„არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველანი ვაცნობიერებთ რუსეთის აგრესიას და უფრო ეფექტიანი მოქმედების საჭიროებას მის შესაკავებლად, მოსაგერიებლად და იმისათვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს მეტი თავისი ქმედებებისთვის, რომლებიც ყველასთვის მიუღებელია", - ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რადიო თავისუფლება: საუბარს დავიწყებ აშშ-ის მთავრობის „შატდაუნით“ – ბოლო ხანს სულ გვესმის ამაზე, ახლა ის შეჩერებულია 3 კვირით. მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენგან ამ პროცესის ახსნა მოგვესმინა. რატომ ხდით თქვენ, ამერიკელები ასეთ ვითარებას შესაძლებლად? რატომ არის ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის? რა ალბათობაა ახალი „შატდაუნის“ სამკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ?
როს უილსონი: სასიამოვნოა აქ ყოფნა. გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენს მმართველობის სისტემაში კონგრესმა უნდა მიიღოს ასიგნებათა კანონები ამერიკის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტის ხარჯების დასამტკიცებლად, ან მთლიანად მთავრობისთვის - ერთი ასიგნებათა კანონი. ნაწილი ამ კანონებისა შემოდგომაზე იყო მიღებული ნაწილი - არა და ისინი იქცა ცხარე კამათის საგნად ტრამპის ადმინისტრაციასა და კონგრესის ნაწილს, ძირითადად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შორის. კამათი რამდენიმე განსხვავებულ საკითხს ეხებოდა, მაგრამ ძირითადი იყო პრეზიდენტის ძლიერი სურვილი დაფინანსებულიყო ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა. იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, შედეგი იყო ის, რომ დაფინანსება შეწყდა მთავრობის ნაწილის დაფინანსება. ამან მოიცვა სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩვენ სრულად არ დავხურულვართ, მაგრამ არ ვიყავით ისეთი ფუნქციურები, როგორებიც გვსურდა ვყოფილიყავით 35-36 დღის განმავლობაში. საბოლოოდ მიღწეული იყო კომპრომისი. დაფინანსება გაგრძელდება 15 თებერვლამდე. რთულია წინასწარმეტყველება - რა მოხდება. ვფიქრობ, ძლიერი სურვილია კონგრესის ორივე პარტიაში, რომ აღარ იყოს კიდევ ერთი „შატდაუნი“. ეს ცუდი იდეაა. ეს ცუდი პოლიტიკაა. ეს ცუდია ამერიკისთვის და მისი იმიჯისთვის, როგორც ამერიკელებს შორის, ასევე მსოფლიოში. ასე რომ, იმედი მაქვს ავიცილებთ თავიდან.
რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა. დიახ, ჩანს, რომ ორივე პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს მორიგი „შატდაუნი“. ეს პროცესი, მაინც როგორც დემოკრატიული პროცესი, ძალიან კარგი მაგალითია დასაკვირვებლად დანარჩენი მსოფლიოსთვის.
აშშ-საქართველოს ურთიერთობას რაც შეეხება: თუკი შევხედავთ აშშ-საქართველოს ქარტიას, რომელსაც 2009 წელს მოაწერეს ხელი კონდოლიზა რაისმა და გრიგოლ ვაშაძემ, შეიძლება გაგიკვირდეთ იმ გამოწვევების ჩამონათვალი, რომელიც მეოთხე - დემოკრატიის შესახებ ნაწილშია და სადაც განმარტებულია რა უნდა გააკეთონ საქართველომ და აშშ-მა სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და ა.შ.. გამოწვევები იგივე რჩება 10 წლის შემდეგაც. რატომ არის ასე?
