პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენის ბრალდებებს უწოდებს „წინასაარჩევნო შოუს“, ჩიკვაიძეს კი - „კაცს, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს“, - თუმცა პრემიერი ამბობს, რომ არ სურს ამ პრობლემებს „ჩაუღრმავდეს“.
ბრალდებებს უარყოფს პროკურატურაც და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორიც, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ახლო კავშირების ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს.
„ანტისახელმწიფოებრივი დავალება“
ხუთშაბათს, 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ ღამის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.
„2022 წელს ჩვენ დაგვავალეს ძალიან ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი“, - ამბობს ჩიკვაიძე, თუმცა ჯერჯერობით არ აზუსტებს, ვისგან მოდიოდა ეს დავალება და რას სთხოვდნენ.
თუმცა, ჩიკვაიძის მონათხრობის თანახმად, სწორედ ამ „დავალებაზე“ უარს მოჰყვა ზეწოლა რამდენიმე თვეში.
იახტები, მხარდაჭერა „ოცნებას“ - ვინ არის ჩიკვაიძე?
38 წლის გიორგი ჩიკვაიძე, - მეტსახელად „რამზესი“, - წლებია, იახტების ბიზნესშია.
მისი დაფუძნებულია კომპანია „აზიმუტ იახტები საქართველო“ და „რამზეს იახტსი“, ასევე „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“.
წლების განმავლობაში იყო ტაბლოიდური მედიის საყვარელი გმირი - მისი წარმატების ამბებისა და რომანტიკული ურთიერთობების ისტორიების გამო.
მედიისთვის მისივე მონათხრობის თანახმად, დაახლოებით 2015 წლიდან, საფრანგეთში ყოფნისას ჩაერთო იახტების ბიზნესში, - მოხვდა საერთაშორისო კომპანია „აზიმუტ ბენეტში“ და იქ დაგროვილი გამოცდილებით დაიწყო კარიერა საქართველოშიც.
პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონია, მაგრამ დაახლოებული იყო „ქართული ოცნების“ გუნდთან.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი საჯაროდ უჭერს მხარს კახა კალაძეს თბილისის მერის პოსტზე. ინტერვიუებს აძლევს ტელეჟურნალისტებს და მონაწილეობს კალაძის კამპანიაში.
2017 წლის 13 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში ამბობდა: „არ მესმის, როგორ შეიძლება შეადარო დღევანდელი ყოფა იმას, რა რეპრესიებიც იყო ხალხის მიმართ იმ რეჟიმის დროს“.
ახლა ამბობს: „თითოეული დღის მრცხვენია, როცა მე „ოცნებას“ მხარს ვუჭერდი“. ეს მან 2024 წლის 13 ივნისს თქვა იმავე ტელეარხზე.
2023 წელს ჩიკვაიძეს მცხეთის მერიასთან ჰქონდა კონფლიქტი. იგი მეზობლებთან ერთად აპროტესტებდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ცემენტის ქარხნის უნებართვო მუშაობას.
ქარხანა, რომელიც უნებართვოდ იყო აშენებული და რომელიც მოსახლეობას ხმაურით აწუხებდა და ჰაერს აბინძურებდა, „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნოდა. ჩიკვაიძე მეპატრონის მფარველობაში ბრალს სდებდა „ოცნებასთან დაახლოებულ ადგილობრივ კლანსა“ და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძეს. ხუნდაძე ამბობდა, იმ ხალხს, ვისზეც ჩიკვაიძე ლაპარაკობს, არც კი ვიცნობო.
საბოლოოდ ცემენტის ქარხანა დაიხურა.
მისი ბიზნესპარტნიორია ირაკლი პაპიაშვილი. ამჟამად სწორედ ის არის „რამზეს იახტსის“ მფლობელი. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ორივე მათგანი ფიგურირებს.
რაზე დავობს ახლა?
ჩიკვაიძე ამბობს, რომ 2022 წელს „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, მისი და მისი პარტნიორის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.
მისი მონათხრობის თანახმად, „ამ უარიდან მალევე“ მის „არეალში გამოჩნდა“ ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე, - რომელსაც ჩიკვაიძე ახასიათებს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენად“.
ჩიკვაიძის თქმით, იგი „გამოირჩეოდა გადამეტებული ყურადღებით“: „ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამხდარიყო ჩვენი მეგობარი“.
ბიზნესმენის მონათხრობის თანახმად, მისმა კომპანიამ გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება თურმანიძის კომპანიასთან და გარკვეული პერიოდი „ყველაფერი გრძელდებოდა ჩვეულებრივად“.
თუმცა, ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, - რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, - „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.
„ჩვენმა კომპანიამ უღიარა, რომ აღარ შეასრულებდა ამ დავალებას და თანხის გადახდის გრაფიკი შევთავაზეთ… კაცს ვთავაზობთ, არ გვინდა შენთან ურთიერთობა, გვინდა თანხა დაგიბრუნოთო“, - ამბობს ბიზნესმენი.
