აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში დაიწყო აქტიური სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით.
Your browser doesn’t support HTML5
იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შარშან აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობა ყველაზე მეტად დააზარალა, პირველ ეტაპზე ხდება ტყისპირა ზოლებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების შეწამვლა. ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს შვიდი ერთეული სპეციალური ტექნიკა, მაღალი გამავლობის ავტომობილები გადასცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. თერმული ნისლით დამუშავდება ყანები, სადაც შესაძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებნი ამბობენ, რომ შარშან მარცვლეული კულტურა მავნებელმა, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა. აზიურმა ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხონელების შემოსავლის ძირითად წყაროს - თხილის მოსავალს.
ხონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევენ და სიმინდის, ხილისა და თხილის გაყიდვით ირჩენენ თავს, ამბობენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ აუცილებელია ფერმერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედება. რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, შარშან შემოდგომაზე დაურიგეს სპეციალური ხსნარი და მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმირებულნი არიან მავნებლის ფიზიკური განადგურების აუცილებლობის შესახებაც. ხონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ნაწილს იმედი აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყისპირების შეწამვლა აზიური ფაროსანას გავრცელებას შეაფერხებს, ნაწილი კი ამბობს, რომ შხამქიმიკატების მოხმარების ეშინია, რადგან მისი გამოყენების წესი არ იცის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის, განცხადებით, წელს, გასულ წლებთან შედარებით, მასშტაბური სამუშაოებია დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, რაც სოფლის მეურნეობაში ზარალს შეამცირებს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის, ინფორმაციით, თერმული ნისლით ტერიტორიის დამუშავების დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას გააფრთხილებენ, რომ სასურველია დახურონ სახლის კარ-ფანჯარა და სკებიდან ფუტკარი არ გაუშვან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ფერემონიანი საჭერების განთავსების შემდეგ გამოვლინდა, რომ აზიური ფაროსანა იმერეთის რეგიონში მასობრივად გავრცელდა სამტრედიის, შედარებით ნაკლებად კი ხონის, ვანის, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. სააგენტოს განმარტებით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია კომპლექსური და კომბინირებული მუშაობა სახელმწიფო სამსახურებისა და მოსახლეობის მხრიდან.