ილია II: ახალი ვირუსი გამოჩნდა. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

„გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა "სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი“, - თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავიანთ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს ჩვენ. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა "სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ თქვენ კარ-მიდამოს ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“, - განაცხადა ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ.

1 თებერვლის მონაცემებით ჩინეთში უკვე 259-ს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ. აღრიცხულია დაავადების 12 ათასამდე შემთხვევა. როგორც იტყობინებიან, 118 ათასზე მეტ ადამიანს უტარდება სამედიცინო გამოკვლევა.

ამჟამად ჩინეთის გარდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები აღრიცხულია იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, საფრანგეთში, ვიეტნამსა და კანადაში.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.