ივანიშვილის ინტერესები და ცემენტის ბიზნესი - როგორ აზიანებს ჰაიდელბერგი გარემოს და ადამიანებს

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოგითხრობთ, როგორ აყენებს ზიანს გარემოს და სავარაუდოდ ადამიანების ჯანმრთელობას ქართული ცემენტის მწარმოებელი გიგანტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია. ასევე გაიგებთ, როგორ რეაგირებენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის კანონდარღვევებზე სახელმწიფო უწყებები.

“როცა აფეთქებებია, ფანჯრებს გააქვს ზრიალი”


აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ გარეუბანს ხევსურების უბანი ჰქვია. აქ გასული საუკუნის 70-იან წლებში მთიდან ჩამოსულ ხევსურთა ათეულობით ოჯახი დაასახლეს. Ხევსურები მაშინ მცირემიწიანობას და გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს გამოერიდნენ.

დღეს ხევსურების უბანში, უმეტესად ბლოკით და აგურით ნაშენები ორსართულიანი სახლების ნაწილი დაკეტილია, ნაწილში ისევ ცხოვრობენ.
უბნის განაპირა სახლიდან დაახლოებით 800 მეტრში საქართველოში უდიდესი კირქვის კარიერია. აქაური კირქვით, რომელსაც 60 წელზე მეტია მოიპოვებენ, მზადდება ქვეყანაში წარმოებული ცემენტის დიდი ნაწილი.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ აზიანებს ჰაიდელბერგცემენტი გარემოს და ადამიანებს

კარიერზე უზარმაზარ მთებს ნაწილ-ნაწილ აფეთქებენ და მადანი რკინიგზით და სატვირთო ავტომანქანებით რუსთავსა და სხვა რეგიონებში მიაქვთ. კირქვა ცემენტის წარმოებაში უმთავრესი მინერალია. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქართველოში მილიონობით ტონა კირქვის მოპოვების ლიცენზიას ფლობს.

2022 წლის აპრილში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, ხევსურების უბნიდან შეტყობინება შევიდა. ადგილობრივები ჩიოდნენ - აფეთქებები ჩვენს სახლებს აზიანებს, კარიერიდან წამოსული მტვერი კი ჯანმრთელობასო.

80 წლის ფრიდონ ნაროზაული რადიო თავისუფლებას თავისი სახლის კედლებზე რამდენიმე მეტრის სიგრძის ბზარებს აჩვენებს, “როცა აფეთქებებია, ფანჯრებს გააქვს ზრიალი, ეს ახალი ბზარებია, პარკები შევტენე, რომ ტარაკნები, გველი არ შემოძვრეს სახლში”, - ფრიდონი ამბობს, რომ პირველი ბზარი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა.

კარიერები მისი სახლიდან დაახლოებით 800 მეტრითაა დაშორებული. მეზობლების დახმარებით ახლა ეზოში პატარა ოთახი აიშენა, მალე შიდა სამუშაოებს მორჩება და საცხოვრებლად იქ გადავა. Დაბზარულ სახლში დარჩენის უკვე ეშინია.

ბადრი ნაროზაულმა თავისი სახლის კედლების გამაგრება რკინის სალტეებით სცადა, მაგრამ ბზარების გაჩერება ვერ შეძლო. Ისიც კარიერის სიახლოვეს ცხოვრობს:

“მუშაობა მიდის, აფეთქებები სულ ყოველთვის არის, დაბლა [კარიერის სიღრმეში] რომ ჩავიდნენ, უფრო მეტი დარტყმა აქვს, ტოკავს, სახლი შეზანზარდება, გატოკდები. ბოლოს აფეთქება 4-5 დღის წინ იყო”, ამბობს ბადრი.

Your browser doesn’t support HTML5

დაბზარული სახლები დედოფლისწყაროში

ხევსურების უბანში რადიო თავისუფლებამ კიდევ რამდენიმე დაბზარული სახლი ნახა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ვისაც ფული ჰქონდა, კედლები რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გაამაგრეს.

რა ბედი ეწია აპრილში შეტანილ საჩივარს?


Ხევსურების უბანში გვითხრეს, რომ მათი საჩივრის შემდეგ სახლების შესამოწმებლად არავინ მისულა.

გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ აპრილში შესული შეტყობინების შემდეგ ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯიას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი შეისწავლეს და ექსპლუატაციაში მცირე დარღვევების გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი დარღვევაც და მასალები სამართალდამცავებს გადაუგზავნეს.

მნიშვნელოვანი დარღვევა


აღმოჩნდა, რომ ჰაიდელბერგი კირქვის მოპოვებისას გასცდა ლიცენზიით დადგენილ საზღვრებს და უკანონოდ მოიპოვა 77 ათასი კუბ.მ ნედლეული. ეს დაახლოებით 1000 სარკინიგზო სატვირთო ვაგონის მოცულობის მადანია. გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 141 ათას ლარად შეაფასა, რაც კანონით დიდი ოდენობის ზიანად ითვლება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ინსპექტორებმა მასალები სამართალდამცავებს გადაუგზავნეს. რა რეაგირება მოჰყვა ამ მასალებს? რადიო თავისუფლების შეკითხვებს მთავარ პროკურატურაში არ უპასუხეს.

ჰაიდელბერგის კირქვის კარიერი დედოფლისწყაროში


- “თქვენს მიერ ხსენებულ საქმეზე კომპანიას არ გააჩნია ინფორმაცია. აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანიას არ უწარმოებია მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ”, - ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის ოფისიდან წერილობით მიღებული ამ პასუხის მიუხედავად, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ჰაიდელბერგი კირქვას სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვებდა. ამ დარღვევასთან დაკავშირებული, სულ მცირე, ერთი აქტის შედგენას ჰაიდელბერგის თანამშრომელიც ესწრებოდა.

