პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „განსაკუთრებული ყურადღებით“ მიადევნებს თვალს ტელეკომპანია „იბერიისა“ და მფლობელი კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა ნაცვლიშვილმა 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიის“ თანადამფუძნებლის, პარლამენტარ ნატო ჩხეიძის, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
„საზოგადოება რაზეც დგას, ეს არის, ერთი მხრივ, მედია და სიტყვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი, ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა. ყოველგვარი მანიპულაციები ამასთან დაკავშირებით მიუღებელია“, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომუშავე ბიზნესის უკან დგას რამდენიმე ასეული ადამიანი, მათი ოჯახები და დღეს, მით უმეტეს, ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ამდენი ადამიანის უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დატოვება იქნება ძალიან დიდი ტვირთი სახელმწიფოსთვის“.
Your browser doesn’t support HTML5
ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან მარგველაშვილის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას „გულწრფელად“ უპასუხა.
„პრეზიდენტმა დაასკვნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაცული იყოს თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი, რომ ის მაქსიმალურად შეეცდება ამის გაკეთებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, გადმოსცა პრეზიდენტის პოზიცია ნატო ჩხეიძემ, „ომეგა ჯგუფის“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, მეუღლემ.
ჩხეიძემ ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ პრეზიდენტი თავად არ შეხებია გახმაურებულ აუდიოჩანაწერს, ეს საკითხი „იბერიის“ წარმომადგენლებმა წამოჭრეს.
10 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე ტელევიზიის თანამშრომლებმა მოითხოვეს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ აუდიოჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" მფლობელსა და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, სატელეფონო საუბრისას ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს.
სატელეფონო საუბრისას ლევან ყიფიანი მოსაუბრეს ეუბნება, რომ ხელისუფლებას აღიზიანებს “იბერიის“ სარედაქციო პოლიტიკა.
ნატო ჩხეიძის თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადების თანახმად, საუბარი ხუთი წლის ჩაიწერა.
„ეს არც 5 წლის წინ, არც 3 წლის წინ და არც ორი წლის წინ არ არის ჩაწერილი“, თქვა ჩხეიძემ. მისივე ვარაუდით, ვიცე-სპიკერი სამართალდამცველების ცრუ ინფორმაციას დაეყრდნო.
მან დასძინა, რომ პირადად არ აპირებს გამოძიებას მიმართოს.
„არასდროს მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, უნდობლობის გამო, ან ძალიან არაკომპეტენტურები არიან. ერთიც სამწუხაროა და მეორეც“, თქვა ჩხეიძემ.
Your browser doesn’t support HTML5
ამავე საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად პრეზიდენტის მრჩეველმა, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა თქვა:
„როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს ამ საკითხებზე გამოძიება“.
„ომეგა ჯგუფი“, რომელიც თამბაქოს ბიზნესს, ასევე, სხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, „იბერიის“ დაფინანსების ძირითადი წყაროა.
ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება. კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს. კომპანიათა ჯგუფის მთავარმა მეწილემ და „იბერიის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა თავისივე ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება მასზე ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს და ეს პირდაპირ აისახება ტელევიზიის მუშაობაზე.
10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უარყო მთავრობის ზეწოლა „ომეგა ჯგუფსა“ და, შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიაზე“.
მისი სიტყვებით, მიუღებელია და სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს გადასახადებს თავი აარიდოს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო მათ სხვას ვერაფერს სთავაზობს.
„ვალის რესტრუქტურიზაცია არის კანონით გაწერილი და სხვა რაიმე უკეთესის შეთავაზება არის უკანონო“, აღნიშნა ჩხეიძემ. მან დასძინა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ.
„იბერიის“ „ახალი ამბების“ წამყვანმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ პრეზიდენტისგან „უპირობო მხარდაჭერა“ მიიღეს.