„ორი კვირა ვთხოვდით, მოეცა საშუალება, რომ ეს ოპერაცია დასრულებულიყო და თანხა დაბრუნებულიყო. მაგრამ მან მოინდომა შემდეგი: თანხას დამიბრუნებთ ესპანეთში „ქეშის“ [ნაღდი ფულის] სახით, ან ესტონეთში კონკრეტული კომპანიის ანგარიშზეო“, - იხსენებს ჩიკვაიძე და ამბობს, რომ ესეც საეჭვოდ ჩათვალეს.
„ამის შემდეგ მას არ ველოდებით, ვრიცხავთ [ქართულ] კომპანიაში თანხის პირველ ტრანშს და … მეორე დილით გვირეკავს აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური ნაწილი, რომ ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ჩავიდეთ ბათუმში“.
„თავად მოვიდნენ“ - რას ამბობს თურმანიძე
ბიზნესმენ ელგუჯა თურმანიძეს ჩიკვაიძესა და პაპიაშვილთან ურთიერთობასა და განვითრებულ მოვლენებზე სხვანაირი ვერსია აქვს.
თურმანიძის ადვოკატი, არჩილ შაბაშვილი რადიო თავისუფლებას თავისი კლიენტის ვერსიას ასე აღუწერს:
- ელგუჯა თურმანიძე ფლობს სამშენებლო კომპანია ETS Building-ს, რომელიც ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მშენებარე კორპუსთან გეგმავდა იახტკლუბის, იახტებისათვის პლატფორმის მოწყობას.
- თურმანიძემ კი არ მიმართა ჩიკვაიძეს, არამედ თავად ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა წარუდგინეს თავი, როგორც იახტების შემომყვანებმა საქართველოში, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება იახტის ჩამოყვანაზე;
- მათ თურმანიძე წაიყვანეს იტალიაში, - კომპანიის ხარჯით, - „აჩვენეს, ამა და ამ იახტას გიყიდით, ამა და ამ ფასად ჩამოგიყვანთო“;
- „შემდეგ თითქოსდა შეიძინეს, შემდეგ თქვეს, რომ პრობლემებია და იახტა საქართველომდე ვერ მოდისო. საბოლოოდ, იახტა ვერ ჩამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თარიღის გადავადება“.
ადვოკატის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება იყო 415 000 ევრო, - რაც გადაიხადეს, - ჩიკვაიძემ და მისმა პარტნიორმა კი 2024 წლის იანვარში მხოლოდ ნაწილი, 50 000 ევრო დააბრუნეს.
„დარჩა დაახლოებით 365 ათასი ევრო, რაც დღემდე არ გადმოურიცხავთ“, - ამბობს ის.
გამოძიება
ადვოკატ არჩილ შაბაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ელგუჯა თურმანიძემ 2024 წლის 17 იანვარს მიმართა პროკურატურას, რის შემდეგაც საქმე აღიძრა მითვისება-გაფლანგვის მუხლით.
ეს სისხლის სამართლის 182-ე მუხლია, რომელიც, სხვადასხვა გარემოების პირობებში, 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჩიკვაიძის ვერსიით, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, მათ მიმართეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს:
„გადახედა თუ არა შოთაძემ საქმეს, ორ დღეში ჩვენი საქმე აჭარის პროკურატურაში გაქრა. იმიტომ რომ მან დაინახა, რომ საქმე იყო შეკერილი“, - ამბობს იგი.
მისი თქმით, შოთაძის ცვლილებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, იმავე საქმეზე ფინანსურმა პოლიციამ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა - დაიბარა. შოთაძე 2024 წლის 23 მაისს გადადგა. პარლამენტმა ახალ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.
თუმცა თურმანიძის ადვოკატი ამ ეპიზოდზეც განსხვავებული ვერსიას ავითარებს. მისი თქმით, საქმე არ შეწყვეტილა: ჯერ გადაიგზავნა აჭარის პროკურატურაში, რადგან „დანაშაულის ჩადენის ადგილი აჭარა იყო“, შემდეგ კი დაექვემდებარა თბილისის ფინანსურ პოლიციას, რომელიც დღემდე აწარმოებს გამოძიებას და „ამაში გასაკვირი არაფერია“.
ამას ამბობს პროკურატურაც.
„მათ მიმართ პატიმრობა არავის გამოუყენებია, დააკისრეს 50-50 ათასი ლარის გირაო“, - ამბობს ადვოკატი.
ჩიკვაიძე ამბობს, რომ გირაო მხოლოდ მას შემდეგ შეუფარდეს, რაც პროკურატურის წარმომადგენელს უთხრეს, რომ ამ ყველაფერს ჟურნალისტებს მოუყვებოდნენ.
მათ 4 ივლისს წაუყენეს ოფიციალურად ბრალი.
„4 ივლისს წაგვიყენეს ბრალი საკუთარ კომპანიაში, საკუთარ ანგარიშზე თანხის მითვისებაზე. როგორც ჩანს, ეს „დასჯილების“ მუხლია“, - ამბობს ჩიკვაიძე და აზუსტებს:
„4 ივლისს გვირეკავენ, ბრალი უნდა წაგიყენოთ, უნდა დაგაკავოთ და იქნებ მობრძანდეთ 6 საათზე, თავს ნუ გვადევნინებთო. მე ვუთხარი, მოვალ ჩემი ფეხით, პრობლემა არ არის, მაგრამ მანამდე მე მივდივარ ტელეკომპანია „პირველში“, მექნება პირდაპირი ჩართვა, ვილაპარაკებ ბევრ საკითხზე, - მათ შორის იმაზე, რაზეც დღეს კვლავ არ მინდა საუბარი, - და მერე დამაკავეთ-მეთქი. ნახევარ საათში ოთხი ზარი შემომივიდა გენერალური პროკურატურიდან, იქნებ ეს ბრიფინგი არ ჩაატაროთ და გირაოში გაგიცვლითო“.
მისი თქმით, იმ დროს „ჩვენდა სამწუხაროდ, მოგვიწია დათანხმება“.
„10 დღეში გაგანადგურებთო“
გიორგი ჩიკვაიძის მონათხრობის თანახმად, გარკვეულ ეტაპზე ის და მისი პარტნიორი „ფინანსურ პოლიციაში“ დაკითხვაზე მივიდნენ, სადაც შვიდი საათი დაჰყვეს.
„როდესაც გამოვდიოდით, წამოგვეწია პიროვნება, რომელმაც გვთხოვა, რომ ვინმე გიორგი არდაზიშვილს, - საგამოძიებოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, - უნდა ჩვენი ნახვა. რაც მის კაბინეტში მოხდა, ამას „შეყენება“ ჰქვია ქუჩურ ჟარგონზე“, - ამბობს იგი და იხსენებს, მისი თქმით, რა უთხრა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა:
„ბიჭო, შენს ავტორიტეტს, 10 დღეც არ გვინდა, ისე გავანადგურებთ, უამრავი ადამიანი გიცნობს ამ ქვეყანაში, შენ ჯერ კაპიტალიც არ დაგიგროვებიაო. შენ კი არა, რომ დაგვჭირდა, ვერ ნახე, მამუკა ხაზარაძეს რა ვუქენითო? გიორგი ბაჩიაშვილს რა ვუქენითო? გაგვიჭირდება შენზეც იგივე გავაკეთოთო? შენ არც დავალების შესრულება გინდაო. წადიო, რასაც გეუბნება ეს ხალხი, გააკეთეო და მერე, მაინც ევროპას მისტირი და წადი და იქ აკეთე შენი საქმეო“.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი მოკვლის რისკები არსებობს. მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა:
„ღმერთი არ გაგიწყრეთ, ან მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემი საქმიანი პარტნიორის რომელიმე წევრს, ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს. პირდაპირ იქნება ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელი ამ საკითხზე“.
ბრალდება ფულის გამოძალვაზე
გიორგი ჩიკვაიძე ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი, - რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია, „გენერალურ პროკურორთან მისატანად 50 ათას დოლარს სძალავდა“.
„ჩვენს მომდევო სასამართლო პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე გავავრცელებთ ჩანაწერს, თუ როგორ გვძალავდა სუსიდან მხსნელად მოვლენილი ადვოკატი 50 ათას დოლარს; ჩანაწერში ისმის, როგორ გვეუბნება, რომ ეს თანხა მისატანია [გენერალურ პროკურორ] გაბიტაშვილთან, და ამ თანხის სანაცვლოდ ცოტა ნაკლებად „მოგიჭერენო“. ამას გავასაჯაროებთ“, - თქვა ჩიკვაიძემ ტვ „პირველის“ ეთერში.
პროკურატურა ამბობს, რომ ამაზე გამოძიება დაიწო.
„რაც შეეხება [ჩიკვაიძის] მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში“, - წერს პროკურატურა 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რეკეტი“
ჩიკვაიძე თავისი მონათხრობის გათვალისწინებით „რეკეტზე“ - ბიზნესის წართმევის სურვილზე - მიანიშნებს და ამბობს:
„გუშინ [11 სექტემბერს] დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ბიზნესისთვის, კანის იახტების ფესტივალი, სადაც ხდება კონტრაქტების გაგრძელება და ა.შ. გირაო გადახდილი გვაქვს 100 000 ლარი, პროკურატურას ვეუბნებით, აუცილებლად უნდა წავიდეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება. ჩვენ მოგვდის უარი, და მეორე დილას თურმანიძე აანონსებს, რომ ის უმასპინძლებს ქართველებს იახტების ფესტივალზე“, - თქვა მან 12 სექტემბერს.
