იგივე რუსული დიპლომატია, უბრალოდ მარია

ტელეხიდი

მარია ზახაროვა - რუსეთის დიპლომატია კაბაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საქართველომ გვერდზე უნდა გადადონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი (რომელზეც მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ) და ისე სცადონ ურთიერთობის აღდგენა. ამის შესახებ რუსმა დაპლომატმა განაცხადა 16 ოქტომბერს გამართულ ტელეპრესკონფერენციაზე („მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-ტალინი“), რომელსაც რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა მულტიმედიურმა პროექტმა „სპუტნიკმა“ უმასპინძლა.

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. „საქართველოსთვის ეს საკითხი სხვაგვარად არის ფორმულირებული, რუსეთისთვის - სხვაგვარად“, - ამბობს რუსი დიპლომატი, რომელიც საქართველოს მთავრობას სთავაზობს „პრინციპულ თემებზე“ რუსეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული საკითხების ცალკე კალათაში მოთავსებას, რათა ორმა ქვეყანამ, ორმა ხალხმა, ორი ქვეყნის ცალკეულმა მოქალაქეებმა შეძლონ ურთიერთობების გაგრძელება.
  • რუსეთის კეთილი ნება. ასეთის გამოვლინებად მარია ზახაროვა მიიჩნევს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, გასცეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებზე; რუსეთის სამომხმარებლო ბაზრის გახსნას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის და რუსი ტურისტების წვლილს საქართველოს ეკონომიკაში.
  • საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი მზად არის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთს არ გაუწყვეტია. მარია ზახაროვა მიანიშნებს იმაზე, რომ შეხვედრის ბედი დამოკიდებულია ქართული მხარის კომპრომისებზე.
  • ლუგარის ლაბორატორია. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთს აღელვებს მისი საზღვრის მახლობლად „საეჭვო ლაბორატორიის“ არსებობა და, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესებშია ამ ლაბორატორიის გახსნა რუსი და ქართველი ჟურნალისტებისთვის. ზახაროვამ არ დამალა, რომ ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას ფლობს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრისა და ტერორიზმის ბრალდებით დაუსწრებლად გასამართლებული იგორ გიორგაძის პუბლიკაციიდან. იგორ გიორგაძეს ქართული მართლმასჯულებისგან რუსეთის მოქალაქეობა და მთავრობა იცავს.

ტელეხიდის მონაწილენი

ტელეხიდში, უფრო სწორად ტელე-პრესკონფერენციაში საქართველოს მხრიდან აქტიურობდნენ „ობიექტივის“, „ჯორჯიან ტაიმსის“, „სპუტნიკის“, „რია ნოვოსტის“ წარმომადგენლები. დაისვა სტანდარტული კითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემურ საკითხებზე, რასაც რუსმა დიპლომატმა ასევე სტანდარტული პასუხები შეაგება.

მაინც ვის სჭირდება ამგვარი ტელეხიდები და ტელეპრესკონფერენციები? რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდნენ ისინი?

„ამ აქტივობის მიზანია შექმნან ილუზია, რომ მათ ადგილზე ჰყავთ მხარდამჭერები, თანამოაზრეები, თუმცა ეს ჯგუფები არც ისე დიდია და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ თუნდაც რუსეთის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რიცხობრივად შეიძლება ბევრი ჩანდნენ, რეალურად ერთი და იგივე ადამიანების, მათი ოჯახების წევრების მიერაა დაფუძნებული. ეს ტელეხიდი უფრო სიმულაციაა იმის, რომ აქ, ადგილზე ჰყავთ დასაყრდენი, რომ მათ მიმართ ინტერესი მაღალია. არადა, საქართველოში ღიად პრორუსული ორგანიზაციები - თუნდაც სამოქალაქო აქტივისტები ან პარტიები, არ არიან პოპულარულები, რასაც აჩვენებს კიდეც არჩევნების შედეგები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.

