან მემარჯვენე, იყო რელიგიური და იყო ათეისტი, მაგრამ შენ უნდა იყო დემოკრატიული! ეს არის ერთადერთი პირობა, რომელსაც ევროპა გიყენებს. იყო დემოკრატიული ნიშნავს იმას, რომ, თუკი ხალხი უკმაყოფილოა შენი პრეზიდენტობით, შენი პრემიერმინისტრობით, ხალხს უნდა შეეძლოს შენი შეცვლა და შენ ეს უნდა მიიღო. როცა ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი დამარცხდა არჩევნებში, მან ეს აღიარა. „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ დელეგაციის ზოგიერთი წევრი (ვფიქრობ, მე ვიგულისხმებოდი) ავრცელებს გაყალბებულ ინფორმაციას. არა, არაფერს ვავრცელებ - მე მიშა სააკაშვილს ვთვლი ჩემს და ჩემი ქვეყნის მეგობრად და მივიჩნევ მას პოლიტიკურ პატიმრად და როცა კი ამაზე ლაპარაკის შესაძლებლობა მეძლევა, ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

ვის უნდა დავუჯერო მე, თუკი ამ ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო სტუმრებს გვეუბნება: დიახ, არჩევნები გაყალბდა!

ამასთან, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ერთ-ერთი ცუდი ნიშანი არის ის, რომ თქვენი ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა მოსაზრება სააკაშვილზე ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსზე მსოფლიოში. შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ის ან გიყვარდეთ, მაგრამ პრობლემების მოგვარების გზა არ არის უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა. ესეც ძალიან, ძალიან აზიანებს საქართველოს იმიჯს.

ჩვენ აქ აგრეთვე ჩამოვედით ამ რესპუბლიკის პრეზიდენტთან შესახვედრად და შევხვდით ქალბატონ პრეზიდენტს და ვესაუბრეთ. ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის აღიარებულია მსოფლიოს მიერ. ის ძალიან კარგად არის ცნობილი მსოფლიოში, მას პატივს სცემენ მსოფლიოში. ამ ძალიან პატივცემულმა ქალბატონმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტია, დღეს გვითხრა, რომ მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ვის უნდა დავუჯერო მე, თუკი ამ ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო სტუმრებს, რომლებიც პარლამენტების წევრები და მეგობრები არიან, გვეუბნება: დიახ, არჩევნები გაყალბდა!

რადიო თავისუფლება: ჩემი შეკითხვა სწორედ ამას ეხება... მან [პრეზიდენტმა] დღეს აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანა შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში...

ინსტიტუცია, რომელმაც უნდა განსაჯოს ამ, რასაც მე ვუწოდებდი, საქართველოს ეგრეთწოდებული არჩევნების შედეგი, უნდა იყოს ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუცია.

მიხალ კამინსკი: ეს სრულიად აშკარაა.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ, ვის ეთქმის ბოლო სიტყვა იმის თაობაზე - არჩევნები გაყალბდა თუ თავისუფალი და სამართლიანი იყო? ჯერ ამ შეკითხვაზე მიპასუხეთ, თუ შეიძლება.

მიხალ კამინსკი: დღევანდელ მსოფლიოში და იმის გათვალისწინებით, რომ თავად „ქართული ოცნებაც“ ჯერჯერობით არ უარყოფს, რომ ევროკავშირი არის მისი მიზანი, ვფიქრობ, საბოლოო ინსტიტუცია, რომელმაც უნდა განსაჯოს ამ, რასაც მე ვუწოდებდი, საქართველოს ეგრეთწოდებული არჩევნების შედეგი, უნდა იყოს ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუცია.

რადიო თავისუფლება: არსებობს ასეთი პრაქტიკა?

მიხალ კამინსკი: არა, არ არსებობს, მაგრამ არც ასეთი პრეცედენტი ყოფილა ისეთ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და აქვს კანდიდატის ოფიციალური სტატუსი. ყველაფერი ამის ფონზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! ამიტომ, ვფიქრობ, ევროკავშირს, როგორც თანამეგობრობას სრული უფლება გვაქვს ( ჩვენ უკვე ვწევთ ხარჯს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის) შევაფასოთ დემოკრატიული პროცესი საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატია არის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი პირობა.

რადიო თავისუფლება: შესაძლებელია ეს საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს, როგორ ვთქვა - ქვეყნის გარედან?

სწორედ ბელარუსის მიმართულებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა და არა ევროკავშირისკენ.

მიხალ კამინსკი: არა, არ შეიძლება. ის აქ - საქართველოში უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, როცა საერთაშორისო საგამოძიებო კომიტეტები განსჯიდნენ არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არ მომხდარა ევროკავშირის - როგორც ასეთის მონაწილეობით, თუმცა ვთვლი, რომ შეგვიძლია ამგვარი პრეცედენტის შექმნა, ვინაიდან არსებობს პრობლემა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის.