ფრაგმენტი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის" პასუხიდან

გარემოს დაცვის სამინისტროს მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 9 წლის განმავლობაში 141 ათასი ლარი ყველაზე დიდი თანხაა, რასაც სახელმწიფო ჰაიდელბერგცემენტს ედავება, მანამდე მისთვის გარემოს დაზიანებისთვის მოთხოვნილი თანხები მეტწილად მცირე იყო და 10 ათას ლარს არ აღემატებოდა.

"მადნის მოპოვება წესების დაცვით ხდება, “კარიერი საკმაოდ დაშორებულია მოსახლეობისგან” - ამბობენ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში

Ჰაიდელბერგი საქართველოს ბაზარზე 2006 წელს, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის მეშვეობით შემოვიდა. 2018 წლიდან კომპანია საქართველოში უკვე „ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის ხელში ხვდება.

20,8 მილიონი ევრო ნაღდი ფულით - როგორ აღმოჩნდა ქართული ცემენტის წარმოება ივანიშვილთან დაკავშირებული ჯგუფის ხელში

ჰაიდელბერგი გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ცემენტის და ბეტონის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ჰაიდელბერგის ბრენდით ცემენტი დღეს მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში იწარმოება.

ქართულ ბაზარზე კომპანია 2006 წელს, იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გავლენიანი წევრების, დავით და გელა ბეჟუაშვილების ოჯახის დახმარებით გამოჩნდა.

2017 წლამდე გერმანული ჰაიდელბერგი ქართული ცემენტის მწარმოებელი ჯგუფის დაახლოებით 75%-ს ფლობდა, დაახლოებით 25%-ს ბეჟუაშვილების ოჯახი აკონტროლებდა. (წილების განაწილების ზუსტი მონაცემები საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი არ არის)

2017 წლის ნოემბერში გერმანულმა ჰაიდელბერგმა წილის ნაწილი გაყიდა. მყიდველებმა საფასური 20.8 მილიონი ევრო ნაღდი ფულით გადაიხადეს.
რის შემდეგაც ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წილები ასე გადანაწილდა.

  • 45% - გერმანული ჰაიდელბერგი
  • 10% - დავით და გელა ბეჟუაშვილების ოჯახი (დედა)
  • 45% - ქართული „თანაინვესტირების ფონდისა“ და კომპანია Hunnewell Partners-ის მიერ ერთობლივად მართული „ცემენტ ინვესთ ბი.ვი”.

ქართული ჰაიდელბერგის მეწილეები

“თანაინვესტირების ფონდი” „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც დღემდე ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გიორგი ბაჩიაშვილი მართავს.
“ჰანიველ პარტნერსი” კერძო აქტივების მართვის კომპანიაა, რომლის პორტფელში საქართველოში მსხვილი კომპანიები შედიან, როგორებიცაა მაგთიკომი, ლიბერთი ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ტელეკომპანია იმედი. “ჰანიველის” ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძეა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტელეკომპანია იმედს განაგებს.

2018 წლამდე, ვიდრე ჰაიდელბერგის მართვაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი მოვიდოდა, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ზარალზე მუშაობდა. 2018 წელს მისი წლიური შემოსავალი 280 მილიონი ლარი იყო, თუმცა კომპანიას მოგება არ ჰქონდა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი ყოველ წელს დაახლოებით 50 მილიონი ლარით იზრდება - ჯამურმა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

Ჰაიდელბერგი ქართული ცემენტის დაახლოებით 85%-ს აწარმოებს და ამის გარდა, საცემენტე კლინკერის, ცემენტის დასამზადებლად აუცილებელი პროდუქტის, ერთადერთი, ადგილობრივი მწარმოებელია.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ქარხნები აქვს რუსთავში, კასპში, ფოთში, ასევე ტერმინალები და ბეტონის საწარმოები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფლობს წიაღისეულის მოპოვების მრავალწლიან ლიცენზიებს, მოიპოვებს კირქვას, ღორღს და ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელ სხვა მინერალებს, კომპანიაში 1000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

“იწამლება ქალაქი”- კასპელები გიგანტი ქარხნის პირისპირ


ჰაიდელბერგ ჯორჯია წელიწადში დაახლოებით 2 მლნ ტონა ცემენტსა და დაახლოებით მილიონ კუბურ მეტრ ბეტონს აწარმოებს და ამისთვის საჭირო ნედლეულს საქართველოში მოიპოვებს.

კირქვის მოპოვება, გადამუშავება და მისგან ცემენტის და კლინკერის დამზადება გარემოზე ზეგავლენას ახდენს. კირქვას ღიად, ბურღვა-აფეთქებით მოიპოვებენ, რაც ატმოსფეროში მტვერს წარმოქმნის, მტვერი წარმოიქმნება მოპოვებული მადნის ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისას. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედებას და ცემენტის წარმოებით გამოწვეულ ზიანს “მწვანე ალტერნატივა” ყოველწლიურ ანგარიშში უკვე მრავალი წელია აღწერს. ანგარიშებში ჩანს, რომ ცემენტის წარმოებით განსაკუთრებით რუსთავისა და კასპის მოსახლეობა ზარალდება.

ამ ქალაქების ეკოლოგიური გაჯანსაღება ყველა ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილია.

“გარდა იმისა, რომ ცემენტის ქარხანა ვერ ახერხებს დასაქმებას... იწამლება ქალაქი, დღემდე არავინ არ უყურებს იმას, რომ დაიცვან ის ნორმები, ეკოლოგიური, რაზეც ვალდებულები არიან. მე როგორც ვიცი, აქ პარტნიორები არიან გერმანელებიც, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებას ნება არ აქვს და არაფრის კანონის გატარება არ ხერხდება ამ ქვეყანაში, აი, ასე გვექცევიან, როგორც ამბობენ, ღამღამობით კიდევ უფრო ბოლავს ეს ქარხანა და ამით იწამლება…” - ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა ჰაიდელბერგის ქარხანაზე კასპელ ამომრჩევლებს 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ უთხრა.

