ძლიერი წვიმის შედეგად, თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე, გზის ნაწილი დაზიანდა. გაუარესებულმა ამინდმა მდინარეების ადიდება გამოწვია, კლდეებიდან ნაშალის ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა.
სოფელ ხისომდე, მეწყრის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. ამ დროისათვის გზაზე ჩარჩენილი ავტომობილები სამშვიდობოს არიან გაყვანილები და გზაც ნაწილობრივ გახსნილია, თუმცა ადგილზე საგზაო სამუშაოები გრძელდება და მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
საგზაო-გაწმენდით სამუშაოებს იქ შპს „გერალი“ აწარმოებს, რომლის წარმომადგენელმა, ტარიელ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორი წელია ასეთი სეტყვა და წვიმა არ ყოფილა. სტიქიის შედეგად მე-13 კილომეტრიდან 75-ის ჩათვლით მთელი გზა დაზიანდა.
„ძალიან დააზიანა გზები. ორი წელია ჩვენ აქ ვმუშაობთ და ასეთი რამე არ მომხდარა. მთელი გზა მე-13-ე კილომეტრიდან 75-ის ჩათვლით გაფუჭებულია. სადაც არასდროს არ ჩამოსულა კლდის ნაშალი, ახლა ჩამოვიდა. ტრაქტორები გვყავს, ექვსი მუშაობდა და დღეს კიდევ ორი დავამატეთ, რომ ყველა მონაკვეთზე იმუშაონ. ვინც გზაზე იყო ჩარჩენილი, ყველა გავატარეთ, ახლა მიდის გზის გაფართოება. ისევ თუ იწვიმა, იგივე მოხდება, დაცული არ ვართ არაფრისგან, მაგრამ მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები, რომ დიდი ხნით გზა არ ჩავკეტოთ“.
Your browser doesn’t support HTML5
ტარიელ წიკლაური აღნიშნავს, რომ თუშეთის გზა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა სწორედ ქვის ცვენის და ჩამონატანის თვალსაზრისით. მისი თქმით, მთელ გზაზე კლდეები დახეთქილია და ადგილზე, განსაკუთრებით ღამით, მუშაობაც რთულია:
„ღამე არ ჩანს სად რა მოწყდება, ვერც ჩვენ ვრისკავთ ხოლმე, შარშანაც კაცი მოგვიკვდა, წელსაც. არ არის აქ უსაფრთხო მუშაობა, არასდროს ვიცით რა მოხდება და თავსაც ვერაფრით დაიცავ. წუხელ, მაგალითად, ისეთ ადგილას ჩამოვიდა 500 კუბის რაოდენობის ნაშალი, სადაც ბოლო ხუთი-ექვსი წელი არაფერი მომხდარა. ახლაც დგას ბულდოზერი და მაგას ასუფთავებს“.
ამინდის გაუარესებაზე მარტო თუშეთი კი არა, მთელი საქართველო არის დამოკიდებულიო, გვითხრა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ვახტანგ გიუნაიძემ. მან გვითხრა, რომ გზის 55-56 კილომეტრზე სადაც ტბა დაგუბდა და გზა დაიფარა, ხრეში უკვე მოყრილია და მანქანის გავლა შესაძლებელია.
„შარშანწინ რომ მეწყერი ჩამოწვა და ტბა გაკეთდა, ეგ ის ადგილია. გუშინ და გუშინწინ ისეთი თავდასხმა იყო, მდინარეების ადიდებაც მაგან გამოწვია. ტბის დონემაც აიწია და წყალი გზაზე გადმოვიდა. ახლა შედარებით ნორმალური ამინდია და შევძელით მანქანების გატარებაც“, - უთხრა ვახტანგ გიუნაიძემ რადიო თავისუფლებას.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც, რომლის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 43-ე და 72-ე კილომეტრების მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღის მეორე ნახევარში შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება.