ანკარაში 16 მაისს განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დაცული იქნება ხალხის ინტერესები.
ხელისუფლების მოკავშირე ანტიდასავლურ ძალებს, პრემიერის ვიზიტის ფონზე, ახალი მესიჯი აქვთ - თურქეთსაც „გლობალური ომის პარტია“ უთხრის ძირს.
პარალელურად, თურქეთი თავად აპირებს მიიღოს კანონი „უცხოურ გავლენებთან“ საბრძოლველად, რაც ოპონენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.
რა ითქვა ანკარაში
რეჯეპ ტაიპ ერდოანს არ უხსენებია „აგენტების კანონი“ და მასთან დაკავშირებული მასშტაბური მღელვარება, მაგრამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთი ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ემხრობა.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გაგვიზიარა ხედვა და მოსაზრებები საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის შესახებ. თურქეთი იმედოვნებს, რომ [საქართველოში] განვითარებული მოვლენები ხალხის სასარგებლოდ დასრულდება“, - თურქეთის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა, წარმოთქმულმა ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოში ბევრის ყურადღება მიიპყრო.
ექსპერტებისთვის ეს აქცენტი მიუთითებს მკაფიო წყალგამყოფზე - თურქეთისა და რუსეთის ინტერესებს შორის.
„ძალიან კარგად ხვდება თურქეთის ხელისუფლება, რომ ამ კანონის [„აგენტების კანონის“] დამტკიცება გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს საქართველოში და პრაქტიკულად რუსეთის ნაწილად აქცევს მას. თურქეთის ინტერესებში არ შედის, რომ მეზობლად რუსეთმა მოიკიდოს ფეხი. თურქეთის პრეზიდენტი ამიტომ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას, ამ შემთხვევაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ამავე კონტექსტის ნაწილად განიხილავს კვლავ გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერას ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.
ბატიაშვილის თქმით, ანკარას კარგად მოეხსენება, რომ დასავლელი პარტნიორები „აგენტების კანონს“ განიხილავენ დაუძლეველ ბარიერად, როგორც ევროკავშირისკენ, ასევე ნატოსკენ მიმავალ გზაზე და შესაძლოა, უკვე მიღწეულიც განადგურდეს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანკარაში ვიზიტის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალურ პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.
ორი მათგანი ზოგადი ხასიათისაა, რომლითაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტს აშუქებს და მიესალმება; ხოლო მესამე პოსტი ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას შეეხება.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის“, - ვკითხულობთ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის გამოსვლაში, არ უხსენებია საქართველოს მიზანი გახდეს ნატოს წევრი. მან ყურადღება ევროკავშირის მიმართულებაზე გაამახვილა.
„მის აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით; შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ რეჯებ ტაიპ ერდოანს მიაწოდა „ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, თუმცა არ დაუკონკრეტებია „აგენტების კანონი“ და შექმნილი კრიზისის დაძლევის ხედვა.
„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“, - ციტატა ასევე ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან.
„დღევანდელი მოცემულობით, თურქეთი, რა თქმა უნდა, არის პროდასავლურ ბანაკში. შესაძლოა, მას გააჩნია საკუთარი, დამოუკიდებელი თამაშის სურვილი, თუმცა ეს თამაში არანაირად არ არის წინააღმდეგობაში ტრანსატლანტიკურ ინტერესებთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.
ექსპერტი იხსენებს, რომ თუკი უკრაინასთან რუსეთის ომში თურქეთი შუამავლის როლს ირგებდა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების [რუსეთის მხრიდან] ჩაშლის შემდეგ, გაძლიერდა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ მიმართულებითაც - „ანკარა ნატოს ქოლგის ქვეშ მოქმედებს“.
ისევ „გლობალური ომის პარტიაზე“
ბოლო დღეებში, თურქეთში კვლავ დაიწყო ლაპარაკი სამხედრო გადატრიალების შესახებ. წერენ, რომ ერდოანი საგანგებო თათბირებს მართავს.
ანტიდასავლური ძალები საქართველოში აცხადებენ, რომ - თურქეთსაც, სხვა ქვეყნების მსგავსად, „გლობალური ომის პარტია“ უტევს - რადგან „ეს ქვეყნები არ თანხმდებიან კონკრეტულ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლას "გლობალური ომის პარტიის" სასარგებლოდ“. კერძოდ, ასეთ მოსაზრებას „ქართული ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ავრცელებენ და საქართველოში მომდინარე საპროტესტო აქციებსაც ამავე კონტექსტს უკავშირებენ.
თურქეთის ხელისუფლებას არასოდეს უხსენებია „გლობალური ომის პარტია“, მსგავსი სახელწოდების ორგანიზაციას მსოფლიოში არავინ იცნობს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისევე როგორც ექსპერტებისთვის, ეს ღიმილის მომგვრელი შეთქმულების თეორიაა.
ასევე ნახეთ ივანიშვილის ქონება და "გლობალური ომის პარტია" - რა ამოძრავებს "ოცნების" მილიარდერ დამფუძნებელსსად დგას თურქეთი?
ექსპერტები, რომლებიც თურქეთს აკვირდებიან, აღნიშნავენ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დასავლელ მოკავშირეებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენა პრიორიტეტად დასახა, შარშან მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ამ გზას განაგრძობს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით 9 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რეჯებ ტაიპ ერდოანი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს და წერს, რომ: ევროპის კონტინენტზე მომძლავრებული კონფლიქტებისა და ომების, ასევე სხვა უარყოფითი მოვლენების აღმოსაფხვრელად - უნდა გაფართოვდეს ევროკავშირის ინკლუზიური, თანამშრომლობაზე ორიენტირებული და სამართლიანი პოლიტიკა.
