ინალ არძინბა მოსკოვში: დიდი სკანდალი „დიდი თამაშის“ გამო

ინალ არძინბა „დიდი თამაშის“ ეთერში.

რუსეთში, პირველ არხზე გასულ გადაცემას „დიდი თამაში“ აფხაზეთში ხმაური მოჰყვა. გადაცემაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მონაწილეობდა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „მეორე ფრონტი“ გახსნას.

„ჩვენ პროვოკაციულ, დესტრუქციულ ქმედებებს ველით [ამერიკის შეერთებული] შტატებისგან. ამ კუთხით ძალიან ყურადღებით ვიქნებით“, - თქვა მან, რასაც რუსი ჟურნალისტის კითხვა მოყვა:

- ელით თუ უკვე ხდება რამე?

-იცით, რაღაც ნიშნები არის. აშშ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბებას ცდილობს. პირველ ეტაპზე „რბილ ძალასთან“ მუშაობას აპირებენ. ეს ჩვენთვის ნიშანია და ყურადღებით ვაკვირდებით. არ დავუშვებთ, რისკები მუქარად იქცეს, მუქარა - ომად.

-ეს არაკომერციული ორგანიზაციები - რამდენად აქტიურები არიან აფხაზეთში და რამდენად აკონტროლებს მათ კოლექტიური დასავლეთი ან საქართველო?

-საკმაოდ აქტიურები, ახლა ჰუმანიტარული დახმარების ეტაპზე არიან, ისე როგორც ეს უკრაინაში იყო. იქაც პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებს კეთილდღეობის ხატის შესაქმნელად იყენებდნენ, კონტაქტების გასაფართოებლად, ბლოგერების, ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების მოსაზიდად. შემდეგ მუშაობა რადიკალურ აქციებში გადაიზრდებოდა ხოლმე. ეს ხდებოდა უკრაინაში, ამას ვუყურებდით კიევში. ამიტომ არ გვსურს კონტაქტების გაფართოება. არ გვინდა საქმე რადიკალურ ქმედებებამდე მივიდეს. ახლა საწყის ეტაპზე ვართ, როგორც ამას აშშ მიიჩნევს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყება, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ რეგიონში რადიკალიზმი არ დაუშვას.

ამ ინტერვიუს შემდეგ აფხაზეთში ხალხი განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ პირველმა არხმა მინისტრთან საუბრის პარალელურად ოპოზიციის მიტინგის კადრები აჩვენა.

აი, როგორ გამოეხმაურა ამ ამბებს, საზოგადოებრივი პალატის წევრი ასტამურ ლოგუა: „დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში არანაირი ანტირუსული განწყობა არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ლამის უწმინდურებად გამოიყვანეს“.

იყო ასეთი კომენტარებიც:

„რას აკეთებენ არასამთავრობოები დესტრუქციულს? იმას, რომ ერთმა ორგანიზაციამ სოფლის სკოლაში ტუალეტი ააშენა, მას შემდეგ, რაც ამ ტუალეტის კედელი მოსწავლეს ჩამოემხო თავზე? თუ ის არის დანაშაული, რომ ლონდონში სტუდენტები სწავლობენ არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც აფხაზეთის წარმომადგენლები? თუ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სოფლის მეურნეობისთვის გრანტებს გასცემენ?“

„ასეთი სამარცხვინო საქციელისა და შეურაცხყოფის შემდეგ მინისტრი უნდა გადადგეს“.

განხილვისას ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის მილანა ცვიჟბას კომენტარი გამოაქვეყნა:

„მინისტრის გამოსვლაში ერთი სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი ჩვენს თანამოქალაქეებზე, დესტრუქციული ქმედებების კონტექსტში. საუბარი იყო და ყოველთვის არის უცხოეთის მოქალაქეებზე, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობენ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლები არიან... მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა არ არის, რითაც უარყო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვები. მან ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი“...

მაგრამ ამ ოპერატიულმა რეაქციამ ბევრი ვერ დაარწმუნა. ეკონომისტი ახრა არისტავა წერს: „არ ვიცი, ვისზეა გათვლილი ეს „საფრთხობელა“, რომ აშშ აფხაზეთში არასამთავრობოების მეშვეობით მოქმედებს. უკრაინასთან შედარება და ასე შემდეგ პროგნოზები, რომლებიც არაფრით არა არის გამყარებული... იმაზე საუბარი, რომ აქ ვიღაცა რაღაცის მოწყობას ცდილობს, - საკუთარი ხალხისა და რეალობის სრული უცოდინარობაა“.

კიდევ ერთმა კი დაწერა: „რა სასაცილოდ ცდილობენ თავის დაძვრენას! თურმე მინისტრი ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, არაფერს ამბობს, უცხოელები ჰყავს მხედველობაში, პირველ ეტაპზე კეთილდღეობის ხატის შესაქმნელად რომ იყენებენ.

მერე რა, რომ ეს პირველი ეტაპი უკვე 30 წელია გრძელდება. მაგრამ თუ დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში რევოლუციის მოწყობის იმედი აქვთ, ესე იგი ადგილობრივ „მესამე სექტორშიც“ ნახულობენ საყრდენს. ანუ ადგილობრივ არასამთავრობოებშიც არის საეჭვო ხალხი, ასე არ გამოდის? და მინისტრის ლოგიკით, მათ რომ სძინავთ, ესიზმრებათ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია“.

იმ ღამეს, როდესაც „აბაზა ტვ“-მ „დიდი თამაში“ თავის ეთერში აჩვენა, გადაცემას მიაყოლა სტუდია „პანორამას“ ფილმი: „არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთში. ვინ არიან ისინი?“.

ამ ფილმში ნახევარ საათზე მეტხანს განიხილებოდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა აფხაზეთში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისაც, რომლებიც აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეები იყვნენ. მოვიყვან აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჯერად პრეზიდენტის მრჩევლის მაქსიმ ღვინჯილიას სიტყვებს ფილმიდან:

„როდესაც უზარმაზარ, გადაუჭრელ პრობლემებს ვეჯახებოდით, ჩვენთან, აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები იწყებდნენ მოქმედებას. გაიხსენეთ, როგორ დაეხმარა მარტოხელა მოხუცებს წითელი ჯვარი. მათ გარეშე ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ, არავინ დააპურებდა. ან ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“, რომელიც განაღმვაზე მუშაობდა. კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს, მათ გარეშე ქვეყანას ნაღმებისგან ვერ გავწმენდდით. მაშინ რომ დაგვეწყო ლაპარაკი, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება, ეგენი ვინ არიან... ახლა სად ვიქნებოდით?!“

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.