“დილას 8-ზე რომ გახვალ, საღამოს 8-მდე ვერ ბრუნდები შინ” - 15 სოფლის ათასობით მოსახლე სატრანსპორტო ბლოკადაში

ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 15 სოფლის მოსახლეობა წლებია ფაქტობრივ სატრანსპორტო ბლოკადაშია მოქცეული.

რაიონული ცენტრებიდან ბეჟათუბანში, წიფაში, ჩრდილში, ფონაში, საღანძილეში, ლაშესა და მდინარე ჩხერიმელას ხეობაში გაბნეულ იმერულ სოფლებში არც ავტობუსი მიდის და არც სამარშრუტო ტაქსები. საავტომობილო გზა, რომლის შეკეთებისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი, მწყობრიდან არის გამოსული. აქ გზის სარემონტო სამუშაოები COVID-19-ის პანდემიის დროს - 2020 წელს შეჩერდა და აღარ განახლებულა.

არც პანდემიის დროს გაუქმებული რეგიონული ელექტრომატარებლების რეისები აღდგენილა სრულად. თბილისიდან ბათუმის, ზუგდიდისა და ფოთის მიმართულებით მიმავალი სწრაფი მატარებლები კი პატარა სოფლებს გაჩერების გარეშე გადიან.

ერთადერთი გზა ხაშურიდან ხარაგაულამდე რკინიგზის პირას გაშენებულ სოფლებში მოსახვედრად რეგიონული მატარებელია, რომელიც პანდემიის დასაწყისში გაჩერდა იმის გამო, რომ ვაგონებში უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი იყო. 2022 წლის თებერვალში სარკინიგზო მიმოსვლა კი განახლდა, მაგრამ მხოლოდ ორი - დილა-საღამოს რეისებით.

„ეს სოფლები ისედაც იცლება, მხოლოდ მოხუცებულები რჩებიან და ისინიც ვერ ახერხებენ ვერსად წასვლას ვერც პროდუქტების მოსატანად, ვერც ექიმთან. ერთადერთი ტრანსპორტი, რაც ამ სოფლებს უდგება, არის ხაშური-ზესტაფონის მატარებელი, რომელიც მხოლოდ დილა-საღამოს დადის. ეს ნიშნავს იმას, რომ დილას 8 საათზე რომ გახვალ, საღამოს 8 საათამდე ვერ ბრუნდები სახლში. შეიძლება ორი საათის საქმე გქონდეს და მერე მთელი დღე უნდა იჯდე რკინიგზის სადგურზე და ელოდო, როდის მოვა შენი მატარებელი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 18 წლის სანდრო კვინიკაძე.

სანდრომ პანდემიის 6 თვე გაატარა ქვებში, 200-მდე ადამიანით დასახლებულ სოფელში ხარაგაულიდან 12 კილომეტრის მოშორებით, რკინიგზის სადგურ ვახანისწყლის სიახლოვეს. სანდრო ამბობს, რომ ქვები, ვახანისწყალი და კიდევ 13 სოფელი 3 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დღემდე, პრაქტიკულად, პანდემიის დროს დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვებით ცხოვრობს.

ვახანისწყლის სადგურზე მხოლოდ ხაშური-ზესტაფონის ელექტრომატარებელი ჩერდება. ერთ- ან ორვაგონიანი „ელექტრიჩკა” ზაფხულში კონდიციონერის და ზამთარში გათბობის გარეშე ერთადერთი ტრანსპორტია, რომლითაც სანდროს არდადეგებზე ან შაბათ-კვირას მშობლიურ სოფელში წასვლა შეუძლია. მატარებელი დღეში ორ რეისს ასრულებს: დილას 7-ზე და საღამოს 5-ზე. ბილეთი 50 თეთრი ღირს.

ხაშური - ზესტაფონის ელექტრომატარებელი

„არსებობს სხვა გზაც: მოლითის ან ვახანისწყლის სადგურში ფეხით ან ტაქსით წასვლა და მერე ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობა. მოლითამდე 6 კილომეტრია, ვახანისწყლამდე 3. ტაქსი დაახლოებით 15-20 ლარი დაგიჯდებათ, ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობა, 9 ან 14 ლარი იმის მიხედვით, რომელ მატარებელს გაყვებით”, - გვიხსნის სანდრო.

მოლითის და მარელისის სადგურებზე ვახანისწყლისგან განსხვავებით მეტი მატარებელი აჩერებს, მაგრამ ეს მგზავრობა, მხოლოდ ერთი გზა, 25-დან 30 ლარამდე ჯდება. ანუ სოფლიდან რაიონულ ცენტრში ჩასვლა და უკან დაბრუნება 60 ლარი შეიძლება დაჯდეს და ამ ხარჯის გაწევა იქ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ.

სოფელიზედა ქვები

სანდრო კვინიკაძის პეტიციას ხაშური-ზესტაფონის მატარებელზე შუადღის რეისების დამატების და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენის მოთხოვნით, რომელიც მან 5 ივლისს გამოაქვეყნა, 20 დღის შემდეგ სამი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს - მიზანი 5 ათასი ხელმოწერის მოგროვებაა. პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, რკინიგზა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.

საქართველოს რკინიგზაში პასუხი არ გასცეს რადიო თავისუფლებას კითხვაზე, აპირებენ თუ არა 15 სოფლის სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა კი სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა, რომ არაერთგზის ჰქონდა რკინიგზასთან „სამუშაო და სატელეფონო კონსულტაცია ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით”.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მატარებლის მოძრაობის პანდემიამდელი განრიგით აღდგენა ამ ზაფხულშივე, მერმა ხაზგასმით თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას რკინიგზა იღებს და არა მუნიციპალიტეტი. „მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება რკინიგზის მიერ”, - მოგვწერა კობა ლურსმანაშვილმა.

