განცხადების თანახმად, პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა მშობლებს, - ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, - ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწერს: „დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“.
„ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად. მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია“, - წერია სამძიმრის ტექსტში.
სამძიმარი თავდაპირველად, 6 იანვარს, ღამის პირველი საათისთვის გამოაქვეყნა ფეისბუკგვერდმა „საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳“, ხოლო ორშაბათ დილას - „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის“ გვერდმა.
5 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ასევე ნახეთ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ოკუპირებულ გალში