იმუნიზაციის ცენტრში წითელაზე აცრა დღეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

36 წლის გიორგი პრევენციის და იმუნიზაციის ცენტრში 22 იანვარს 13:52 წუთზე მივიდა წითელაზე აცრის გასაკეთებლად, მაგრამ აცრა ვერ გაიკეთა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ კლინიკაში აცრები მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში - 12 საათიდან 14 საათამდე კეთდება.

გიორგის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ნინოც, რომელიც სამსახურთან ახლოს მდებარე იმუნიზაციის ცენტრს შესვენებაზე გამოსულმა მიაკითხა, მაგრამ უშედეგოდ. აქ უთხრეს, რომ აცრას მხოლოდ ცოცხალ რიგში ჩადგომის შემთხვევაში გაიკეთებდა, არასამუშაო დღეებში კი, წითელას აცრა არ კეთდება.

​იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ქასაშვილი ამბობს, რომ მათი კლინიკა კერძო, პატარა კლინიკაა, რომელსაც ვიწრო პროფილი აქვს და ძირითად გადაუდებელი საჭიროებისას იმუნიზაციასა და ანტიტეტანური აცრების გაკეთებაზეა ორიენტირებული, წითელას აცრა ეპიდემიის გამო დაამატეს და ვინაიდან მომხმარებელთა დიდი ოდენობა მივიდა პირველ დღეებში, იძულებული გახდნენ, სხვა სერვისების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდების გამო, წითელას აცრისთვის კონკრეტული საათები გამოეყოთ.

“პირველ დღეებში სამ რიგად იდგა დერეფანში ხალხი, ერთმანეთს აბიჯებდნენ. ჩვენთან მოდიან აცრებისთვის როგორც გადაუდებელი საჭიროებისას (ცოფსა და ტეტანუსზე), ასევე საზღვარგარეთ წამსვლელები. მაგალითად, ახლა ბევრი მოდის, ვინც ავღანეთში აპირებს წასვლას და სავალდებულო აცრები უნდა გაიკეთოს და მათაც ხომ შეუფერხებლად უნდა მოვმსახურებოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ კონკრეტული საათების გამოყოფა წითელაზე აცრებისთვის.”

ასევე ნახეთ წითელა - მოკლედ ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

​ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კერძო კლინიკების საქმიანობაში ვერ ჩაერევიან,სახელმწიფო კლინიკები კი მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუფერხებლად სთავაზობს წითელაზე აცრას უფასოდ.

პრევენციისა და იმუნიზაციის ცენტრს კი 12 საათიდან 2 საათამდე გამოყოფილ შუალედში დღეში დაახლოებით 25 ადამიანის აცრა შეუძლია.

ასევე ნახეთ აკონტროლეთ აცრები მობილური აპლიკაციით - წითელას არეალი გაფართოვდა

[რესპონდენტთა თხოვნით, მათი სახელები შეცვლილია]