რა შეიცვალა 10 წელში?


2016 წელს, ვიდრე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის თანამფლობელი გახდებოდა, კასპში ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. გეგმით მფლობელებს ძველი საწარმო უნდა დაეხურათ.

ახალი, ჩინური წარმოების ცემენტის ქარხანა 2019 წელს გაიხსნა, თუმცა მალევე ჰაიდელბერგმა გარემოს დაცვის სამინისტროს მისწერა, რომ კლინკერის წარმოების ძველი ხაზის და ღუმლების ნაწილის სარეზერვოდ შენარჩუნება სურდა, სამინისტროც დათანხმდა.

ახალი ქარხნის აშენებამ პრობლემები მეტწილად გადაჭრა, თუმცა კასპელების ნაწილი ამბობს, რომ მტვერი და ხმაური პერიოდულად კვლავ აწუხებთ.

გარემოს დაბინძურების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს კასპელები ერთმანეთს ფეისბუკში უზიარებენ. ჯგუფში “კასპის მოამბე” რამდენიმე ვიდეოა, სადაც ქარხნიდან მტვრის გაფრქვევაა ასახული.

კასპელების მიერ "ფეისბუკში" გავრცელებული ფოტოები. წყარო: ირაკლი მილაძე


ერთ-ერთ ფოტოზე მტვრის ბუღში გახვეული ჰაიდელბერგის ცემენტის ქარხანაა ასახული, ფოტო კასპში ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებმა ანი ტატანაშვილმა წელს სექტემბერში გადაიღო. ანი ამბობს, რომ მტვრის ბუღი დროგამოშვებით დგება, თუმცა შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი ნაწილაკები მისი სახლის ფანჯრებზე ყოველდღიურად ილექება.

Your browser doesn’t support HTML5

კასპის მცხოვრები ცემენტის მტვრის შესახებ

ოთარ ქოსაშვილი კასპელი ეკოაქტივისტია. წუხს, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს კასპში ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი აპროტესტებს.

Your browser doesn’t support HTML5

კასპის მცხოვრები ცემენტის წარმოებით გამოწვეულ პრობლემებზე

5 წლის წინ, 2017 წელს, ჰაიდელბერგის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა საჯარო შეხვედრაზე თქვა, რომ შეძენილი ჰქონდათ მონიტორინგის სისტემა, რომელიც კასპში განთავსდებოდა.

“იქნება მონიტორი და ნებისმიერ გამვლელს შეეძლება ნახოს, თუ რა მდგომარეობაა”. ასეთი მონაცემები საჯაროდ დღემდე არაა ხელმისაწვდომი და ჰაიდელბერგმა არც რადიო თავისუფლებას მიაწოდა. ჰაიდელბერგი ირწმუნება, რომ კასპში ჰაერში მტვრის მონიტორინგს ყოველთვიურად ახდენს, თუმცა შედეგებს არ ასაჯაროებს.

კომპანიის სტანდარტი სახელმწიფოს სტანდარტის წინააღმდეგ


ჰაიდელბერგცემენტის ქარხნიდან წამოსულ ხმაურს მე-2 წელია უშედეგოდ ებრძვის გელა ლომიაშვილი. მისი მშობლები ჰაიდელბერგის კასპის ქარხნის პირდაპირ, 6 კილომეტრში სოფელ ნიაბში ცხოვრობენ.

პანდემიის დროს დისტანციურად სამუშაოდ სოფელში გადასულმა გელამ აღმოაჩინა, რომ ქარხნიდან შემაწუხებელი ხმა მოდიოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თუკი ღამით ხმაური 35-40 დბ-ს აჭარბებს, ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) თანახმად, გადამეტებული ხმაური იწვევს თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, აქვეითებს მეხსიერებას, იწვევს მოქანცვას, ემოციურ არამდგრადობას, ძილის დარღვევას, ტკივილს გულ-მკერდის არეში.

2020 წლის ზაფხულში ხმაურით შეწუხებულმა გელა ლომიაშვილმა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე (154) დარეკა. რამდენიმე დღეში ოფიციალური წერილი მიიღო, რომ ჰაიდელბერგის ქარხნის მიმდებარედ ხმაური გაზომეს და დაადგინეს, რომ ღამის საათებში 52.8 დბ იყო, რაც კანონით დაშვებულს თითქმის 13 დეციბელით აღემატებოდა. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს სასამართლომ ჰაიდელბერგცემენტი გადამეტებული ხმაურისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა და დამატებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 2 ათასი ლარი დააკისრა.

გელა ლომიაშვილი ამბობს, რომ ხმაური არც ამის მერე შეწყდა და მანაც ცხელ ხაზზე ისევ დარეკა.

ჰაიდელბერგის ქარხნის ხმაური 2021 წლის მარტში ზედამხედველობის სამსახურმა ხელმეორედ გაზომა და ნორმის გადაჭარბება ისევ დაფიქსირდა. სახელმწიფომ კომპანია აღარ დააჯარიმა და ჰაიდელბერგის გასამართლებლად საინტერესო არგუმენტი მოიშველია. გელა ლომიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ ჰაიდელბერგი იმიტომ არ დააჯარიმეს, რომ ქარხნის ხმაური ჰაიდელბერგის მომზადებულ დოკუმენტში - გზშ-ში (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) მის მიერვე მითითებულ რეკომენდებულ ნორმას არ აღემატება.
ანუ, რომ ავხსნათ: საქართველოში არსებული კანონმდებლობით - სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის თანახმად - ღამით დასაშვებია არაუმეტეს 40 დბ, ჰაიდელბერგს ჰქონდა გზშ-ში ჩაწერილი და გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი 45 დბ. გაზომვის შედეგი (44.6 დბ) მაღალი იყო სახელმწიფოს დადგენილ სტანდარტზე, მაგრამ მცირედ აღემატებოდა ჰაიდელბერგის სტანდარტს. ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია არ დააჯარიმა.

