რადიო თავისუფლება: რამდენიმე დღის წინ, „გლობსეკზე“ გამართული დისკუსიის დროს ბატონი ღარიბაშვილის კონკრეტული განცხადებების შემდეგ, თქვენ დაწერეთ, რომ „საჭიროა საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ მოჰფინოს ნათელი მის ურთიერთბებს ევროკავშირსა და ნატოსთან”. რა სახის დაზუსტებას თვლით აუცილებლად საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობაში და თქვენი ამ ვიზიტის დროს მიიღეთ თუ არა ამგვარი განმარტებების ნაწილი მაინც?
ხალხი იმსახურებს ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სამართლიან შანსს, თუმცა ეს კვლავაც არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.
მიხაელ როთი: უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო უმნიშვნელოვანესი: საქართველო ეკუთვნის ევროპისა და ევროკავშირის გულს. ხალხი იმსახურებს ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სამართლიან შანსს, თუმცა ეს კვლავაც არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ეს არის გრძელი და წინაღობებით სავსე გზა და ის ამად ღირს. ჩვენ ვალდებულები ვართ გავაკეთოთ მაქსიმუმი ქვეყნის და აგრეთვე საზოგადოების მხარდასაჭერად და ამას მივყავარ თქვენს შეკითხვასთან: ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში გაავრცელა რუსული ნარატივი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და აგრეთვე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე.
თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნების არჩევანი იყო და არის განაცხადოს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე. რუსეთის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია, რამაც ტანჯვა და ტკივილი, ომი და აგრესია მოუტანა უკრაინას. რუსეთს სურს უკრაინის მთავრობის დელეგიტიმაცია და მთელი ქვეყნის დანგრევა და არ მესმის, პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები რატომ აკრიტიკებენ ნატოს, ევროკავშირს, ვინაიდან ამით ხდება საქართველოს საზოგადოების, უკრაინის საზოგადოების თავისუფალი ნების დელეგიტიმაცია, ნებისა - ხმამაღლა განაცხადონ და გამოხატონ მკაფიო მოლოდინი ბრიუსელის, ბერლინის, პარიზის, ვარშავის მიმართ - „გვსურს გავერთიანდეთ თქვენთან, ვინაიდან ეს დავიმსახურეთ“.
რადიო თავისუფლება: „ხალხი იმსახურებს, თუმცა მთავრობამ და პარლამენტმა უნდა შეასრულონ“ - თქვენი ეს ნათქვამი ჰგავს საქართველოს მთავრობის ბევრი ოპონენტის მიდგომას. რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული იმ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე? ვინაიდან, პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თითქმის ყველა მათგანი შესრულებული იქნება ივნისისთვისო. უკვე ივნისია.
ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში გაავრცელა რუსული ნარატივი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და აგრეთვე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე.
მიხაელ როთი: რასაც მართლა ველოდები, არის გარკვეული სასიხარულო ცნობები საქართველოდან, თბილისიდან, ვინაიდან ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის ყველა კრიტერიუმის, 12-ვე რეკომენდაციის შესრულება. და ბოლოს, ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ცოტათი გაუიოლებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც ამ წლის დეკემბერში ევროპულ საბჭოზე შეიკრიბებიან, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას. ვიმეორებ, მე მხარს ვუჭერ ამ სურვილს და ხალხი თქვენს ქვეყანაში ამას იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთი რამ გასაკეთებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა და პარლამენტი აიღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ გერმანიაში, ევროკავშირში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკოსებს, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებას, ვინაიდან არავინ უნდა გაუშვას ხელიდან ეს მომენტუმი. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროკავშირის ისტორიაში პირველად ევროკავშირის პოლიტიკურმა ლიდერებმა გასული წლის 24 ივნისს ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს ევროკავშირის კარი გაეღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საზოგადოებებისთვის.
რადიო თავისუფლება: "გზებზე წინაღობებს" რაც შეეხება, შეგიძლიათ აღწეროთ ყველაზე რთული, ყველაზე მაღალი წინაღობები საქართველოსთვის?
სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ნაწილი მტერი არ არის. ის უნდა იყოს პარტნიორი, მეგობარი, მოკავშირე. სახალხო მიმღებლობის, სამოქალაქო საზოგადოებასთან მძლავრი თანამშრომლობის გარეშე, არ გამოვა.