რადიო თავისუფლება: 6 ნოემბრის განცხადება [ევროკავშირის 19 ქვეყნის პოლიტიკოსების ხელმოწერით] მხოლოდ განცხადებაა, თუ პროცესი უკვე დაწყებულია? ვგულისხმობ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებას.

მიხალ კამინსკი: თუკი ამ საკითხს შეხედავთ წმინდად პოლიტიკური პერსპექტივიდან, დიახ, უკვე დაწყებულია. ლეგალური პერსპექტივიტან თუ ვიტყვით, არ ვარ დარწმუნებული.

შენ წინ არ მიიწევ ევროინტეგრაციის პროცესში, როცა პირდაპირი გაგებით კლავ ევროპაში ყოფნის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პირობას - თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს.

რადიო თავისუფლება: ვის შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

მიხალ კამინსკი: ეს არის საკითხავი. ზოგადად თუ ვიტყვით - ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ უფრო მეტად არის მზად გააკეთოს ეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან დრო ძალიან სწრაფად იწურება.

ეს ზუსტად იგივე ომია, ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის იბრძვით პოლიტიკურად, რისთვისაც იღუპებიან უკრაინელები. ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის!

რადიო თავისუფლება: დიახ, დრო მრავალი თვალსაზრისით იწურება - საქართველოს პრეზიდენტის ვადაც იწურება. თქვენ ჩამოხვედით, შეხვდით მას, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, თუკი მორიგჯერ გადაწყვეტთ აქ ჩამოსვლას, თქვენი შემდეგი ვიზიტი - ვისთან შეგეძლებათ შეხვედრა, როგორ ვთქვა - სახელისუფლო, ოფიციალურ დონეზე?

მიხალ კამინსკი: ახლა არ ვხუმრობ.

რადიო თავისუფლება: არც მე.

მიხალ კამინსკი: ვშიშობ, შემდეგ ჯერზე, როცა საქართველოში ჩამოვალ, ეს იქნება მომდევნო თაობის ბელარუსი, ვინაიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა და არა ევროკავშირისკენ. საქართველო ახლა ბელარუსის მიმართულებით მიდის. ასე რომ, დღეს თუ ვხედავ ჩემს მეგობრებს აქ ქუჩებში მოსეირნეებს, ბევრი ჩემი ბელარუსიელი მეგობარი დღეს ციხეშია და ბევრიც ქვეყნიდან დევნილობაში. ბოლო ოცდაათი წელი ვაკვირდებოდი ამას ბელარუსში. ეს არ არის ზუსტად იგივე პროცესი, მაგრამ მე და თქვენ გვახსოვს, რომ თხუთმეტი წლის წინ იყვნენ ოპოზიციური პარტიები და საკმაოდ აქტიურებიც, რუსეთში. იყო რუსეთში პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაც. დიახ, იყო. იყო მოსკოვში მანიფესტაციებიც. და, რა ხდება დღეს? - არაფერი ეს აღარ არის. არის მკვდარი ნავალნი და მთელი ოპოზიცია ან ციხეშია, ან ქვეყნიდან დევნილობაში.

ვშიშობ, საქართველოში ახლა არ ხდება ის, რომ ერთი ადამიანი იყენებს თავის უზარმაზარ სიმდიდრეს, რომ დაეუფლოს თავის ქვეყანას. არამედ, ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი...

რადიო თავისუფლება: და მკვდარი ჟურნალისტები.

მიხალ კამინსკი: მკვდარი ჟურნალისტები.

რადიო თავისუფლება: მოკლულები.

მიხალ კამინსკი: მართლა ვშიშობ, რომ საქართველო პირდაპირ ამ მიმართულებით მიდის - საბჭოთა სტილის დიქტატურისკენ. კარგით, შესაძლოა - პოსტსაბჭოური სტილისა.

რადიო თავისუფლება: მაინც საბჭოთა სტილის...

როგორ შეიძლება ამისი თავიდან აცილება?

მიხალ კამინსკი: მოქმედებით. სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მოქმედებით და უკრაინის მეგობრების მოქმედებით დასავლეთში.

რადიო თავისუფლება: „საქართველოს მეგობრების“, გინდოდათ გეთქვათ. თუმცა, უკრაინისაც იმავდროულად...

მიხალ კამინსკი: დიახ, უკრაინისაც... შეცდომა იყო, თუმცა სავსებით ლეგიტიმური შეცდომა, ვინაიდან სწორედ ეს არგუმენტი გამოვიყენე დღეს ჩემს მეგობრებთან საუბრისას: თუ შეიძლება, ნუ წარმოიდგენთ თქვენს ვითარებას, როგორც რაღაც უნიკალურ ქართულ ვითარებას, რადგან კრიზისი საქართველოში არის უფრო ფართო სურათის ნაწილი და ეს ფართო სურათი არის რუსეთის აგრესია დასავლური სამყაროს წინააღმდეგ და ეს არის ზუსტად იგივე ომი, რომელიც სამხედრო გზით მიმდინარეობს უკრაინაში, საქართველოში კი - პოლიტიკური გზით. ეს ზუსტად იგივე ომია, ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის იბრძვით პოლიტიკურად, რისთვისაც იღუპებიან უკრაინელები. ზუსტად იმავე ღირებულებებისთვის! - ევროპაში შესვლისთვის, დასავლეთის ნაწილად ყოფნისთვის, თავისუფალი არჩევნებისთვის და რუსეთის იმპერიის ნაწილად არყოფნისთვის - სწორედ ამისთვის!