ასე მოხდა ლომიაშვილის მესამე საჩივარზეც, კიდევ ერთი შემოწმებისას ხმაური ისევ მაღალი იყო სახელმწიფოს სტანდარტზე, მაგრამ დაბალი - ჰაიდელბერგის მიერ დადგენილ რიცხვზე და კომპანია ისევ დაუსხლტა ჯარიმას.

სახელმწიფოს ასეთი მიდგომის გამო გელა ლომიაშვილმა ჰაიდელბერგის ქარხანასთან ვერაფერი გააწყო.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უხეშად დაარღვია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი, როდესაც ადგილზე ხმაურის მონიტორინგის შედეგები შეადარა გზშ-თი რეკომენდირებულ სიდიდეს და არა ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულო ზღვრულად დასაშვებ მაქსიმალურ სიდიდეს”, - უთხრა ნინო გუჯარაიძემ რადიო თავისუფლებას.

“მწვანე ალტერნატივას“ უჩნდება ეჭვი, რომ ჰაიდელბერგის ქარხანას ტექნიკურად არ შეუძლია 40 დბ-ს ფარგლებში მუშაობა და სახელმწიფო უწყება პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში უწყობდა ხელს.

“რთულია, ერთის მხრივ, კომპანიის მიერ დადგენილი ნორმებისადმი ასეთ ჯიუტ დაუმორჩილებლობას, ხოლო, მეორეს მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონის მოთხოვნაზე თვალის დახუჭვას - სხვა ახსნა მოვუძებნოთ”, ამბობს ნინო გუჯარაიძე.

თუმცა ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, რამდენიმე დღის წინ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია გარემოს დაცვის სამინისტრომ კანონდამრღვევად მიიჩნია და ოქმი შეუდგინა, ისევ გელა ლომიაშვილის საჩივრის საფუძველზე.

გელა ლომიაშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ამ სტატიაზე ჩვენი მუშაობის პარალელურად 2022 წლის 16 ოქტომბერს კვლავ დარეკა და შემაწუხებელი ხმაურის გაზომვა მოითხოვა. 3 კვირის განმავლობაში ლომიაშვილს არავინ დაკავშირებია.

9 ნოემბერს მისი საჩივრის შესახებ სამინისტროს მწვანე ალტერნატივამ ჰკითხა. 24 ნოემბერს მწვანე ალტერნატივას უპასუხეს, რომ ჰაიდელბერგის ქარხნის ხმაური რამდენიმე დღის წინ გაზომეს და ღამით 55,6 დბ. დაფიქსირდა, რაც დასაშვებ 40 დბ-ს ბევრად აღემატებოდა და ამისთვის სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს. ოქმი კომპანიისთვის ჯარიმის დასაკისრებლად კანონით სასამართლოში იგზავნება.
ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჰაიდელბერგს გარემოს დაცვის სამინისტრომ ბოლო საჩივრის შემთხვევაში უკვე 40 დბ-იანი ზედა ზღვარის დაცვა მოსთხოვა.

გადამეტებულ ხმაურზე ჰაიდელბერგმა რადიო თავისუფლებას 21 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მოკლედ უპასუხა: “კომპანიას სრულად აქვს შესწავლილი ხმაურის წყაროები. დამონტაჟებულია ხმაურის ჩამხშობი ეკრანები. 2017 წლის ხმაურის რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით, კომპანიამ შეცვალა სამუშაო რეჟიმი და მუდმივად მუშაობს დამატებითი ხმაურჩამხშობი ღონისძიებების გატარებაზე“.

“ჩვენი შეფასებით, კომპანიისადმი მიდგომა სახელმწიფო უწყებების მხრიდან სრულიად მიუკერძოებელია”, წერია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში.

ჯარიმები - ან საერთოდ არა, ან მიზერული


რადიო თავისუფლებამ, “მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, გარემოს დაცვის სამინისტროდან 2013 -22 წლებში ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის დარღვევებისა და დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და შეისწავლა.

ათეულობით ოქმში წლების განმავლობაში ჰაიდელბერგის მხრიდან დარღვევებზეა საუბარი.

რუსთავის ცემენტის ქარხანა. 2022 წლის ოქტომბერი.

ჰაიდელბერგის ფოთის ქარხანა ატმოსფეროს ცემენტის მტვრით აბინძურებდა. ჰაიდელბერგი გარემოსდაცვით ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა კასპის და რუსთავის ქარხნებში. დარღვევები უპოვეს კირქვის კარიერსა და ბეტონის ქარხნებში კახეთში. აღმოჩნდა, რომ თბილისში ზაჰესის დასახლებაში ჰაიდელბერგის ბეტონის ქარხანა მდინარე მტკვარში დაბინძურებულ წყალს ღვრიდა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის მეტწილად მიზერული ჯარიმები ეკისრება.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ბოლო 9 წლის განმავლობაში ჯამში სულ 203 ათასი ლარით დააჯარიმეს, რაც საშუალოდ წელიწადში 22 ათასი ლარი გამოდის - კომპანიის ბოლო წლის ბრუნვის 0.005%. ჰაიდელბერგის შემოსავალი 2021 წელს 415 მლნ ლარი იყო, მოგება კი 93 მლნ ლარი.
“დარღვევის დაფიქსირება სულაც არ ნიშნავს, რომ კომპანია პრობლემის მოგვარებას იწყებს. უმეტეს შემთხვევაში დარღვევები ხელახლა ფიქსირდება და საწყისი 5000-ლარიანი ჯარიმა თითქმის ყველა შემთხვევაში ადის 15 ათას ლარზე და ხშირად, მესამედ დაფიქსირებისას, ხელახლა გასამმაგებულ 45 ათას ლარსაც აღწევს. თუმცა, ჯარიმის ეს ოდენობები სრულებით უმოქმედოა ამ მასშტაბის კომპანიისთვის და ვერ ასრულებს ჯარიმის ფუნქციას”, - ამბობს ნინო გუჯარაიძე.