უბრალოდ მარია

მარია ზახაროვა პირველი ქალია რუსეთის ისტორიაში, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს (Мид) ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. დაინტერესებულ პირებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ ზახაროვას დანიშვნის შემდეგ რუსეთის Мид-ი განსხვავებულ ენაზე ალაპარაკდა, თუმცა, ასევე აშკარაა, რომ შეიცვალა სათქმელის ფორმა (მშრალ, უსიცოცხლო ოფიციალურს შეერია ვულგარული ტონი - ხუმრობებისა და უგემოვნო პოლიტიკური ანეკდოტების სახით), მაგრამ უცვლელი დარჩა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სათქმელი და შინაარსი, რაც გამოჩნდა კიდეც მარია ზახაროვას მონაწილეობით გამართული ტელეხიდის მსვლელობისას. გამოჩნდა, რომ რუსეთი კვლავ არ თმობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებს, კვლავ იმუქრება ნატოს შესაძლო გაფართოების პასუხად, კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, კვლავ აყვედრის საქართველოს რუსეთის ბაზარზე ქართული ნაწარმის დაშვებას და ერთგვარ თაფლაკვერად კვლავ სთავაზობს ურთიერთობის აღდგენას და თანამშრომლობას არაპრობლემულ საკითხებში. ყოველივე ამას ადრე ოფიციალურ ტონში, მონოტონურად და უემოციოდ ამბობდა ალექსანდრე ლუკაშევიჩი, ზახაროვას წინამორბედი, ახლა იგივეს აკეთებს ექსცენტრიკული ქცევით გამორჩეული მარია ზახაროვა - რომელიც ძირითადი საქმიანობის გარდა, ასევე წერს საეჭვო ღირებულების ლექსებსა და სიმღერებს (როგორც პატრიოტულს, ასევე ლირიკულს), კამერების წინ ცეკვას „კალინკას“, ბრიფინგების დროს ჰყვება ანეკდოტებს, და ა.შ. თუმცა, როგორც მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, შეუძლებელია რამე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს მარია ზახაროვას ფაქტორს.

„ის უბრალოდ არის მესინჯერი, რომელიც ახმოვანებს კრემლის ამა თუ იმ გზავნილებს. მისი გავლენა საქართველოსთან მიმართებაში ცოტა გაზვიადებულია. ის უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი აქტორი, რომლისგანაც ვიგებთ, რა სურს კრემლს“, - უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიმომხილველი იაროსლავ შიმოვი ამბობს, რომ მარია ზახაროვას პუბლიცისტური სტილი და აგრესიული ტონი მას ახსენებს საერთაშორისო თემებზე საბჭოთა გაზეთების მეწინავე სტატიებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანების, ჯენი ნორტონისა და ოლგა ივშინას დაკვირვებით კი, მარია ზახაროვას დასავლეთთან ურთიერთობის სტილი გამაოგნებლად არადიპლომატიურია.

კიდევ უფრო ნაკლებადდიპლომატიურია მარია ზახაროვა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე რუსმა დიპლომატმა შემდეგი შინაარსის ანეკდოტი მოჰყვა:

„თავს ნებას მივცემ, მოგიყვეთ ანეკდოტი, რომელიც მიმაჩნია მოცემული ვითარების შესაბამისად. უკრაინის არცთუ უცნობი ხელმძღვანელი ლოცვებში მიმართავს უზენაესს, დამეხმარე ყირიმის დაბრუნებაშიო, პასუხად კი ესმის, ყირიმი უკვე დააბრუნეთ, ახლა ფულის დაბრუნების დროაო!“

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხუმრობაზე მეტად მარია ზახაროვას ეხერხება მუქარა, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა ფინელმა ჟურნალისტმა, როცა რუს დიპლომატს ჩეჩნეთში გეების სავავლო უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დაუსვა კითხვა. მარია ზახაროვამ პირადაპირი ეთერით მიმართა აგრესიული ჰომოფობიით გამორჩეულ ჩეჩნეთის პრეზიდენს, რომ პირადად ემასპინძლა ცნობისმოყვარე ფინელი ჟურნალისტისთვის.

მუქარისა და „მახვილგონივრული“ ანეკდოტების გარდა, მარია ზახაროვა ასევე თავს იწონებს „დერჟავნიკულ-პატრიოტული“ ლექსებითა და სიმღერებით. 2017 წლის მოსკოვის საერთაშირისო კინოფესტივალის გახსნაზე გაიმართა პრემიერა მისი მორიგი სიმღერისა, რომელიც სირიაში დაღუპულ რუს სამხედროებს ეძღვნება.

„მოვიგონოთ ისინი, ვინც ქვეყანას [რუსეთს], ღირსებას და თავისიანებს შესწირა თავი“ - ამ სიტყვებით მთავრდება რუსი დიპლომატის სიმღერა, რომლის პათოსი ისეთივე ყალბია, როგორიც რუსული დიპლომატიის სიმართლე რუსეთის ინტერესებისათვის ბრძოლაში.