“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს. მას მიაჩნია, რომ კონკურსი დებულების დარღვევით ჩატარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის შემოღება ის სიახლეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია მოითხოვდნენ. ერთი შეხედვით, მოთხოვნა შესრულდა: შეიქმნა კომისია, გამოცხადდა კონკურსი, კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურშიც და მათგან ორი წარედგინა ჯერ პრემიერს, შემდეგ კი დასამტკიცებლად გადაეცა პარლამენტს.
მაშ, რა პრობლემაა?
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის განაცხადი შეიტანა 48 კანდიდატმა.
საკონკურსო კომისიამ პირველივე ეტაპზე შეამოწმა კანდიდატების შესაბამისობა კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და დაადგინა, რომ მოთხოვნებს მხოლოდ 7 კანდიდატი აკმაყოფილებდა. კომისიამ იმავე დღეს საუკეთესო ორი პრემიერ-მინისტრს წარუდგინა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე თავად იყო კომისიის წევრი და ამბობს, რომ სტანდარტი სამოტივაციო წერილის მოთხოვნების განხილვის ეტაპზე დაირღვა.
“კომისიის დებულებაში ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ”,- ამბობს სულხან სალაძე. მისი თქმით, 48 კანდიდატიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა გაცემული პასუხი ამ კითხვებზე.
სულხან სალაძის თქმით, გასაუბრების დროს არაერთხელ სთხოვა კომისიის წევრებს, რომ დაეცვათ დებულება, თუმცა ამას კომისიამ ყურადღება არ მიაქცია. საიას ხელმძღვანელმა სამუშაო პროცესი ბოლო ეტაპზე პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვინ არიან კანდიდატები
- ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. 2010 წლიდან საქართველოს პროკურატურაში კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას. 2016-2018 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში იყო საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სწორედ იგია ის ერთადერთი კანდიდატი, ვინც სამოტივაციო წერილი სტანდარტების დაცვით დაწერა.
- ვალერი ლომუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. ის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2016 წელს დააფუძნა ასოციაცია “ადამიანები ადამიანებისთვის”. სულხან სალაძის მტკიცებით, არასრულყოფილი სამოტივაციო წერილის გამო კონკურსში მონაწილეობის სტანდარტები დარღვეული აქვს.
რისთვის იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის მიზანია გააკონტროლოს
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება,
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის დროს მოპოვებული მონაცემების შენახვა-დამუშავება;
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ან მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
გამოძიება უნდა სწავლობდეს წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეებს. ინსპექტორის ხელფასი 8500 ლარამდეა გათვალისწინებული.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ამბობს, რომ საქართველოს ძალის გადამეტებისა და ეფექტიანი გამოძიების პრობლემა აქვს, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაც იყო, რომ ასეთი სამსახური შექმნილიყო ქვეყანაში. მაგრამ სოფო ვერძეული ხელისუფლების მხრიდან საკმარის დაინტერესებას მაინც ვერ ხედავს.
“ჩანს, რომ კონკურსში არ იყო მაღალი კონკურენცია და, სამწუხაროდ, საუკეთესო კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებაც არ არსებობდა. ორივე დასახელებულ კანდიდატს აქვს სამართალდამცველ უწყებაში მუშაობის გამოცდილება და ბოლო წლების პროფესიული საქმიანობა შსს-ს უკავშირდება. ვფიქრობ, აჯობებდა პირველ წლებში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის გასაჩენად ის ადამიანები ყოფილიყვნენ კანდიდატებში, რომლებიც შსს-ს საქმიანობაში არ იქნებოდნენ ჩართული”, - ამბობს სოფო ვერძეული რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
არასამთავრობო სექტორი ხშირად აღნიშნავდა, რომ ეს უწყება მნიშვნელოვანია სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ნდობის ასამაღლებლად. მართალია, პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ, ბოლომდე კიდევ არ არის დაზუსტებული, როდის ამუშავდება ახალი მექანიზმი.