როს უილსონი: მე საქართველოსთან შეხება მაქვს იმ დროიდან, რაც მან აღიდგინა დამოუკიდებლობა 1990-იანების დასაწყისში. მანამდეც, ვიდრე ეს მოხდებოდა, 1980-იანებში მქონდა შესაძლებლობა აქ ჩამოსულიყავი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უმრავლესობაში - ბევრჯერაც. ყველა მათგანი რთული ტრანზიციის პროცესშია ჩართული. საქართველომ განიცადა ბევრად დიდი პროგრესი ორივე თვალსაზრისით: ამბიციის გამოხატვითაც - ყოფილიყო სრულად დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება და მიაღწია ბევრად მეტს ამ ამბიციების რეალობაც ქცევაშიც, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებმა. ეს არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემები არ არის. ჩვენ მთავრობასთან ერთად ჩართულები ვართ მათ გადაჭრაში. საარჩევნო რეფორმას რაც ეხება, მხარს ვუჭერთ რეკომენდაციებს, რომლებიც მალე ექნება მზად ეუთოს და აგრეთვე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მეთვალყურეების რეკომენდაციებს სასამართლო რეფორმისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე, თავისუფალი და ღია სამოქალაქო საზოგადოების საკითხზე, ბიზნესის ინტერესებისა და კერძო წარმოების საკითხებზე ამ ქვეყანაში. ჩემი პასუხი იქნებოდა, რომ ცვლილებები, რომლებიც საქართველომ წამოიწყო იოლი არ არის. ბევრი ძალაა, რომელიც ამ ქვეყანას სხვაგან მიათრევს, ჩრდილოეთით მყოფი დიდი ძალის ჩათვლით, რომელიც საქართველოში სიმშვიდის დეფიციტს უწყობს ხელს. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მთავრობასთან თანამშრომლობაზე ამ პრობლემების დასაძლევად და ვმუშაობთ ამ ქვეყნის სხვა მეგობრებთან ერთად არსებული საკითხების მოსაგვარებლად.
რადიო თავისუფლება: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ისტორია აჩვენებს, რომ მთავარი საკითხი - სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავაც მიუღწეველია საქართველოში. პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. პარლამენტი შეუდგა საგაზაფხულო სესიას. ისინი კენჭს უყრიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. ვიცით, რომ წინა თავმჯდომარე გადადგა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. რატომ არის ასე რთული სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაჭრა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიისთვის?
როს უილსონი: ამ საკითხის შეფასებისას თქვენს მიერ გაკეთებულ ანალიზს მივუბრუნდები აშშ-ში ჩვენს საბიუჯეტო კრიზისზე. ეს იყო დემოკრატია მოქმედებაში - არც თუ ლამაზი, მარტივი და გამოწვევებით სავსე. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და უმალვე დაიწყო მწვავე კამათი ამის თაობაზე, კონტექსტზე, რომელშიც მათი წარდგენა მოხდა, იმის თაობაზე - რა უნდა გაეკეთებინა პარლამენტს. მწვავე კამათი დაიწყო საკუთრივ მმართველ პარტიაში, ძალიან მწვავე უთანხმოება. როგორც ვხედავ, ეს უთანხმოება გრძელდება. ჩემთვის ეს არის ერთი ნიშანი, რომ ქართული დემოკრატია წინ მიდის. ადამიანები კამათობენ ამ საკითხებზე და მუშაობენ საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში მათ გადასაჭრელად. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზოგიერთ სხვა საკითხზე: კონკრეტულ რეკომენდაციებზე პარლამენტისთვის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, იქნებოდა მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას - იმ პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა მისდიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობების შესრულებისას და პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობისას. მან უნდა უზრუნველყოს ღია და სამართლიანი მოსმენები, ღია და სამართლიანი მსჯელობა, თითოეულ კანდიდატზე თავისუფალი კენჭისყრა. იმედი გვაქვს, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ. ძალიან ბევრი პარლამენტარია სხვადასხვა პარტიიდან, მმართველი პარტიის ჩათვლით, ვისაც სურს, რომ პროცესი სწორად წარიმართოს.
