17 მაისის საღამოს პარტიზანმა მებაღემ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ "სრულიად წარმოუდგენელი და მძიმე გარემოებების გამო" მოუწია ევროპაში გავარდნა და რომ ვერ იტყოდა წასვლის მიზეზს და ქვეყანას, სადაც გაიხიზნა. იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ათობით ადამიანს იბარებდა გამოსაკითხად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის საქმეზე - ნატა ერთი მათგანი იყო, ვისი გამოკითხვაც გამოძიებას უნდოდა.
21 მაისს, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატა კვლავ არ ამხელს, რომელ ქვეყანაში იმყოფება, თუმცა ჰყვება რატომ მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება და რა საფრთხეების ეშინოდა საქართველოში დარჩენის შემთხვევაში. მან ჯერაც არ იცის, ითხოვს თუ არა დევნილის სტატუსს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოში არ დაბრუნდება.