“მწვანე ალტერნატივის” დაკვირვებით, სახელმწიფო უწყებები ჰაიდელბერგის სასარგებლოდ ბევრ დათმობაზე მიდიან და მტვრის მონიტორინგის, ხმაურის, ვიბრაციის, აირმტვერდამჭერი სისტემების ეფექტურობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს უვადებენ. Გუჯარაიძის თქმით, “კომპანია არც ასეთი დათმობების საპასუხოდ იწუხებს ხოლმე თავს და, როგორც წესი, დარღვევების უმეტესობა მსგავსი ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება”.

ჯარიმების მოცულობა საკმარისი არ არის, ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი გარემოსდამცველი თინათინ მაღედანი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა “გავიგუდეთ”. “გავიგუდეთ” სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში 5 წლის წინ დააფუძნეს.

რუსთავში ჰაიდელბერგის ორი ქარხანის გარშემო მიმდებარე ტერიტორია, ცემენტის მტვრის ფენითაა დაბინძურებული.
თინათინ მაღედანი ამბობს, რომ სახელმწიფო ცემენტის ქარხნებს და სხვა პოტენციურ დამაბინძურებლებს ხშირად არ ამოწმებს.

“მნიშვნელოვანია არაგეგმური ინსპექტირებები, როცა საწარმოს წინასწარ ვაფრთხილებთ, ის ემზადება. ჩვენ თუ მივდივართ და ყოველ მისვლაზე ვნახულობთ რაღაცა სავარაუდო დარღვევას, რატომ არ აკეთებს იგივეს ზედამხედველობის სამსახური და რატომ ამოწმებს წელიწადში რამდენჯერმე მხოლოდ”.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ რუსთავში კანონით სავალდებულო გაფრქვევების ავტომატური მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება 1 წლით დააგვიანა.

“ერთი წლით თვითმონიტორინგის სისტემის დაგვიანება [ჰაიდელბერგს] დაუჯდა 10 ათასი ლარი, როდესაც შეეძლოთ კიდევ უფრო მეტჯერ დაეჯარიმებინათ ეს და სხვა კომპანიებიც… ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ჯარიმების გაზრდა, რუსთავში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ ერჩივნათ ეს ჯარიმები, თეთრებია, ესენი გადაეხადათ, ვიდრე გადაიარაღებაში ჩაედოთ ფული, ზოგიერთი ასაჩივრებდა და ასე გრძელდებოდა, ჯარიმები გაიზარდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის”, უთხრა თინათინ მაღედანმა რადიო თავისუფლებას.

ცემენტის ქარხანა რუსთავში. 2022 წლის ოქტომბერი.

თვითმონიტორინგის სისტემა, რომლის დამონტაჟების ვალდებულება მსხვილ დამაბინძურებელ კომპანიებს 2021 წლის ივნისიდან აქვთ, კომპანიების უმეტესობამ ვადების დარღვევით დაამონტაჟა, მათ შორის, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ.

სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: ქარხნის გამონაბოლქვის გაფრქვევის მილში მონტაჟდება სენსორი, რომელიც ზომავს გაფრქვეულ ნივთიერებებს და ნორმის გადამეტების შემთხვევაში ავტომატურად ატყობინებს გარემოს დაცვის სამინისტროს.

თუმცა სისტემა სრულად ვერ აკონტროლებს ქარხნებიდან გარემოს დაბინძურებას. მაგალითად, თუ მტვერი ან სხვა ნივთიერებები გარემოში მილის (ან გაფრქვევის სხვა საშუალების) გვერდის ავლით ხვდება, ამას თვითმონიტორინგის სისტემა ვერ აფიქსირებს და გარემოს დაბინძურება ისევ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირებამ უნდა გააკონტროლოს.

დარღვევები რუსთავის ქარხნებში


რადიო თავისუფლების მოპოვებული მტკიცებულებებით, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ბოლო წლებში გარემოს გაფრქვევის მილის გვერდის ავლით ქარხნების შიდა ტერიტორიიდან აბინძურებს. ამას ოქმებით ადასტურებს შრომის ინსპექცია, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე ცემენტის ქარხნები რამდენჯერმე შეამოწმა.

შრომის ინსპექცია ჰაიდელბერგის ქარხნებში თანამშრომლების სამუშაო პირობებს ამოწმებდა, თუმცა გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი ფაქტებიც აღმოაჩინა.

“წარმოების ხაზის რიგ ადგილებში დარღვეულია მიმწოდებელი მილების ჰერმეტულობა ძირითად შეერთების ადგილებში, ობიექტის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება დიდი რაოდენობის გამოფრქვეული მტვერი”
“ცემენტის ჩასატვირთ პლატფორმასთან ჩატვირთვისას ხდება ცემენტის დიდი რაოდენობის მასის გამოფრქვევა, დასაქმებული არ იყენებს რესპირატორს”
2018

შრომის ინსპექციის მიერ რუსთავში აღმოჩენილი დარღვევების ნაწილი

ამ დარღვევებისთვის ინსპექციამ ჰაიდელბერგი 1000 ლარით დააჯარიმა. 2021 წლის შემოწმების მასალებიდან ჩანს, რომ ჰაიდელბერგი კვლავ აბინძურებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა როგორც საკუთარ თანამშრომლებს, ასევე დანარჩენ მოსახლეობას.
“ქარხნის ტერიტორიაზე აღინიშნება მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით. არ ხდება პირველადი მტვრის გაფრქვევასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, მეორად მტვერთან ბრძოლა ხდება არაეფექტური მეთოთებით არ ხდება შესაბამისი ტექნიკით ტერიტორიის მორწყვა” , 2021 წელი.