რადიო თავისუფლება: რადგან დემოკრატიის საკითხებზე და პროცესებზე ვლაპარაკობთ, ერთ თემას შევეხები: ჯერ კიდევ ინიციატივის დონეზეა და ჯერ რაიმე ოფიციალური ფორმა არ მიუღია. ვგულისხმობ ცილისწამებასა და ყალბ ამბებზე კანონმდებლობის შეცვლის იდეას. როგორც ჩანს და გამოცხადდა კიდეც, რომ ეს იდეა იქნება განხილული პარლამენტშიც. ეს ძალიან აღელვებთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. უკვე გაქვთ ამ საკითხზე პოზიცია? არ ვიცი, ეს შეიძლება ეხებოდეს სიფრთხილის ხარისხს, როცა ვინმე ასეთ საკითხს ეხება...
როს უილსონი: ცხადია, საარჩევნო კამპანიის დროს ცხარე, ზოგ შემთხვევაში ძალიან ცხარე, ზედმეტად ცხარე რიტორიკამ, სიძულვილის ენის გამოყენებამ უამრავი ადამიანი შეაშფოთა დასავლეთში. მათი შეხედულება საქართველოზე განსხვავდებოდა იმისგან, რაც კამპანიის დროს ვიხილეთ. ვფიქრობ, ამან აქაც ბევრი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია. საკითხის ასე დაყენება ამაზე რეაქციაც არის. აშშ-ს აქვს განსაკუთრებული შეხედულება სიტყვის თავისუფლებაზე. ეს გულისხმობს - სიტყვის თავისუფლებას და არ გულისხმობს რაიმე შეზღუდვებს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საჯარო პოლიტიკას, საჯარო ლიდერებს და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ბედისთვის, ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკისთვის და ა.შ... ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუყურებთ იმას, როგორ შეიძლება საქართველო განვითარდეს, როგორც თავისუფალი საზოგადოება ამ კონკრეტულ პროცესში. ევროპის გამოცდილება ცოტათი განსხვავებულია. იმედი მაქვს, საქართველოს ლიდერებს სასარგებლო რჩევებს მიაწვდიან, მაგრამ ამერიკა ამ საკითხს აუცილებლად შეხედავს პრიზმაში - „სიტყვის თავისუფლება ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას!“.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნები. თუკი წარმოვიდგენთ დროის მონაკვეთს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. რა არის საქართველოს დემოკრატიისთვის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე?
როს უილსონი: ვფიქრობ, გამოწვევათა ორი ჯგუფია: ერთი არის ის, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს. შეიძლება ითქვას, იყო გარკვეული შენელება რიგ საკითხებში საქართველოსა და მისი მთავრობის ინერციაში არჩევნების მოახლოებისას, არჩევნების მიმდინარეობისას და მის შემდეგ, სადღესასწაულო პერიოდში. შეიძლება, ეს გასაგები იყოს. ნათელია, რომ ამომრჩევლის გზავნილი, რაც მან გამოხატა საარჩევნო ყუთებთან და საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს, არის გარკვეული ხარისხის უკმაყოფილება. ეს არ არის პარტიული განცხადება. ეს ობიექტური რეალობაა და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა იზრუნოს ამაზე. დემოკრატიის წარმატებისთვის, დემოკრატიულმა მთავრობამ უნდა აჩვენოს შედეგები. ვფიქრობ, ეს არის ამოცანების ერთობლიობა როგორც საქართველოს პარლამენტისთვის, ისე მთავრობისთვის. გამოწვევების მეორე ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება სპეციფიკური საკითხების მოგვარებას, რომლებიც წამოჭრეს ეუთომ, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა. ეუთოს მისია რამდენიმე კვირაში ჩამოვა საქართველოში და ჩამოიტანს სპეციფიკურ, დეტალურ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტურის შემდეგ მათ მიერ გამოვლენილ პრობლემებს და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის დაშინებაზე, შეურაცხმყოფელი რიტორიკის საკითხზე, რასაც ცოტა ხნის წინ შევეხეთ. რეკომენდაციები, რომლებსაც ეუთო წარმოადგენს, ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას - რაც იყო ეფექტიანი სხვა ქვეყნებში. ჩვენი რჩევა ხელისუფლებისა და პარლამენტარებისადმი არის, მიიღონ ეს რეკომენდაციები და სხვა საერთაშორისო ჯგუფებისა და ადგილობრივი მეთვალყურეების იდეებთან ერთად განსაზღვრონ რა უნდა გაკეთდეს მომავალ თვეებში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც არჩევნების ორი ტურის დროს გამოვლინდა. იმედი გვაქვს აქ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი.
