ივანიშვილის მაგიური რეალიზმი და ალქიმია

ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა! აქამდე არასოდეს ყოფილა ისე, რომ მმართველ პარტიას პრეზიდენტობის კანდიდატი არა ჰყოლოდა. აქამდე არც პრეზიდენტობის კანდიდატებს გაუციათ ისეთი დაპირება, რომელიც ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერში არგია!

რას მიიღებს ამომრჩეველი, თუკი უმრავლესობის მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს?

ცხადია, მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ მისამართს, რომელიც ახლა „აბდუშელიშვილის N1“-ია, მაგრამ 28 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება და გახდება „ათონელის N25“.

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ცხადია, „ხვდება“, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების აუცილებელი პირობა სწორედ ესაა, მისამართის ცვლილება... აუცილებელი და, შესაძლოა, საკმარისიც კი, რადგანაც სრულადაა მორგებული ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომელიც ლამის ყველაფრის განმსაზღვრელია საქართველოში 2012 წლიდან დღემდე.

მაგრამ რა მოხდება, თუკი არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს?

ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩება ძველ მისამართზე - აბდუშელიშვილის N1-ში.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აბდუშელიშვილის N1-სა და ათონელის N25-ში მდებარე შენობები ებრძვიან ერთმანეთს და არა პრეზიდენტობის კანდიდატები, თითქოს ამ ორ მისამართზე მდებარე შენობებს შორის უნდა გააკეთოს ხალხმა არჩევანი. არის ამგვარ დაპირისპირებაში რაღაც ღრმად ბორხესისეული. „შეხვედრა“ - ასეთი სათაური აქვს არგენტინელი მწერლის ერთ-ერთ მოთხრობას, რომლის პერსონაჟები დანებით შეებმებიან ერთმანეთს ფინალში, თუმცა მანამდე მშვიდად თამაშობენ პოკერს მეგობრის სახლში. მერე როგორღაც წაკამათდებიან და იქვე მდგარ იარაღის კარადას ეცემიან. ერთი აიღებს გრძელ დაშნას, მეორე - ხისტარიან დანას, გაცვივდებიან გარეთ და დაიწყებენ ჩხუბს. თავიდან არავის ჰგონია, რომ სერიოზულად ჩხუბობენ, მაგრამ ცოტა ხანში შეამჩნევენ, რომ მეტოქეებს სახელოები ნელ-ნელა სისხლით გაუმუქდებათ, რადგანაც დარტყმებს იდაყვებით იგერიებდნენ. ვიღაც იყვირებს, ერთმანეთს კლავენ, გააშველეთო, თუმცა ამასობაში ერთ-ერთს დაშნა მოხვდება მკერდში და ძირს დაეცემა. მკვლელი ნანობს, ყველა გაოგნებულია მომხდარით... მოკლედ, ბოლოს გაირკვევა, რომ მეგობრებს არც არაფერი ჰქონდათ გასაყოფი, უბრალოდ, ეს დანები ინახავდნენ სიძულვილს და ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს და არა ადამიანები.

რაღაც ამდაგვარი ხდება თბილისშიც, ოღონდ, ბიძინა ივანიშვილის „ტექსტში“ დაშნების ნაცვლად შენობები აჩხუბებენ ადამიანებს - სააკაშვილის დროს აშენებული სასახლე ავლაბარში და ივანიშვილის დროს გარემონტებული სახლი ორბელიანის მოედანთან. ისიც ვთქვათ, რომ მსგავსი ჩხუბი ადრეც მომხდარა, როცა ქუთაისში, აბაშიძის N26-ში და თბილისში, რუსთაველის N8-ში მდებარე პარლამენტის შენობებმა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდეს ერთმანეთს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრი დეპუტატები. საქმე ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა თბილისში რუსთაველის N8-ში მდებარე შენობის ქუთაისისთვის გადაცემის შესაძლებლობაც კი განიხილეს.

ამგვარი უცნაური „ტექსტების“ შეთხზვის გარდა, ივანიშვილი ერთგვარი საარჩევნო ალქიმიითაც არის დაკავებული: [„ქართულ ოცნებას“] არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, არ აქვს საარჩევნო პროგრამა და, შესაბამისად, ამომრჩეველსაც არაფერს ჰპირდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, არჩევნებში გამარჯვებას მაინც აპირებს ე.წ. „დამოუკიდებელი კანდიდატის“ მხარდაჭერით. განა, ალქიმიკოსებიც ამაზე არ ოცნებობდნენ? არაფრისგან (ან ყველაფრისგან) ენახათ სარგებელი, მიეღოთ ოქრო!

ცალკე ამბავია, რამდენად დამოუკიდებელია „დამოუკიდებელი კანდიდატი“. იქნებ, მართლა ასე ესმით დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისაც?

მთელ ამ წინასაარჩევნო ამბებს ფონად გასდევს საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუტის უმნიშვნელობაზე, სიმბოლურობასა თუ რუდიმენტულობაზე, თუმცა, ამგვარი „რიტორიკის“ მიუხედავად, მმართველ პარტიას მაინც აქტიური საარჩევნო სამზადისი აქვს გაჩაღებული. ცხადია, არ არსებობს უმნიშვნელო არჩევნები როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის. ვინ იქნება შენი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, ვინ იქნება შენი მეზობელი, იმასაც კი აქვს მნიშვნელობა!

ორიოდე წლის წინ, როცა რადიო თავისუფლების რედაქცია განთავსებული იყო კინოს სახლში, მეზობლად, ერთ-ერთ ქუჩაზე, გადმოსახლდა ერთი პოლიტიკოსი, რომლის უზომოდ სიმპათიური კოკერსპანიელი შესაშური რეგულარობით ნაღმავდა მიმდებარე ტერიტორიას სკორეთი. რაც უფრო თავაწეული გაივლიდი ამ ადგილს, მით მეტი იყო „აფეთქების“ შესაძლებლობა. ალბათ, უმნიშვნელო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ეს პოლიტიკოსი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ხოლო მისი კოკერსპანიელი არც ახლა უჩივის უმადობასა და მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობას. ასე რომ, ამომრჩეველს მიწაზე დაშვების, ძირს დახედვისა და გონივრული არჩევანის გაკეთების დრო უდგას.