რადიო თავისუფლებამ ჩიკვაიძის მომჩივნის, ბიზნესმენ ელგუჯა თურმანიძის ადვოკატს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა თურმანიძის ახლო კავშირებს ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან, რაზეც მან გვიპასუხა:
„მე საქმეს ვაწარმოებ სისხლის სამართლის ნაწილში. დანარჩენზე ინფორმაციას არ ვფლობ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმესთან არავის არანაირი შეხება არ აქვს, გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა. ახლა ხდება ამ საკითხის პოლიტიკურად შეფუთვა, „იმან ეს მითხრა“, „ამან ის მითრა“, რომ როგორმე წარმოაჩინონ საქმე სხვანაირი კუთხით, რათა ვიღაცამ თავი აარიდოს კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას“.
რას ამბობს ხელისუფლება
13 სექტემბერს ამ თემაზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე ჩიკვაიძის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ „ბიზნესრეკეტი იყო სისტემური პრაქტიკა 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა“, ჩიკვაიძის განცხადებებს კი „საარჩევნო შოუ“ უწოდა.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი საარჩევნო შოუები, როდესაც მაინცდამაინც არჩევნების წინ გამოდიოდნენ ხოლმე კონკრეტული ადამიანები და ასეთ რაღაცებს ამბობდნენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე… ვერცერთ ჯერზე ვერავინ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ამ შემთხვევაშიც, ეს არის კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს, - არ მინდა ამ პრობლემებს ჩავუღრმავდე. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო შოუ, სადაც მტკიცებულება არ არსებობს, ასეთ განცხადებას ვერ ექნება ვერავითარი ფასი“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პროკურატურას გიორგი ჩიკვაიძის საკითხზე, მის განცხადებებზე კომენტარის მოსასმენად. პროკურატურაში დამატებით კითხვებზე უარი გვითხრეს და თქვეს, რომ დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებდნენ. საგამოძიებო უწყების 18:00 საათზე გამოქვეყნებული განცხადება იმეორებს და ავსებს ადვოკატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გაცნობილ ვერსიას.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ „გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით“.
მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 15 ოქტომბერსაა დანიშნული.
„ანტისახელმწიფოებრივი დავალება“
ჩიკვაიძის თქმით, თავის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა და დოკუმენტები გადასცა ჟურნალისტ ნოდარ მელაძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
2024 წლის 5 აგვისტოს გიორგი ჩიკვაიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც პრეზიდენტი საუბრობს პარლამენტში ახლად მიღებულ „ოფშორების კანონზე“ და ამბობს, რომ იგი „საქართველოს გარდაქმნის ნაცრისფერ ზონად, თუ არა შავ ხვრელად“, - და ახსენებს იახტებსაც.
„კანონის მიზანია, აქ შემოვიდეს აქტივები, - ფულზე ნაკლებადაა საუბარი, ფული გადის საბანკო სისტემით, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული და გაკონტროლებულია, - საუბარია აქტივებზე - თვითმფრინავებზე, იახტებზე, რაც ძალიან დიდ თანხებზე ადის“, - ამბობდა პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს „შეიძლება აწყობდეს არა მხოლოდ ივანიშვილს პირადი ქონების გადმოტანაში სანქციების შემთხვევაში ან სანქციებამდე, არამედ შესაძლოა, [აწყობდეს] ბევრ სხვა ოლიგარქს დასანქცირებამდე, რომ უსაფრთხოდ ჰყავდეთ ბათუმის კუნძულზე, რომელიც დაჩქარებული ტემპით შენდება“.
ჩიკვაიძემ პრეზიდენტის გამოსვლიდან მოჭრილი ეს ეპიზოდი 5 აგვისტოს შემდეგი ტექსტით გააზიარა ფეისბუკზე:
„ეს არის სიმართლე! თქვენ კიდევ არ იცით, რა ხდება ამ ქვეყანაში და რა არის დაგეგმილი. თან ვინც ამაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, იმათ „არეკეტებენ“ და სწირავენ. ვინ გაიწირება, ამას ვნახავთ. ყველაფერზე ლაპარაკს და დეტალიზებას თავისი დრო აქვს“.
ამჟამად, სატელევიზიო ეთერში კითხვაზე, რა „დავალება“ იყო ის, რაც, მისი თქმით, სთხოვეს და არ შეასრულა, გიორგი ჩიკვაიძე ამბობს:
„ეს ეხება ქვეყნის სახელს, ქვეყნის უსაფრთხოებას და ამ თემას შემოვინახავ, ცოტა ხანი არ ვისაუბრებ“.