ილუსტრაციები წინაპრების სულებით

ფოტო: ვახო ქარელი, მონტაჟი: დავით სიმონია

საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, სოციალურ ქსელებში, აქციებზე გადაღებულ ფოტოებთან ერთად ვრცელდება მათი გრაფიკულად დამუშავებული ვერსიებიც. სურათებზე აქციის მონაწილეებს ისტორიული პერსონაჟები მფარველობენ. რადიო თავისუფლება ამ სერიის ავტორს, გრაფიკულ დიზაინერსა და ილუსტრატორს დავით სიმონიას ესაუბრა.

დავით სიმონია

- როგორ დაიწყეთ ეს სერია - აქციის მონაწილეები ისტორიული ფიგურების გარემოცვაში?

- პირველ ილუსტრაციაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი და მიხა ხელაშვილი არიან გამოსახულები. ერთ-ერთი დარბევისას ვნახე ეს ფოტო. ერთი გოგო მეორეს ამაგრებს, წყლის ჭავლმა რომ არ წააქციოს. განვიცადე რაც ფოტოზე ხდებოდა, რაც საერთოდ ხდება ამ აქციებზე და ჩემი მხარდაჭერა ასე გამოვხატე. ეს სრულიად დაუგეგმავად მოხდა, თან უმრავლესობას საერთოდ არ ახსოვს, თუ რისთვის დაიღუპნენ ის ადამიანები, რომელთა სახელებიც ქუჩებს ჰქვიათ და პატივს მივაგებთ.

ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი, მონტაჟო: დავით სიმონია

- რატომ თვლით ასე?

- მე მქონდა სერია „ქართული ხასიათების პანთეონი“. სწორედ მაშინ, ხალხთან საუბრისას, კომენტარებისას გამოიკვეთა ეს ტენდენცია. ძალიან ბევრი ეროვნული გმირის ბრძოლა ან გაყალბებულია, ან აქცენტები ისე არის დასმული, რომ მთავარი, რის გამოც ისინი იბრძოდნენ, არ ჩანს. ამიტომ გადავწყვიტე, ამ ფოტოებში ის ადამიანები ჩამესვა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას უკავშირდებიან. ქაქუჩა ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი და მიხა ხელაშვილი ჩემთვის ამ ბრძოლის სიმბოლოები არიან.

ფოტო: გიორგი ყურაშვილი, მონტაჟი: დავით სიმონია

- თუმცა, ამ ილუსტრაციებში არის ჟიული შარტავაც?

- გმირთა მოედანზე ერთ-ერთი აქციისას ჟიული შარტავას ბიუსტის გვერდით აღმოვჩნდი. აქციებზე რომ დავდივარ, ვცდილობ, ყველაფერი მხატვრულად გადავამუშაო. ბევრი რამ ვიცი მასზე და ერთ-ერთი, რაც მხიბლავდა, არის ის, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, ჟიული შარტავა ახალგაზრდებზე იყო ორიენტირებული.

ფოტო: დავით ქორიძე, მონტაჟი: დავით სიმონია

- ასევე არის მარიამ დედოფალი, დავით აღმაშენებლის მამიდა უფრო შორი წარსულიდან.

- მარიამ-მართა დედოფალი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფიგურაა ისტორიიდან, ვფიქრობ, უსამართლოდაა დავიწყებული. ისეთი ცნობილი არ არის, როგორც დავით აღმაშენებელი ან თამარ მეფე. არადა, ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ოქროს ხანის დასავლური სარგებელი, რომელიც მაშინ ბიზანტიაში იყო აკუმულირებული, საქართველოსთვის გამოეყენებინა. აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მისი რჩევით ჩაატარა. ერთადერთი ქალი იყო, ვინც ამ კრებას ესწრებოდა. აღმაშენებელმა და მისმა მამიდამ გადაწყვიტეს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაეგზავნათ დასავლეთში და იქ მიეღოთ განათლება.

ფოტო: მინდია გაბაძე, მონტაჟი: დავით სიმონია

- თუმცა, ილუსტრაციებში ისტორიული ფიგურების გარდა ალგეთის ლეკვებიც ჩანან.

- ეს უსაყვარლესი ბავშვი იყო. მისი ფოტო ყველგან იდებოდა. მინდა, ფოლკლორს, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალების მიერ არის ოკუპირებული, ახალგაზრდებმა სხვანაირად შეხედონ, რასაც აკეთებენ კიდეც. სხვათა შორის, თამარ მეფე რომ დავხატე, ულტრამემარჯვენეებმა ძალიან გამაკრიტიკეს, თამარის ჩახატვა როგორ გაბედე ამ ბავშვებთანო. თითქოს თამარი მათი საკუთრებაა და სხვამ არ შეიძლება მისით იამაყოს.

ფოტო: გიორგი ყურაშვილი, მონტაჟი: დავით სიმონია

- კიდევ ვინ შეიძლება გამოჩნდეს თქვენს სერიაში?

- ეს სერია დაუგეგმავად კეთდება. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე ფოტოს აქვს პერსონაჟის ჩამონტაჟების შესაძლებლობა, მაშინ ვაკეთებ.

ფოტო: ვახო ქარელი, მონტაჟი: დავით სიმონია

- თუმცა, გარე დამკვირვებელმა შეიძლება ვიღაცები მოისაკლისოს, მაგალითად, 9 აპრილის გმირები.

- ძალიან მინდოდა ეკა ბეჟანიშვილის ჩამონტაჟება, 9 აპრილის ყველაზე პატარა მსხვერპლის. ადრეც მყავს დახატული, მაგრამ არ მსურდა ვინმე დამეზაფრა. აღდგომის ღამეს სანთლებს რომ ანთებდნენ ბავშვები, ბევრს გაუჩნდა ასოციაცია 9 აპრილთან, ასევე შიშიც, იგივე არ განმეორდესო. მინდა ამ გოგოს დახატვა, ოღონდ ისეთ დროს და ისე გავაკეთებ, რომ არავინ დაიზაფროს.

ვინც ახლა ამ აქციებზე დგას, ხვდება, როგორი ჯანსაღი პროცესები მიდის. არ შეიძლება, ეს ბავშვები უსახურ სისტემას მხარდაჭერის გარეშე შევატოვოთ.

ფოტო: ვახო ქარელი, მონტაჟი: დავით სიმონია