ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში, 10 აპრილის საღამოს მონაცემებით, კოვიდ-19-ის დიაგნოზით 13 პაციენტს მკურნალობენ. მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. ცენტრის პაციენტებს შორისაა თერჯოლის ცხელების ცენტრიდან გადაყვანილი ქალიც. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის, ინფორმაციით, ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია:
„პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა. დამატებით ჩაუტარდება კვლევები. ქალი გვიან ღამით შემოიყვანეს კლინიკაში“.
შუახნის ქალი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი დაინფიცირება მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის, ინფორმაციით, ქალის კონტაქტების იდენტიფიცირებისთვის სოფელში შესაბამისი სამსახური მუშაობს. ადგილზე უკვე ჩავიდნენ ეპიდემიოლოგები. კარანტინში გადაიყვანეს 4 ადამიანი, 18 თვითიზოლაციაშია. ჯანელიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკონტროლო პუნქტების განთავსება არ იგეგმება:
„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის უწყებებთან და ამ ეტაპზე არ განიხილება პუნქტის განთავსების საკითხი“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის, ინფორმაციით, დღეიდან თვითიზოლაციაშია სოფელ საზანოში მცხოვრები 12 ოჯახიც - ჯამში, 48 ადამიანი. მათ თვითიზოლაციის წესების დაცვა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ კაცს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ეს მამაკაცი ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და 8 აპრილს კორონავირუსი მისი ოჯახის ორ წევრს დაუდასტურდა. საზანოელი არჩილ გიორგაძე ამბობს, რომ მამაკაცი სოფელში მარტის ბოლოს იმყოფებოდა და ახლო კონტაქტი ბევრ ოჯახთან არ ჰქონია. არჩილ გიორგაძის თქმით, საზანოს თემში 1 200- ზე მეტი მცხოვრებია. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა ცდილობს უსაფრთხოების წესები დაიცვას და ახლო კონტაქტებს ერიდებიან.
„ხშირი დასახლება არ არის ჩვენთან და, ამასთან, მოსახლეობა ერიდება ერთმანეთთან კონტაქტს და ფრთხილად არიან“.
ამ დროისთვის იმერეთის მხარეში თვითიზოლაციაშია 100-მდე ადამიანი და კარანტინშია 480. მესამე დღეა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლი გამკაცრდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ამოწმებენ მოქალაქეებს ვანის მუნიციპალიტეტში. ვანში 8 აპრილს კოვიდ-19 დაუდასტურდა შუახნის ქალს, მოგვიანებით კი - მის ქმარსა და სიძეს. როგორც ვანში მცხოვრები ნინო ქარციძე ამბობს, მოსახლეობა შეშინებულია და ცდილობს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონდეს. ნინო თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მიიჩნევს, რომ ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს:
„ზოგი პანიკაშია, შიში აქვთ, თუმცა მე მთავარ პრობლემად მიმაჩნია ადამიანების ტესტირება. მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა არაფერს ცვლის. უსაფრთხოდ როგორ ვიგრძნო თავი, როცა ტესტირება არ უტარდებათ ადამიანებს?“
ასევე ნახეთ როგორ ცხოვრობენ ქუთაისში კარანტინის მეორე დღესმოსახლეობის ტესტირების საჭიროებაზე ლაპარაკობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების დიხაშხოს, ისრითისა და ციხისუბნის ამბულატორიის ექიმი, ნატო დვალიც. ექიმის განცხადებით, სოფლებში 2 ათასამდე მოსახლე ცხოვრობს და ბოლო დროს ამბულატორიაში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნატო დვალის თქმით, ინფიცირებულთა დროული გამოვლენისთვის აუცილებელია ადგილობრივ ამბულატორიებს დაურიგდეთ ე.წ. სწრაფი ტესტები, რადგან მაღალი სიცხე ყოველდღიურად რამდენიმე პაციენტს უფიქსირდება. ნატო დვალი ამბობს, რომ ჯერჯერობით კორონავირუსზე კვლევა არც ამბულატორიის ექიმებს ჩატარებიათ.
„ყველა ექიმს და ექთანს კვირაში ერთხელ მაინც უნდა უტარდებოდეს სწრაფი ტესტირება, რომ გავიგოთ, თავად ხომ არ ვართ გამავრცელებლები. გუშინ მთელი სოფელი მოვიარეთ და ვიპოვეთ 3-4 სიცხიანი ადამიანი. სხვა სიმპტომებიც თუ აღმოაჩნდებათ, ხომ უნდა გვქონდეს ტესტი, რომ გავუკეთოთ და გვექნება პასუხიც“.
ამბულატორიის ექიმი, ნატო დვალი, ამბობს, რომ სოფლებში მცხოვრები ადამიანები პირბადეებსა და ხელთათმანებს არ ატარებენ. ექიმის დაკვირვებით, მოსახლეობა წესებს იცავს მაღაზიებსა და აფთიაქებში და დისტანციის დაცვას ცდილობს, თუმცა ზოგიერთ ადგილზე მაინც შეინიშნება რამდენიმე ადამიანის თავშეყრა. სოფლად მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანები ძელსკამებზე საკუთარ ეზოებთან იკრიბებიან.