რადიო თავისუფლება: საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, და სულ ასეა ბოლო წლებში, რომ საქართველოს გამოკითხული მოქალაქეებიდან მეტი უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, ვიდრე ნატოში შესვლას. ანუ, ორივე შემთხვევაში მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არის ხოლმე განსხვავება. რატომ ხდება ასე და აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ რამდენიმეპროცენტიან განსხვავებას?
როს უილსონი: არ შემიძლია ვუპასუხო კითხვას - რატომ ხდება ასე. შეიძლება თქვენთვის უფრო იოლი იყოს ამის ახსნა. თუმცა, არ მგონია ამას მნიშვნელობა ჰქონდეს. ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა მთელ ქვეყანაში საქართველოს დასავლური ხედვის მიმართ, ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებისა და საბოლოოდ მასში ინტეგრაციის მიმართ, აშშ-სთან და ნატოსთან საქართველოს კავშირების განმტკიცებისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. არ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა მხარდაჭერის ხარისხებს შორის და ამ განსხვავებების ძიება საბოლოოდ არაფერს მოგვცემს და არც ისე მნიშვნელოვანია.
რადიო თავისუფლება: არც მე მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი. ეს მხოლოდ შეკითხვა იყო. რაც შეეხება ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას, ის კვლავაც განუსაზღვრელია დროში. მაგალითად, ხვალ, 6 თებერვალს, ნატო სკოპიესთან ხელს აწერს გაწევრიანების პროტოკოლს. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისთვის (მას ახლა ასე ეწოდება) სრულიად ნათელია ნატოს წევრობის პერსპექტივა. ასეთი ვითარება არასდროს ჰქონია საქართველოს, ვგულისხმობ პერსპექტივის დროში განსაზღვრულობას. როგორ ფიქრობთ, რა განამტკიცებდა საქართველოს სვლას ნატოსკენ და რა შემატებდა განსაზღვრულობას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს? პერსპექტივა ნათელია და ის სულ მეორდება.
როს უილსონი: მოდით, დავიწყებ სწორედ იმით, რომ პერსპექტივა ნათელია. 2008 წელს ნატომ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს ნატოს ლიდერებმა გასულ წელს. არავინ აყენებს ეჭვქვეშ ამ დაპირებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. პროგრესის დაჩქარებას ხელს შეუწყობდა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან. ნატოს წევრებთან ერთად საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთში არის მძლავრი სიგნალი ამ ქვეყნის განზრახვებსა და მის შესაძლებლობებზე, მათ შორის საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაზე, რაც არის ნატოს არსი - ალიანსის დაცვა. ვფიქრობ, საქართველოს მიმდინარე სამხედრო მოდერნიზაცია, აღჭურვილობის შესყიდვა, წვრთნისა და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება, მისი სანდოობა ნატოელ პარტნიორებთან წვრთნასა და ჩართულობაში, - ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს განსხვავებულ იმიჯს და ნატოსთან ურთიერთობის განსხვავებულ ხედვას. როდის მიაღწევს ეს ისეთ სიმაღლეს, რასაც ჰქვია კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ აშშ ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, თუმცა, როდის მიიღწევა კონსენსუსი ყველა წევრს შორის, ვერ გეტყვით. ეს საკითხი რჩება აშშ-სა და ალიანსში საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტად.
