იაფი პოლიტიკის ძვირი ფასი

2018 წელს სახელმწიფომ ჯამში 55 მილიონ ლარამდე დახარჯა არჩევნების ჩატარების ღონისძიებებსა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. საქართველოში არჩევნების ჩატარება საშუალოდ 40 მილიონი ლარი ჯდება, პარტიების შენახვა კი წელიწადში 12-დან 15 მილიონ ლარამდე.

2018 წლის ივნისში NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის სამი ყველაზე მწვავე პრობლემა სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ინფლაციაა. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ყველაზე მეტად სასურველია ჯანდაცვის და განათლების სფეროებში, ასევე პენსიების ზრდისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

2017 წლის მონაცემებით, 39 პოლიტიკურმა პარტიამ 39 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა რეკლამაში, მივლინებებსა და ხელფასებში. ამ თანხის ორი მესამედი (20 607 450 ლარი) მმართველ გუნდზე მოდის.

თითო არჩევნების ჩატარებისთვის ქვეყანა დაახლოებით იმდენ ფულს ხარჯავს, რასაც პროფესიულ სამხედრო განათლებაზე (43 მილიონი), საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა (40 მილიონი) და პროფესიულ განათლებაზე (40 მილიონი).

ერთი არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა უტოლდება იმუნიზაციაზე (22 მილიონი), შიდსის მართვაზე (10 მილიონი), ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე (10 მილიონი ლარი) და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე (9 200 000) გაწეული ხარჯების ჯამს.

არჩევნების ადმინისტრირებაზე ბიუჯეტიდან დახარჯულ მილიონებზე არანაკლებ შთამბეჭდავია პარტიების წინასაარჩევნო ხარჯები.

2017 წლის მონაცემებით, 39 პოლიტიკურმა პარტიამ 39 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა რეკლამაში, მივლინებებსა და ხელფასებში. ამ თანხის ორი მესამედი (20 607 450 ლარი) მმართველ გუნდზე მოდის.

როგორ ნაწილდება პარტიების დაფინანსებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მონაცემებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა 20-ზე მეტი პარტია.

ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხები იმდენივეა, რაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, დევნილთა საარსებო მინიმუმისთვის, ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადებისა და ელექტრონული სწავლებისთვის გამოყოფილი ფული ერთად.

ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზანი პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის თავიდან აცილება,კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა. ქართულ პოლიტიკაზე დაკვირვება აჩენს კითხვებს, რამდენად ემსახურება მიზანს დახარჯული მილიონები?

როგორ ნაწილდება პარტიებისთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებსა და საქმიანობაზე

2017 წელს "ქართულმა ოცნებამ" ბიუჯეტიდან თითქმის 4 მილიონი, 3 946 576 ლარი მიიღო. აქედან 199 296 ლარი სატელევიზიო რეკლამებისთვის და საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი.

ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებენ არა მხოლოდ ის პარტიები, რომელთა წევრებიც პარლამენტში ხვდებიან და პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად აქტიურად მონაწილეობენ, ასევე ის პარტიებიც, რომლებიც თითქმის უხილავები არიან.

ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე დიდი თანხა 2017 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიღებული და ის 2 548 234 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივე, 2 255 973 ლარი მიიღო 2017 წელს ევროპულმა საქართველომაც.

ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებენ არა მხოლოდ ის პარტიები, რომელთა წევრებიც პარლამენტში ხვდებიან და პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად აქტიურად მონაწილეობენ, ასევე ის პარტიებიც, რომლებიც თითქმის უხილავები არიან. მაგალითად, 2017 წელს "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირმა" 533 017 ათასი მიიღო ბიუჯეტიდან, "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზამ" - 543 421 ათასი, პარტიამ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - 543 017 ათასი ლარი.

ამ თანხების დიდი ნაწილი ხელფასებზე მოდის: მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზამ" 2017 წელს მიღებული დაფინანსების ნახევარზე მეტი, 306 517 ლარი დახარჯა ხელფასებზე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ კი ხელფასების გარდა, პრემიებიც გასცა და ჯამში მათმა რაოდენობამ 237 300 ლარი შეადგინა მხოლოდ 2017 წელს.