იდიშში დაკარგული

Your browser doesn’t support HTML5

„გამოცხადდა მიღება იდიშური ენისა და კულტურის კურსზე - 1926 წლის შემდეგ პირველად!“ – იდიშის 33 წლის მასწავლებელს, ლაშა შაყულაშვილს არც კი სჯეროდა, როცა ეს სიტყვები საჯაროდ დაწერა - თითქმის ასწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში ისევ გაიხსნა იდიშური ენის კურსი, რომელსაც ლაშა გაუძღვება. ის სტუდენტებს იდიშურს ენას და კულტურას უფასოდ ასწავლის.

ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკის განყოფილება დაიხურა, ხოლო სტუდენტები ვეღარ შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად რა არ მოისმინა - მათ შორის ისიც, რომ მოთხოვნა აღარ არსებობდა. ლაშამ გადაწყვიტა საქართველოს სკოლებში ებრაული მემკვიდრეობის, იდიშური ენის შესახებ ღია გაკვეთილები ჩაეტარებინა და მათთვის საქართველოს ებრაულ მემკვიდრეობაზე მოეთხრო. ამ შეთავაზებას საქართველოს 93 სკოლა გამოეხმაურა. ბავშვები სწერდნენ, რომ მათ სურდათ იდიშური ენის სწავლა...

ამას მოჰყვა ის, რომ უნივერსიტეტს იდიშური ენისა და კულტურის კურსის გაკეთება და მისი გაძღოლა შესთავაზა. სწავლის მოსურნე იმაზე მეტი გამოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. საბოლოოდ, კურსის პირველ ნაკადში 22 სტუდენტი მიიღეს - იმდენი, რამდენი ასოცაა ებრაულ ანბანში.

იმისთვის, რომ ენის სწავლა გაუადვილდეთ, ლაშამ გადაწყვიტა, თავის სტუდენტებს იდიშურის სიტყვები ხატვით ასწავლოს - ახლა სხვადასხვა სიტყვას ებრაული ასოებით და ნახატებით ადგენს - ავტორიც ლაშაა და ილუსტრატორიც.
საბოლოოდ კი გეგმაში იდიშური ენის სახელმძღვანელოს შედგენაა, რომელიც ქართულენოვანი იქნება.

თავად ლაშა შაყულაშვილს ებრაულ ენასთან შეხება ადრეულ ბავშვობაში ჰქონდა, როცა მისმა პედაგოგმა, რომელთანაც დღემდე მეგობრობს, ებრაული ენა და კულტურა შეაყვარა. მას მერე დიდი დრო გავიდა და მხოლოდ ორიოდე წლის წინ, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა თავისით ესწავლა იდიში.

ლაშა დღე ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ის თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ებრაისტიკის სკოლის და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა იდიშური პროგრამის კურსდამთავრებულია.