რატომ არიან სოფლები დამოკიდებული რკინიგზის გადაწყვეტილებაზე?

„სამანქანე გზა ავარიულ მდგომარეობაშია და ამიტომ ვართ დამოკიდებული მხოლოდ რკინიგზაზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფელ წიფაში მცხოვრები ელენა ბანცაძე. ის მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ამავე სოფლის ამბულატორიაში მუშაობს. ხშირად უწევს პროდუქტებისთვის ხაშურში ან სამსახურის საქმეებისთვის ხარაგაულსა და ზესტაფონში წასვლა.

ელენა ამბობს, რომ მასზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ის მასწავლებლები, ვინც წიფის სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად ხაშურიდან ან მეზობელი სოფლებიდან დადიან.

გზის პირებზე მიტოვებული სამშენებლო მასალები; 2021 წელი, ივლისი

ჩუმათელეთიდან ხარაგაულამდე 50-კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლითაც მოწყვეტილ სოფლებთან თბილისი-სენაკის მაგისტრალიდან შეძლებდნენ დაკავშირებას, 2018 წელს დაიწყო. გრუნტის გზაზე ასფალტის სწრაფად დასაგებად სახელმწიფომ სამუშაოები ორ ნაწილად გაყო და ორ სხვადასხვა კომპანიას - „ბლექ სი გრუპსა” და „აკორდს” დაუკვეთა.

„ბლექ სი გრუპმა” გზა ხარაგაულიდან მოლითამდე დაგვიანებით, მაგრამ დააგო. „აკორდმა” კი, რომელსაც 2018 წლის დეკემბერში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 54 მილიონ ლარად 25 კილომეტრი 29 თვეში უნდა დაეგო, სამუშაოები შუა გზაზე მიატოვა.

გარდა იმისა, რომ დაუმთავრებელი გზის გამო მოსახლეობა დაზარალდა, სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიასთან პრეტენზიები აქვს ქვეკონტრაქტორსაც. კომპანია „კალმახელის” დამფუძნებელი, დავით კალმახელიძე, შპს „აკორდს” ჯერ თანხის გადაუხდელობას ედავებოდა და სახელმწიფოს სთხოვდა, მისთვის მიენდოთ პრობლემური გზის მშენებლობის დამთავრება, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ალაპარაკდა. დღეს კალმახელიძე საქართველოში აღარ ცხოვრობს.

სახელმწიფომ „აკორდთან” ხელშეკრულება 2022 წლის დასაწყისში გაწყვიტა. ახალი კომპანიის მოსაძებნად ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა და ყველა ჯერზე ჩაიშალა. ბოლო ტენდერი - 12 ივლისსაა გამოცხადებული და ამჯერად სახელმწიფო მზადაა თითქმის ორმაგი თანხა, 90 მილიონი ლარი გადაიხადოს გზის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის დასაგებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება და შერჩეული კომპანია ვადების დაცვით შეასრულებს სამუშაოებს, ათობით სოფლის ათასობით მოსახლისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაინც ბევრ ვერაფერს შეცვლის - ახალი გზის დასაგებად 24 თვეა განსაზღვრული.

დაუსრულებელი გზის მშენებლობის გამო დანგრეული და ნიადაგგამოცლილი სახლები გზის პირად. სოფელი წიფა, 2021 წელი

ჩუმათელეთიდან ვახანისწყლამდე მიმავალ გზაზე დღეს უსაფრთხოდ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი. ელენა ბანცაძე ამბობს, რომ ცუდი გზის გამო ხაშურიდან გამოძახებულ სასწრაფოს ხშირად საათზე მეტი სჭირდება სოფელში მისასვლელად. GOOGLE-ის რუკის მიხედვით, მანძილი ხაშურიდან წიფამდე 21,5 კილომეტრია. Google maps-ი ამ გზის გასავლელად 48 წუთს წერს.

„ჩვენი სოფელი მაღალმთიანი სოფელია და ფაქტობრივად მოწყვეტილები ვართ გარე სამყაროს. იმის გამო, რომ გზა ძალიან ცუდ რელიეფზე გადის, “მარშუტკაც” აღარ დადის. საკუთარი მანქანა ყველას ხომ არ ჰყავს. მე პატარა შვილი მყავს, წამალი რომ დამჭირდეს, ან სტომატოლოგთან მისი წაყვანა, დილას 9-ზე რომ წავიყვან, საღამომდე უკან ვერ მომყავს”, - ეს 45 წლის ქალია სოფელ გოლათუბნიდან, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

მთის ფერდობზე შეფენილი გოლათუბანი სარკინიგზო ხაზთან დაშორებულია, სამაგიეროდ, დაუმთავრებელ საავტომობილო გზასთან არის ახლოს, რომლის დასრულების იმედიც ადგილობრივებს დიდად აღარ აქვთ.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა, დროზე რომ დასრულებუიყო სამუშაოები, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე რიკოთის მონაკვეთთან გართულებული სამუშაოების ფონზე, სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა გახდებოდა სურამიდან ხარაგაულში მოსახვედრად. ამ გზის გამართულად ფუნქციონირება და მასზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კი სიღარიბის ზღარზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემდა, მეზობელ ქალაქებში გასაყიდად გაეტანათ მოწეული სოფლის პროდუქტები და დამატებითი შემოსავალი მიეღოთ სოფლის მეურნეობისგან.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია [გზა] ხარაგაულის მოსახლეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის”, - გვიდასტურებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.