“თუ ტექნოლოგიურ პროცესში ჩანს და თვალით ხედავთ ცემენტის მტვერს, ეს არის უკვე დაბინძურება, რომელიც პრობლემას უქმნის თანამშრომელს, რომელიც არ მუშაობს რესპირატორებით, ასევე მოსახლეობას, ქარი და ჰაერი არის მოძრავი, ეს ემისიები 1 და 2 კილომეტრზე კი არ ვრცელდება, შეიძლება 10 კმ-ში საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ამ ნაწილაკებმა ადამიანებს”, ამბობს “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე.

“ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებულია ნედლეულის ღია მოედნები, რაც ძლიერი ქარის პირობებში წარმოქმნის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების დიდ საფრთხეს” ,“კომპანიას ქარის დროს მტვრის გაბნევის მიმართებით პრევენციული ღონისძიებები არ აქვს განსაზღვრული”.
2021 წელი, შრომის ინსპექციის ოქმი

შრომის ინსპექცია ჰაიდელბერგს ჯარიმებს აკისრებდა და თან დარღვევების გამოსწორებისთვის ვადას აძლევდა, კომპანია დარღვევების ნაწილს ასწორებდა, ნაწილს არა. მაგალითად, 2021 წლის ნოემბრის დოკუმენტში წერია, რომ დარღვევების ნაწილი გამოასწორა, თუმცა კვლავ არ მოაგვარა მტვრის პრობლემა, არ მოაწესრიგა ქარხნის შიდა ტერიტორია და არ რწყავს სისტემატურად.

მსგავსი დარღვევები იპოვა შრომის ინსპექციამ ჰაიდელბერგის რუსთავის ქარხნის შემოწმებისას 2022 წლის მაისსა და სექტემბერში.
“ქარხნის ტერიტორიაზე აღინიშნება მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით, უბნებზე მასიურად ხდება მტვრის გაფრქვევა, ობიექტის მხრიდან არ ხდება იდენტიფიცირებულ საფრთხეებზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება”, “ისევ პრობლემაა ნედლეულის ღიად დასაწყობება”.

დარღვევები კასპის ქარხანაში


რადიო თავისუფლებას აქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ შრომის ინსპექციამ 2019 და 2022 წლებში შეამოწმა კასპის ცემენტის ქარხანაც.

2019 წლის ოქმში წერია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ღიად არის დასაწყობებული ნედლეული, რკინის ნამწვი, ალოქსიდი, თაბაშირი, წიდა, ნახშირი, ტუფი, კირქვა და ღორღი.

შრომის ინსპექციის მიერ კასპში აღმოჩენილი დარღვევები

“ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია ნედლეულის ღია მოედნები რაც ძლიერი ქარის შემთხვევაში წარმოქმნის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების დიდ საფრთხეს. ქარხნის ტერიტორიაზე აღინიშნება მტვრის მაღალი კონცენტრაცია რომელიც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით. დაფიქსირდა მტვრის მაღალი გაფრქვევა”

დასკვნის მიხედვით, კასპის ქარხანაში დასაშვებ ნორმას აღემატებოდა ხმაური, მაღალი იყო ტემპერატურა, ასევე დასაშვებზე 105-დან 239%-ით მაღალი იყო მტვრის კონცენტრაცია.

ამ დარღვევებისთვის შრომის ინსპექციას ჰაიდელბერგი არ დაუჯარიმებია, მხოლოდ გააფრთხილა და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ნახევარი წელი მისცა.

2022 წლის ივნისის Შემოწმების ოქმის მიხედვით, ინსპექციამ მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის ნაკლოვანებები აღმოაჩინა და გაფრთხილებით შემოიფარგლა. ოქმში აღარ არის საუბარი მტვერზე, ხმაურზე, ნედლეულის ღია სათავსოებზე.

რადიო თავისუფლებამ კასპის და რუსთავის ქარხნები დრონით 2022 წლის ოქტომბერში გადაიღო: ამ დროისთვის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეული, მათ შორის ნახშირი, ისევ ღიად ინახებოდა. ისევ ცემენტის მტვრით იყო დაფარული რუსთავის ცემენტის ქარხნებში შენობების კედლები და სახურავები.

შრომის ინსპექციის შემოწმების ყველა ოქმში წერია, რომ შემოწმებისას ტერიტორიის ფოტო- და ვიდეოგადაღება მოხდა. წესით, გადაღებული მასალა ოქმს უნდა ერთვოდეს, მაგრამ ასე არაა.
რადიო თავისუფლებამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტების დახმარებით შრომის ინსპექციიდან რამდენჯერმე უშედეგოდ გამოითხოვა ჰაიდელბერგის ქარხნებში გადაღებული ფოტო- და ვიდეოკადრები, სადაც დარღვევები იქნებოდა ასახული. თიაის იურისტ-ანალიტიკოსმა მაგდა ჯიმშელეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და მისი დამალვით შრომის ინსპექცია კანონს არღვევს.