ზელენსკიმდე, ვლადიმირ პუტინის ნომერი პირველი მტერი იყო მიშა სააკაშვილი და მიზეზი იგივე იყო - ოცი წლის წინ სააკაშვილმა პუტინს უთხრა "არა" - ზღვარი დაუდო რუსეთის იმპერიალიზმს ამ რეგიონში.

აქ საქმე ის არ არის, რომ ერთ მდიდარ ტიპს სურს თავისი ქვეყანა ჩაიჯიბოს. თავისთავად ესეც ცუდი იქნებოდა, მაგრამ გულწრფელად ვშიშობ, საქართველოში ახლა არ ხდება ის, რომ ერთი ადამიანი იყენებს თავის უზარმაზარ სიმდიდრეს, რომ დაეუფლოს თავის ქვეყანას. არამედ, ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმართულია საქართველოს - როგორც თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო, პრობლემაა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციებისთვის.

ზელენსკიმდე, ვლადიმირ პუტინის ნომერი პირველი მტერი იყო მიშა სააკაშვილი და მიზეზი იგივე იყო - ოცი წლის წინ სააკაშვილმა პუტინს უთხრა "არა" - ზღვარი დაუდო რუსეთის იმპერიალიზმს ამ რეგიონში. ზუსტად იგივე ხდება ახლა უკრაინაში - ეუბნებიან რუსებს: თქვენ არ გაგაჩნიათ უფლება გადაწყვიტოთ, ვიყოთ თუ არა თავისუფლები!

რადიო თავისუფლება: ბატონო კამინსკი, რამდენიმე კვირაში, და ეს ბოლო შეკითხვაა, როცა სალომე ზურაბიშვილის ვადა ამოიწურება, ვის დაელაპარაკებიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები, თუკი „ქართული ოცნება“ არ შეიცვლის ყველა შეხვედრის უარყოფის პოზიციას?

მიხალ კამინსკი: კონსტიტუციურად რომ ვიმსჯელოთ, თუკი ქალბატონი პრეზიდენტი არ აღიარებს და არ იწვევს ახალ პარლამენტს, გამოდის არ არსებობს ლეგიტიმური ახალი პარლამენტი - კონსტიტუციურად, ქართული წესებით. ასე რომ, არ არსებობს უწყება, რომელსაც შეუძლია აირჩიოს ქალბატონი პრეზიდენტის კანონიერი შემცვლელი და ეს ნიშნავს, რომ იქმნება კონსტიტუციური კრიზისი. ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტი ამას გულისხმობს [კრიზისზე როცა ლაპარაკობს]. მაგრამ, ვის უნდა ველაპარაკოთ? - ჩვენ უნდა ველაპარაკოთ კანონიერ პრეზიდენტს, რომელიც აღიარებული გვყავს.

თუკი პარლამენტი არ იქნება აღიარებული, ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ვერ აირჩევს კანონიერ პრეზიდენტს, რადგან არაკონსტიტუციური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი იქნება ასევე არასკონსტიტუციური.

კარგით, ის ასრულებს თავის ვადას, მეორე მხრივ კი არ არის კანონიერი უწყება, რომელსაც შეეძლება მისი მემკვიდრის არჩევა. ეს არის კონსტიტუციური პრობლემა საქართველოსი. ასეთ ვითარებაში, ჩემს თვალში ვის აქვს ლეგიტიმაცია, ვის აქვს ხალხის მკაფიო მხარდაჭერა და რწმუნება? - ქალბატონ პრეზიდენტს. ვფიქრობ, რომ მას აქვს დრო. სამი კვირის განმავლობაში ის კანონიერი პრეზიდენტია და ეს არავისთვის არის სადაო. ჩემი როლი არ არის საქართველოსთვის სცენარების წერა, ჩემი როლი არის საქართველოს დახმარება.

რადიო თავისუფლება: მესმის, მესმის და აგრეთვე, ასეთი სახის კრიზისი შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ...

მიხალ კამინსკი: თუმცა, კრიზისი იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო - თუკი პარლამენტი არ იქნება აღიარებული, ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ვერ აირჩევს კანონიერ პრეზიდენტს, რადგან არაკონსტიტუციური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი იქნება ასევე არასკონსტიტუციური.

რადიო თავისუფლება: კარგით. ვნახოთ...

მიხალ კამინსკი: ვნახოთ...