მიხაელ როთი: „სამოქალაქო საზოგადოებაა მთავარი, სულელო!“, - და მსურს მივმართო ჩემს პატივცემულ კოლეგებს თბილისში, რომ დაამყარონ ძალიან მჭიდრო, მყარი და სანდო კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელსაც სჯერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის. აგრეთვე ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ნაწილი მტერი არ არის. ის უნდა იყოს პარტნიორი, მეგობარი, მოკავშირე. სახალხო მიმღებლობის, სამოქალაქო საზოგადოებასთან მძლავრი თანამშრომლობის გარეშე, არ გამოვა. ამიტომ გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, სულისკვეთება, ხედვები, იდეები, აგრეთვე უმცირესობებისა, მათ შორის სექსუალური უმცირესობების, ანალიტიკური ცენტრების, ბიზნესის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებებისა. ყველა ეს მოკავშირე გვჭირდება ევროკავშირისკენ მიმავალ იმ „გრძელ, წინაღობებიან გზაზე“, ვინაიდან ჩვენ გვინდა დავაჩქაროთ, რასაც ხალხი ამ ქვეყანაში და მთელ რეგიონში იმსახურებს.
რადიო თავისუფლება: ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე ლაპარაკობთ, გკითხავთ - აქ ყოფნისას მიიღეთ რაიმე განმარტება „აგენტების კანონის“ წამოწევაზე?
დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.
მიხაელ როთი: ეს იყო ძალიან-ძალიან-ძალიან იმედგამაცრუებელი, როცა წარმოადგინეს „უცხოეთის აგენტებზე კანონი“, რომელიც ცოტათი ჟღერს როგორც რუსეთის „უცხოეთის აგენტებზე კანონი“. მხედველობაში უნდა მივიღო, რომ ქართული კანონპროექტის შინაარსი განსხვავდებოდა რუსული კანონის შინაარსისგან, მაგრამ ისევ გავიმეორებ: საქართველოს მთავრობამ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, საქართველოს პარლამენტმა უნდა დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის კრიტიკულ ნაწილს, რომ შეუერთდეს ამ უზარმაზარ მოძრაობას - უფრო რეალისტური გახადოს ევროკავშირში გაწევრიანება და ვთვლი, რომ ეს ნიშანი იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩემი კოლეგებისთვის ბრიუსელსა და მთელ ევროკავშირში. დეოლიგარქიზაციაც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩემი აზრით, ბრიუსელის მოლოდინები არ არის ძალიან გაბუქებული. ჩვენ ამბიციურები ვართ, თუმცა თქვენი ხალხიც ამბიციურია და ამიტომაც ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო შეასრულებს ყველა კრიტერიუმს და ეს იქნება საწყისი წერტილი მჭიდრო ურთიერთობებისა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
რადიო თავისუფლება: ცხადია, სიამოვნებით გავიზიარებდი თქვენს ოპტიმიზმს, მაგრამ, თუკი ყველა ის 12 პრიორიტეტი არ იქნება შესრულებული, თეორიულად შესაძლებელია, რომ მიღებული იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება სტატუსზე?
ჩვენთვის ევროპა არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი, არამედ ის არის ფასეულობათა კავშირი და ეს ფასეულობები კი არ გვყოფს, გვაერთიანებს და ეს ორაზროვნების სტრატეგია - რუსეთსა და ევროკავშირს შორის არ იმუშავებს.
მიხაელ როთი: არა, არა. ვფიქრობ, გზავნილი იყო სავსებით მკაფიო: საქართველოს საზოგადოებასა და ჩემს პოლიტიკურ კოლეგებს თქვენს ქვეყანაში შეუძლიათ ჰქონდეთ ბევრის მოლოდინი ჩვენგან, ევროკავშირისგან, ქვეყნის პროგრესის შესაბამისად. ეს არის ძლიერი, სანდო დახმარება და მხარდაჭერა, სამართლიანი მოლაპარაკებები, ღია და გამჭვირვალე საუბარი, მაგრამ ჩვენც ველოდებით რაღაცას და 12 პრინციპი არ არის ზედმეტად ამბიციური, არ არის შორს რეალობისგან. ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანი მოლოდინი და დიდი იმედი მაქვს, რომ შეგვიძლია მოვაგვაროთ ეს პატარა პრობლემა.
რადიო თავისუფლება: „სპილოზე“... „სპილოზე ოთახში“ და საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერმინისტრის მიდგომებზე, რომლებიც შეეხება „სტრატეგიულ მოთმინებას“ რუსეთთან, „მშვიდობის შენარჩუნებას“... არის ასეთი მიდგომები შესაბამისობაში საქართველოს ევროკავშირისკენ გზასთან?