შრომის ინსპექციამ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 4 წლის განმავლობაში ჯამში 12 ათასი ლარით დააჯარიმა - 1000, 3000 და 6000-ლარიანი ჯარიმებით და რამდენიმე გაფრთხილებაც მისცა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა, ინსპექციის ოქმები რადიო თავისუფლების თხოვნით შეისწავლეს:


“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში ჩატარებული ინსპექტირებები ცხადყოფს, რომ მიუხედავად შრომის ინსპექციის მიერ იდენტიფიცირებული დარღვევებისა, კომპანია წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებისათვის უსაფრთხო და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას. ინსპექციის მიერ დაფიქსირებული დარღვევები რიგ შემთხვევებში რეინსპექტირების შემდეგაც არ იყო გამოსწორებული, რის გამოც ინსპექციის სამსახური კომპანიას დამატებით ვადას აძლევდა მითითებების შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ქარხანაში შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და კულტურა დანერგილი არ არის, ვინაიდან დარღვევის გამოსწორების შემთხვევაშიც კი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათი ხელახალი ინსპექტირებისას კვლავ იკვეთებოდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევები”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა.
ამ საკითხზე ჰაიდელბერგი ამბობს, რომ “ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა ორგანიზაციაში ფუნქციონირებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად…”

“შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები არ ატარებდა კომპლექსურ და სისტემურ ხასიათს. ინსპექტირების შედეგად მიღებული მითითებები კომპანიას სრულად აქვს შესრულებული” წერს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია.

როგორ წაახალისა სახიფათო ქვანახშირი წარმოებაში საქართველოს ხელისუფლებამ


ჰაიდელბერგის ქარხნების ტერიტორიაზე ღიად დასაწყობებული ნედლეულიდან ყველაზე მეტად გარემოს ქვანახშირი აზიანებს. “ღიად [დატოვებული] ქვანახშირი არ შეიძლება, პირდაპირ იფანტება ჰაერში, ეს პრობლემაა”. “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ პრობლემა ღრმავდება, თუ საქმე ქართულ ქვანახშირთან გვაქვს.

ჰაიდელბერგცემენტს ქართული ქვანახშირის მოხმარება 2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაავალდებულა, მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ ჰაიდელბერგი კირქვის კარიერზე ლიცენზიის 10 წლით გაგრძელების სანაცვლოდ ვალდებულია, წელიწადში დაახლოებით 100 ათასი ტონა ადგილობრივი ქვანახშირი მოიხმაროს.

ნახშირი საწვავად გამოყენებისას, სხვა ტრადიციულ საწვავთან შედარებით, ყველაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს და გარემოსაც ყველაზე მეტად აზიანებს. ნახშირის წვისას სხვადასხვა მძიმე მეტალიც წარმოიქმნება.

ღიად განლაგებული ნედლეული კასპის ქარხანაში

2019 წელს პარიზში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ქვანახშირის საწვავად გამოყენების ჩანაცვლებას ეძღვნება, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2031 წლისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც, უარი უნდა თქვან ნახშირის საწვავად გამოყენებაზე.

მსოფლიო ბაზარზე ნახშირზე მოთხოვნა დღითი დღე მცირდება, ქართული ნახშირის ერთადერთ მწარმოებელს, კომპანია „საქნახშირს“ ნახშირის წარმოების და გაყიდვის პრობლემა ისედაც ჰქონდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართული ქვანახშირი დაბალკალორიული და ნესტიანია, ცუდად იწვის და საერთაშორისო ბაზარზე ცუდად იყიდება, კომპანია მრავალი წელია ათეულობით მილიონი ლარის ზარალზე მუშაობს.

ტყიბულის შახტებში მეშახტეების დაშავებისა და დაღუპვის გამო 2018-19 წელს „საქნახშირმა“ მუშაობა შეაჩერა. ეს ბიზნესიც 2020 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წევრების, ბეჟუაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა, ჰაიდელბერგის მსგავსად, „საქნახშირიც“ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა გადაიბარა.
2019 წლის ბოლოს „საქნახშირი“ გადაეცა კომპანიას, რომლის დამფუძნებელი დაკავშირებულია „ჯორჯიან მანგანეზთან“, „ჯორჯიან მანგანეზს“ კი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა ფლობს (წილების ნაწილს) და დე ფაქტო განკარგავს.

ჟურნალისტური გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზისა“ და რიჟას შესახებ “ჯორჯიან მანგანეზი” ალყაში - ხელისუფლება გარემოსა და ხალხის წინააღმდეგ


„საქნახშირის“ ახალი მფლობელი და მისი ბიზნესპარტნიორები ახლანდელი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები და დამფინანსებლები არიან, მათ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ასეულობით ათასი ლარი აქვთ შეწირული.

რადიო თავისუფლებას წყარო უყვება, რომ ჰაიდელბერგცემენტისთვის ქართული ნახშირის შესყიდვის დავალდებულება მთავრობის მხრიდან „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესჯგუფისთვის ხელშეწყობას ემსახურებოდა. „ოცნების“ მხარდამჭერებმა „საქნახშირი“ 2019 წლის ბოლოს გადაიბარეს, საქართველოს მთავრობამ განკარგულება 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოსცა. ამ განკარგულებით, კირქვის ლიცენზიაზე ვადის 10 წლის გაგრძელების პირობად ჩაუდო მთავრობამ ჰაიდელბერგს 5 წლის განმავლობაში ქართული ნახშირის შეძენა.

“ნახშირის საწვავად გამოყენება განსაკუთრებით დიდი საფრთხეა სამრეწველო, უკვე დაბინძურებულ უბნებში, როგორიც არის რუსთავი და კასპი, სადაც სხვა საწარმოებიც მუშაობენ და კუმულაცია ხდება, პრობლემაა ისიც, რომ ეს ქარხნები ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან”, უთხრა რადიო თაისუფლებას მანანა ქოჩლაძემ.

“ტყიბულის ნახშირს გააჩნია დაბალი კალორიულობა, სწორედ ეს განსაზღვრავს მის „დაბალ ხარისხს“. თუმცა, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წვის დროს წარმოიქმნება მეტი მავნე ნივთიერებები - არ შეესაბამება სინამდვილეს”, უთხრა რადიო თავისუფლებას ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ.