რადიო თავისუფლება: გავაგრძელებ თემას: ეს დროში განუსაზღვრელი პერსპექტივა ქმნის ერთგვარ საფუძველს სპეკულაციებისთვის და მსჯელობისთვის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს პარალელური პროცესი გაწევრიანებამდე, რაც საქართველოს უსაფრთხოებას უფრო განამტკიცებდა, უფრო დაცულს გახდიდა მას რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში. ამის თაობაზე ბევრი მოგვისმენია: აშშ-ის მეტად ჩართულობაზე, საქართველოსა და უკრაინის ინტერესების გაერთიანებასა და აშშ-სთან ერთად მოქმედებაზე. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია, მაგრამ მაინც, საზოგადოებები არასაკმარისად დაცულად გრძნობენ თავს. ეს ფაქტია. ოკუპაცია მხოლოდ სტატუს კვო არ არის, ეს სამწუხაროდ პროგრესირებადი პროცესია. განიხილება, თუ არა რაიმე დამატებითი პროცესის შექმნა, ვიდრე საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვიდრე უკრაინა გახდება ნატოს წევრი? იხილება, თუ არა აშშ-ის მთავრობაში რაიმე სახის პარალელური პროცესი, რომელიც საქართველოს უფრო დაცულს გახდიდა?
როს უილსონი: ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოებას ზრდის ყველაფერი ის, რაც ახლა ჩამოვთვალე: საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება ქვეყნის დასაცავად, წვრთნისა და პროფესიონალიზმის გაუმჯობესება, საბრძოლო აღჭურვილობის გაუმჯობესება, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებენ. ეს აგრეთვე მოიცავს აშშ-ის ჩართულობისა და საქართველოში ყოფნის გაზრდას, შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ავღანეთში ოპერირებისთვის, ამ ყველაფერში ნატოს წევრების მონაწილეობის გაზრდას. აშშ-სა და ნატოში სულ მიმდინარეობს დისკუსია საქართველოსთან მეტი ჩართულობის, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდად უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხოების არსებითად გაძლიერებას, რაც არის ამ ყველაფრის მიზანი.
რადიო თავისუფლება: უფრო პირდაპირი ვიქნები და გკითხავთ - განიხილება, თუ არა რაიმე სახის კოალიციის შექმნა ნატოში საქართველოს გაწევრიანებამდე?
როს უილსონი: არა.
რადიო თავისუფლება: იმისათვის, რომ რუსეთის მორიგი შესაძლო აქტიური აგრესიის შემთხვევაში საქართველო არ აღმოჩნდეს მარტო - ამაზეა ლაპარაკი და მსჯელობა.
როს უილსონი: არ მიმდინარეობს ამაზე ლაპარაკი, ანუ რაიმე ნატოს მსგავს კოალიციაზე, რომელიც ალიანსის მსგავს ვალდებულებებს იკისრებდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. უდავოა, რომ აშშ-სა და დასავლეთში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის აგრესიის პრობლემას, რასაც დღეს ყველაზე დრამატული სახე უკრაინაში აქვს და იმაზე, ფიქრს, რა შეიძლება გაკეთდეს? ამგვარი მსჯელობისას საქართველო სრულად არის კონტექსტის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ პრობლემაა აქაც. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველანი ვაცნობიერებთ რუსეთის აგრესიას და უფრო ეფექტიანი მოქმედების საჭიროებას მის შესაკავებლად, მოსაგერიებლად და იმისათვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს მეტი თავისი ქმედებებისთვის, რომლებიც ყველასთვის მიუღებელია.
რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება რუსეთმა გადაიხადოს მეტი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობისთვის?
როს უილსონი: ვფიქრობ, ეს არის სპეციფიკური მსჯელობის თემა ევროკავშირთან. მომდევნო დღეებში შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს მათ საქმიანობაზე სამსჯელოდ, რას ხედავენ ხაზის გასწვრივ, საკუთრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აგრეთვე იმის განსახილველად რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ აშშ-მა და ევროკავშირმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებისთვის. [მერე გაურკვეველი ფრაზაა].
