ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ფინანსური დავალიანებისა და კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ. მანამდე კი 23 ოქტომბერს მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს თავიანთი შრომითი უფლებების დარღვევა და დუმილი, რომლითაც ტელეკომპანიის დირექცია ხვდება მათ მოთხოვნებს.
ტელეკომპანიის მენეჯმენტმა 22 ოქტომბერს დასაქმებულთა ნახევარი, დაახლოებით 80 ადამიანი, ოფიციალურად გაათავისუფლა სამსახურიდან ისე, რომ პრაქტიკულად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და არ აუხსნია მათთვის, როგორ აპირებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მას კონტრაქტითა და შრომის კანონმდებლობით ევალება:
ნინი ჩუბინიძე, „იბერიას თანამშრომელი“ – „კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მოგვივიდა შეტყობინება, თუმცა ხელი მოვაწერეთ მხოლოდ იმას, რომ ეს საბუთი ჩაგვბარდა და არა იმას, რომ ვეთანხმებით ყველაფერს, რაც შიგ წერია“.
გიორგი ჯიბღაშვილი, „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - „ბრძანებაში ეწერა, რომ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაიხურა ტელეკომპანია „იბერია“, ფინანსურ ვალდებულებებსა და კომპენსაციებზე მასში სიტყვაც არ ყოფილა. ჩვენ არ გვაქვს და არც გვქონია ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა რეორგანიზაცია, რა შეიძლება იყოს პერსპექტივა. ამას ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ჩვენთვის ვინმეს ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა უშედეგოდ. 80 ადამიანი სამსახურიდან ვართ გათავისუფლებული, მე ვფიქრობ, რომ არაკანონიერად და ამას გავასაჩივრებთ - გავასაჩივრებთ როგორც კომპენსაციის საკითხს, ისე სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს.“
თორნიკე ხურციძე, „იბერიის“ თანამშრომელი - „ჯერ გვითხრეს, როდესაც „ომეგა ჯგუფი“ სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას, მერე გაჩნდება ტელევიზიის ანგარიშზე თანხებიო. მანამდე კი გვითხრეს, რომ სარეკლამო შემოსავლები გვექნება და თანამშრომლების ვალებს ამის საშუალებით ეტაპობრივად დავფარავთო. მაშინ გვქონდა შეკითხვა, როგორ უნდა განთავსდეს რეკლამა, თუ ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს. ამაზე პასუხი დღესაც არ გვაქვს. ოფიციალურადაც მივმართეთ კითხვით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ტელეკომპანიამ თავისი იურიდიული ვალდებულებები თანამშრომლების წინაშე უნდა შეასრულოს. ეს არ არის ქვეყანაში პირველი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი ასე იქცევა. ასე არ შეიძლება, ეს უნდა დასრულდეს.“
ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომელთა უფლებებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანება დაიცავს. როგორც გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა გვითხრა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და სარჩელის მომზადება უახლოეს დღეებში დასრულდება. მისივე განმარტებით, პროფკავშირები კანონით მინიჭებულ ყველა საშუალებას მიმართავს იმისთვის, რათა ტელეკომპანიის თანამშრომლების სოციალური გარანტიები დაცული, ხელფასი კი გასტუმრებული იყოს.
„იბერიის“ თანამშრომლების მიმართ შრომითი უფლებების დარღვევა, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ მათ ვერ მიიღეს ანაზღაურება, ნახევარი თვის ხელფასი. ამას გარდა გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა - არ იქნა დაცული პროცედურები, რაც არის კანონით დადგენილი. ვგულისხმობ წინასწარ შეტყობინებას გათავისუფლების შესახებ და კომპენსაციის გადახდას. არც ერთზე აქ საუბარი არ არის, მათ მიიღეს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანება მას შემდეგ, რაც პრესკონფერენცია გამართეს. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, თუკი კომპანიის მხრიდან მათი სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების მზაობა არ იქნება, გადავინაცვლოთ სასამართლოში“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
ასევე ნახეთ "იბერიის“ თანამშრომლები მენეჯმენტს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას სთხოვენპრესკონფერენცია, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანებისა და ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები კომპანიის დირექციის მხრიდან დასაქმებულების სამსახურებიდან დათხოვნის გადაწყვეტილების მიღებას დაჩქარებას უკავშირებენ, 19 ოქტომბერს გაიმართა. პრესკონფერენცია არხის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად გამართა. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ როგორც „იბერიის“ თანამშრომლები, ისე მთლიანად პროფესიული კავშირები ყოველთვის დგას თავისუფალი მედიის დაცვის სადარაჯოზე, თუმცა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის გამართლება არ შეიძლება. ითქვა ისიც, რომ იბერიის დირექციის მიერ თანამშრომლებთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაჩვენებელია ისიც, რომ მათ საკუთარი ტელეკომპანიის დახურვის შესახებ ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებისგან შეიტყვეს.
ასევე ნახეთ ორგზის დახურული „იბერიის“ ბუნდოვანი მომავალიტელეკომპანია „იბერიამ“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. არხის მფლობელი „ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანიაში შექმნილ ფინანსურ კრიზისს ხელისუფლების მიერ ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და მას კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის დახურვაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებითა და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს საბიუჯეტო დავალიანებას, რომლის ოდენობა 51 მილიონ ლარს აღემატება. ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომელთა მოთხოვნებზე კომენტარს არხის მენეჯმენტში არ აკეთებენ, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. „იბერიის“სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად მზად არიან ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ ბერკეტს მიმართონ - პერმანენტული აქციებისა და შიმშილობის ჩათვლით.