როგორ ამოწმებს სახელმწიფო გარემოს დაბინძურებას


რა გავლენას ახდენს ცემენტის ქარხნები გარემოსა და ადამიანებზე, ამის დასადგენად რისკის ქვეშ მყოფ ქალაქებში სისტემატური კონტროლი უნდა ხდებოდეს.

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგური დგას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ავტომატურად ამოწმებს ატმოსფერულ ჰაერს 6 კომპონენტზე, მათ შორის არის მტვრის ნაწილაკები (PM10-PM2.5) და ნახშირჟანგი (CO).

მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე რეალურ დროში შეუძლიათ, რუსთავის ჰაერის მდგომარეობა ნახონ და ასევე ბოლო 1 წლის დაბინძურების მაჩვენებლები შეაჯამონ.

ამ სადგურის მონაცემების მიხედვით, რუსთავის ჰაერი წლებია დაბინძურებულია, 2021 წლის განმავლობაში რუსთავში 365 დღიდან 270 (74%) ძალიან ცუდი ან ცუდი ჰაერი იყო. 2020 წლის განმავლობაში კი, რუსთავის ჰაერი 365-დან 280 დღე (77%) იყო ცუდი ან ძალიან ცუდი.

რუსთავში ჰაიდელბერგცემენტის გარდა ბევრი სხვა საწარმო მუშაობს და ჰაერის დაბინძურებაში უმეტესობას თავისი წვლილი შეაქვს.

რუსთავის ჰაერის ხარისხი 2021-22 წლებში.

კასპში მუდმივი ავტომატური სადგური არ დგას, აქ ჰაერის ხარისხს პერიოდულად ინდიკატორული მეთოდით იკვლევენ. ქალაქში შერჩეულ რამდენიმე ადგილას ნიმუშების შესაგროვებლად წლის განმავლობაში გარკვეული დროით დგამენ დანადგარებს. მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამოსაკვლევად მიაქვს და შედეგებს აჯამებს.

რადიო თავისუფლებამ კასპში ჰაერის მონიტორინგის ბოლო 5 წლის შედეგები გამოითხოვა, მოწოდებული მასალების მიხედვით, კასპში ჰაერი უმეტესად კარგი ან ძალიან კარგია, იშვიათად - საშუალო ხარისხის.
“ინდიკატორულ გაზომვას აქვს სხვა ეფექტი. ეს შეიძლება იყოს ეფექტური სადღაც დაბაში, სოფელში, მაგრამ იქ სადაც არის მსხვილი ქარხნები, უნდა იყოს სერიოზული მონიტორინგი. რაც თქვენ გადმოაგზავნეთ, იმ კვლევის მიხედვით ისეთი განცდა არის, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ არის ცემენტის ქარხანა-საწარმო ობიექტები, ამ ჩანაწერებს თუ დავუჯერებთ, იქ ტრანსპორტიც არ დადის, არ ხდება ჰაერში მტვრის PM 2.5-ისა და PM 10-ის მონიტორინგი, არ ხდება ამონიუმის NH3-ის მონიტორინგი”, უთხრა რადიო თავისუფლებას "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა მანანა ქოჩლაძემ.

“გიორგი სააკაძე” ცემენტის მტვერში


მე-16 საუკუნეში მოღვაწე ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის ძეგლი, ჰაიდელბერგის ქარხნიდან დაახლოებით 300 მეტრშია აღმართული. Იქ სადაც ინდიკატორულმა გაზომვამ ჰაერის დაბინძურება არ უჩვენა.

2019 წელს, Როდესაც მუნიციპალიტეტმა ძეგლის და კვარცხლბეკის გაწმენდაში 4900 ლარი გადაიხადა, და ფოტოები და ინფორმაციაც გამოაქვეყნა, მიუთითა, რომ მონუმენტი ცემენტის სანტიმეტრნახევრიანი ფენით იყო დაფარული. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, სააკაძის ძეგლი მანამდე დაახლოებით 6-7 წლის წინ იყო გაწმენდილი, მალევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან.

ფოტოზე ჩანს ნახევრადგაწმენდილი გიორგი სააკაძის ძეგლი


„ცემენტის მტვერი, ეს არის დამწვარი კირქვა, ქვანახშირი, გოგირდი, აზოტი, ეს არის წვრილი ნაწილაკები, აქროლადი ნაწილაკები. ცემენტის ქარხნებთან ალბათ არის კირქვა ანუ სილიციუმის მჟავა, რომელიც არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ქვანახშირი ასევე არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. შეიძლება იყოს მძიმე მეტალები - ტყვია, ვანადიუმი და ა.შ.”, უთხრა მანანა ქოჩლაძემ რადიო თავისუფლებას.
ცემენტის მტვრის სიტემატური შესუნთქვა იწვევს სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს, კანისა და თვალის პათოლოგიებს.

კასპის ქარხანასთან ყველაზე ახლოს ფიროსმანის ქუჩის დასახლებაა, სადაც დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილები არიან. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ისინი ყველაზე მეტად მტვერს უჩივიან.

Your browser doesn’t support HTML5

კასპში მცხოვრები დევნილები მტვრის შესახებ

ჰაიდელბერგის ქართული ქარხნები და მათ ირგვლივ ტერიტორია ცემენტის მტვრითაა დაფარული და ზოგან უდაბნოს ჰგავს. ჰაიდელბერგის ევროპული ქარხნები სხვაგვარად გამოიყურება, მეტწილად ირგვლივ მწვანე გარემო აქვთ.

ჰაიდელბერგის ქარხნები საქართველოსა და ევროპაში

ჰაიდელბერგის პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვებზე სრულად იხილეთ აქ

ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა "მწვანე ალტერნატივასთან" პარტნიორობით, ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.