რადიო თავისუფლება: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კომუნიკაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მთავრობას ოპონენტები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ არის საკმარისად აქტიური ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფაში, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო დონეზე და არასაკმარისად ეფექტიანია ეს კომუნიკაცია ქვეყნის შიგნით თავის მოსახლეობასთან. როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მუშაობას ამ კუთხით?
როს უილსონი: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საოცრად აქტიურია იმ თვეების განმავლობაში, რაც მე აქ ვარ და მანამდეც ასე იყო, რასაც მე გარედან ვაკვირდებოდი - ევროკავშირთან მუშაობის კუთხით, ევროკავშირის ლიდერებთან მუშაობის კუთხით, რომ მათ უფრო სერიოზულად აღიქვან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებისა და საბოლოო ინტეგრაციის ინტერესი. არის ვიზიტებისა და შეხვედრების მთელი წყება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალგვარი პროგრამები. ძალიან სერიოზული მონდომებაა და რთულია იმის თქმა, როგორ უნდა იყოს მთავრობა უფრო ენერგიული. სხვა საკითხია შედეგები, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს დამოკიდებულია ევროპის მხარეზე და მის პასუხებზე. კომუნიკაცია საქართველოს საზოგადოებასთან, კიდევ სხვა საკითხია. მთავრობებს ყოველთვის შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენ სხვებთან ერთად ვახორციელებთ პროგრამებს პრემიერ-მინისტრის ოფისისა და მას დაქვემდებარებული უწყებების დასახმარებლად და მათი სტრატეგიული კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად, მათი გზავნილების გასაუმჯობესებლად იმგვარად, რომ მათ არა მხოლოდ დაგეგმონ ესა თუ ის პოლიტიკა, რაც თავისთავად რთული ამოცანაა, არამედ გამონახონ უფრო ეფექტიანი გზები მათ მისატანად ფართო აუდიტორიასთან - იქნება ეს ადგილზე, ევროპაში, თუ სადმე სხვაგან. იმედი მაქვს, შევძლებთ ცვლილებას. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ჰყავს სერიოზული ხალხი გარშემო, ისევე როგორც სხვა უწყებებს, რომლებთანაც ჩვენ და ევროკავშირის მთავრობები ვთანამშრომლობთ.
რადიო თავისუფლება: ახლახან გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად“ რჩება. რა აკლია ამ ქვეყანას იმისთვის, რომ თავისუფალი ქვეყნების რიგში ჩადგეს?
როს უილსონი: „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში შეიძლება ნახვა, კონკრეტულად რა გამოავლინეს. მე გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი: საქართველოს მისწრაფებები და მისი პროგრესი დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში არის აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის უმთავრესი საფუძველი. როგორც აღვნიშნე, საქართველო არის მოწინავე ამ რეგიონში ორივე თვალსაზრისით - როგორც ამბიციებით, ისე პროგრესით. რასაკვირველია, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც დაკვირვებას მოითხოვს. ჩვენ ვილაპარაკეთ საარჩევნო რეფორმაზე და ნაბიჯებზე, რომლებსაც აშშ და სხვებიც ელოდებიან იმისათვის, რომ უკეთესად ტარდებოდეს არჩევნები. ვილაპარაკეთ აგრეთვე სასამართლო რეფორმაზე. აშშ იყო ძლიერი მხარდამჭერი სასამართლო რეფორმის სამი ტალღის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სასამართლოს და პროკურატურის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. იხილება ე.წ. მეოთხე ტალღა. ეს პროცესი ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ვისურვებდით. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება და ის, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. არის მრავალი საკითხი, რომელიც გამოყოფილია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, სხვა ანგარიშებში. დღის წესრიგი საკმაოდ ნათელია და საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ ამით.