„ამ კრიტიკულ დროს, როდესაც [ევროკავშირის] გაფართოების პოლიტიკა აქტუალურია, ჩვენი ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის დადგა დრო - გაფართოვდეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და შეიქმნას უფრო მტკიცე საფუძველი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩათვლით, რაც წარმოადგენს ურთიერთობების საყრდენს“, - წერია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
- დასავლელ პარტნიორებთან თურქეთის ურთიერთობების დაძაბვა ადამიანის უფლებების დარღვევითა და დემოკრატიული განვითარების შეფერხებით იყო განპირობებული. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო 2016-2020 წლებში, როცა წარმოშობით თურქი მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ დევნა გაჩაღდა;
- ერდოანის ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი ასეულობით სამოქალაქო თუ სამხედრო პირი დაიჭირა.
- გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სდებს ბრალს.
სწორედ ამ მოვლენების ფონზე შევიდა ჩიხში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
ხოლო გასული წლის სექტემბერში, ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხში, ოლივერ ვარჰეიმ თურქეთს ურჩია, მიეხედა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის - თუკი სურს ევროინტეგრაციის პროცესის გაცოცხლება. ამავე პერიოდში ანკარამ ბრიუსელისგან მიიღო დაპირება, რომ განახლდება გაწევრიანების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკებები, თუკი არ დაიბლოკება ნატოში შვედეთის გაწევრიანება. თურქეთმა ეს პირობაც შეასრულა და შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.
დასავლური ტიპის დემოკრატიამდე თურქეთი ჯერ ისევ შორს არის, სახელმწიფო ინსტიტუციები დიდწილად პრობლემურია, მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების მიმართ ნდობა არსებობს. ექსპერტებისთვის ამაზე მეტყველებს ოპოზიციის შთამბეჭდავი გამარჯვება ბოლო არჩევნებში.
„თუნდაც ამით არ შეიძლება შევადაროთ თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს. რუსეთში არ არის არც არჩევნები და არც არანაირი დემოკრატია“, - ზურაბ ბატიაშვილი მომხრეა, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები თურქეთთან, მათ შორის - რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად.
ასევე ნახეთ ოპოზიციის ტრიუმფი თურქეთში - რა მიზეზებით დამარცხდა ერდოანის პარტიათურქეთის ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში პროევროპული განწყობა დომინირებს.
პროდასავლური პრინციპების „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის მომხრეა, გამარჯვებისთვის სულ რაღაც 6 თვეში მოიკრიბა ძალა - როცა თავის რიგებში მოტივირებული ახალგაზრდები შემოიკრიბა.
„აგენტების კანონი“ თურქეთში
მოელიან, რომ, თურქეთი „აგენტების კანონის“ საკუთარ ვერსიას 2024 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება შპიონაჟის მუხლის გაფართოება და პატიმრობის დაწესება უცხო ძალის ზეგავლენით მოქმედი პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ექსპერტები შიშობენ, რომ თურქეთში მზადდება კიდევ ერთი პლატფორმა ოპონენტებთან საბრძოლველად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორია ერდოანის - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“. კანონმდებლობაში ჩნდება ტერმინი „გავლენის აგენტი“, თუმცა, როგორც მეთვალყურეები შენიშნავენ, ეს ტერმინი ზეპირსიტყვიერად ისედაც დამკვიდრებულია თურქეთის პოლიტიკაში, ოპონენტების წინააღმდეგ.
აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი - არზუ გეიბულაევა, რომელიც წლების განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა, Global Voices-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ კანონმდებლობა მძიმდება რეალობის ფონზე, როდესაც - „20-მდე ჟურნალისტი თურქეთის ციხეშია და ტერორიზმის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, სავარაუდოდ, უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის გამო“.
სტატიაში მოყვანილია ციტატა ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) შეფასებიდან, რომ „შეთავაზებული კანონი შესაძლებლობას მისცემს ერდოანის მთავრობას, არა მხოლოდ განაგრძოს სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა თურქეთში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, რადგან კანონი ვრცელდება თურქეთის მოქალაქეებზე, ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე“.
ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილმა კანონმა შესაძლოა თურქეთს პრობლემები შეუქმნას მოკავშირეებთან ურთიერთობაში, მაგრამ ვერ შეუქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს, საქართველოსგან განსხვავებით.
„საქართველო ყოფილი საბჭოთა სივრცეა და თუ ის დასავლეთს დაშორდება, გახდება რუსეთის ნაწილი. თურქეთი კი ნატოს წევრი ქვეყანაა, დიდი ქვეყანაა და მისთვის რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს, ვიდრე არ გახდება საბჭოთა კავშირის მოდერნიზებული ვარიანტი. რა კანონიც უნდა მიიღონ თურქეთში, მის ორიენტაციაზე ვერ იმოქმედებს და ვერ გახდება რუსეთზე დამოკიდებული. დიდი განსხვავებაა“, - გვეუბნება ბატიაშვილი.
„აგენტების კანონის“ მთავარ მიზნად საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობას ასახელებს. ხოლო ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები შიშობენ, რომ საქართველოში დასამარდება სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო სექტორი, რომელიც დემოკრატიული განვითარების მთავარი იმპულსია. „აგენტების კანონს“ საქართველოში მრავალათასიანი აქციებით აპროტესტებენ, რომელსაც სახელმწიფო საპოლიციო ძალას უპირისპირებს.