მიხაელ როთი: საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა. მე ძალიან ყურადღებით მოვუსმინე ადამიანებს ამ ქვეყანაში და გზავნილი, რომელიც მივიღე, იყო - „გთხოვთ, გააღეთ კარები. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ვინაიდან ვართ ევროპული ფასეულობების ერთგულები“. ჩვენთვის ევროპა არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი, არამედ ის არის ფასეულობათა კავშირი და ეს ფასეულობები კი არ გვყოფს, გვაერთიანებს და ეს ორაზროვნების სტრატეგია - რუსეთსა და ევროკავშირს შორის არ იმუშავებს.
რადიო თავისუფლება: და, სულ ბოლოს, ნატოზე - 22 ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, გერმანიის და პირადად თქვენი ჩათვლით, გააკეთეთ განცხადება, „მოწოდება ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების სრულად განხორციელებისკენ“. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაცია კი მოიცავდა საქართველოსაც. რას იტყოდით საქართველოზე?
ომის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატოში არის საუკეთესო არჩევანი უკრაინისთვის, მთელი რეგიონისთვის და ნატოს არსებული სტრუქტურებისთვის.
მიხაელ როთი: საქართველოს თავისუფალი არჩევანია ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება. ადამიანები აქ იმსახურებენ ისეთსავე სტრატეგიას, ისეთსავე სამართლიანობას, როგორსაც უკრაინის ხალხი. უკრაინას აქვს ძალიან ძლიერი სურვილი გაწევრიანდეს ნატოში რაც შეიძლება მალე და დარწმუნებული ვარ, ომის შემდეგ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის საუკეთესო არჩევანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატოს წევრებისთვისაც, ვინაიდან ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ვითარება, როცა კრემლი, რუსეთი მოახდენს მორიგი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ერთობლივი პოზიციაა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა არ უნდა იყოს მხოლოდ ევროპის დასავლეთის, ჩრდილოეთის ან სამხრეთის რეალობა, არამედ ეს რეალობა უნდა იყოს ევროპის აღმოსავლეთისთვისაც. და გავიმეორებ, თუკი საქართველო განაცხადებს ნატოში გაწევრიანებაზე, ეს ქვეყანა იმსახურებს სამართლიან შესაძლებლობას და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ.
რადიო თავისუფლება: შეიძლება რამეს ველოდეთ ვილნიუსიდან, რა ინფორმაცია ან მოლოდინი გაქვთ? ვინაიდან, ჩვენ უკვე გაცხადებული გვაქვს გაწევრიანების სურვილი და მოლოდინში ვართ.
თუკი საქართველო განაცხადებს: ჩვენით უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას და გვსურს სხვაგვარი სტრატეგიის განხორციელება, - რატომაც არა?
მიხაელ როთი: ნატოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა საკმაოდ კარგად იცის, რომ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ვითარება, რომელშიც წარმოიშვება შემდგომი სამხედრო კონფლიქტები. ჩვენ მაქსიმალური სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ უკრაინას. შეკავება გადამწყვეტია უკრაინისთვისაც და ნატოსთვისაც, უკრაინის სამეზობლოში მყოფი ნატოს წევრებისთვის. შესაძლოა, ჩვენ დავიწყოთ უსაფრთხოების ვალდებულებებით ან უსაფრთხოების გარანტიებით, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლე ან საშუალოვადიანი გადაწყვეტაა. დარწმუნებული ვარ, ომის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატოში არის საუკეთესო არჩევანი უკრაინისთვის, მთელი რეგიონისთვის და ნატოს არსებული სტრუქტურებისთვის.
რადიო თავისუფლება: ანუ, საქართველოზე მსჯელობა ახლა არ მიმდინარეობს.
მიხაელ როთი: ეს დამოკიდებულია ვითარებასა და მსჯელობაზე აქ, თქვენს ქვეყანაში. ვინაიდან, ჩვენ ნავთი არ უნდა დავასხათ რუსეთის პროპაგანდაზე, რომ ნატო აშანტაჟებს რეგიონის ქვეყნებს გააკეთონ განაცხადი ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არავინ აშანტაჟებს საქართველოს. თუკი საქართველო განაცხადებს: ჩვენით უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას და გვსურს სხვაგვარი სტრატეგიის განხორციელება, - რატომაც არა? ეს საქართველოს თავისუფალი არჩევანია. მაგრამ, თუ საქართველო დაინტერესებულია შეუერთდეს ნატოს, ნატოს სტრუქტურებს, ის იმსახურებს სამართლიან შანსს.