ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქაამ და ილია გუნიამ „ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიასთან განიხილეს. გალის რაიონის სოფელ საბერიოში შემდგარი საუბრის ვიდეოჩანაწერი სააგენტო „აიაშარამ“ გაავრცელა.
„ჩვენ გვაქვს კრიტიკული მდგომარეობა ენერგეტიკაში“, - თქვა მიქაამ შეხვედრის დასაწყისში.
„არა კრიტიკული, არამედ უკიდურესად კრიტიკული“, - დაამატა მებონიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკითხეს, რატომ იყო ნოემბრისთვის „ენგურჰესის“ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზე. ამის შემდეგ, ჩანაწერის მიხედვით, ასეთი დიალოგი წარიმართა:
ლევან მებონია: „თქვენ იცით, რომ იყო ასეთი ზეპირი შეთანხმება, 1993 წლიდან დაწყებული, რომლის მიხედვითაც, ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია ნაწილდება 60/40 თანაფარდობით. ეს მაჩვენებელი ქართულ და აფხაზურ ტერიტორიებზე მდებარე ქონებიდან გამომდინარე გამოითვალა. ეს არ სრულდება, სამწუხაროდ - აფხაზეთი ყოველთვის ცოტა მეტს იღებს. წელს ჩვენ ველით, რომ ეს იქნება დაახლოებით 42-43%.
და რატომ მივედით (წყლის დაბალ დონეზე)? იმიტომ, რომ აფხაზური მხარე ელექტროენერგიას გადასახადის გარეშე იღებს, სწორია? კომპანიის არსებობისთვის კი ნოემბრამდე ვიღებთ ჩვენს 60%-ს. მიმდინარე წლის ნოემბერში თითქმის 90% აფხაზეთში წავიდა.
გარდა ამისა, ივლისის შუა რიცხვების შემდეგ იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობები და გვალვა. და ამიტომ მივედით ამ დონემდე.
მაგრამ კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთში მოხმარება დაახლოებით 2,8 მილიარდი კვტ/სთ-ია. მანამდე ამ დეფიციტს რუსეთიდან იმპორტი ფარავდა, ახლა კი ეს აღარ არის. ამან დაცალა წყალსაცავი. ახლა იქ პრაქტიკულად წყალი არ არის, ის მინიმალურ დონეზეა. ჩვენ ვმუშაობთ მოდინებაზე. რამდენი წყალი მოედინება, იმდენ (ელექტროენერგიას) ვაწარმოებთ. ეს შეადგენს დაახლოებით 2-2,4 მილიონ კვტ/სთ-ს დღეში. ხოლო აფხაზეთის მოხმარება, რამდენადაც მე ვხედავ, შეზღუდვების გარეშე არის დაახლოებით 9,5 მილიონი კვტ/სთ და მეტი“.
მებონიას თქმით, ვითარება მკვეთრად არ შეიცვლება 2025 წლის მარტამდე და შესაძლოა მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდეს თებერვალში.
ლევან მებონია: რამდენი ადამიანი ცხოვრობს აფხაზეთში?
ლევან მიქაა: 244 ათასი.
ლევან მებონია: თბილისში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ ღამით ინტერნეტი როცა გამორთეს (აფხაზეთში), მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონი კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი დღეში. ახლა თითქმის 98% (ენგურჰესიდან) აფხაზეთში მიდის. ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ ელექტროენერგიას საკუთარი საჭიროებების დასაფარად.
ლევან მიქაა: აფხაზურ მხარეს გვაქვს უფასო გენერაციის 40%...
ლევან მებონია: არა. ასეთი შეთანხმება, რომ უფასო უნდა ყოფილიყო, არასდროს ყოფილა. უბრალოდ (აფხაზური მხარე) არ იხდის.
ლევან მიქაა: კარგი, არ ვიხდით. შეგვიძლია ვიყიდოთ გენერაციის დამატებით 20%?
ლევან მებონია: არა. <...> თუ გადაიხდით 40 პროცენტის ღირებულებას, მაშინ სურათი სულ სხვა იქნება.
ილია გუნია: 40 პროცენტის ღირებულება რომ გადავიხადოთ, ენგურს წყალი დაემატება?
ლევან მებონია: არა, წყალი არ დაემატება, მაგრამ, ვთქვათ, ექსპორტზე (ელექტროენერგიას) არ გავიტანთ, წყალს დავზოგავთ.
ილია გუნია: ანუ არის წყლის დაზოგვის შესაძლებლობა?
ლევან მებონია: თუ აფხაზური მხარე გადაიხდის 40 პროცენტის ღირებულებას, სრულიად განსხვავებული სურათი იქნება.
19 დეკემბერს აფხაზი ჟურნალისტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯვრის წყალსაცავის მონახულებას გეგმავდნენ, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ ზაალ ხვარცკიამ მათ ენგურის ხიდზე გადასვლის ნებართვა არ მისცა.
დე ფაქტო „(პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი) ბგანბამაც კი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა ჟურნალისტების გაშვების წინადადებით, ვერ შეცვალა სიტუაცია“, - იუწყება სააგენტო „აიაშარა“.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ხვარცკია „ცდილობს ხალხისგან დამალოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჯვრის წყალსაცავში“, წერს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა".
ასევე ნახეთ "თავის თავს დააბრალონ!" - უმწვავესი კრიზისი აფხაზეთშიკრიპტოვალუტების მოპოვებამ, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაბალმა დონემ და რუსული ელექტროენერგიის კომერციულ ფასად გადახდის აუცილებლობამ აფხაზეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისამდე მიიყვანა.
11 დეკემბრიდან მოსახლეობას სინათლე დღისით მხოლოდ სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდება. ღამით (21:00 საათიდან 07:00 საათამდე) ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, კომერციული ტარიფით ხდება. ახალი წლის შემდეგ შესაბამისი კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ კიდევ განიხილება.
18 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან განიხილოს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა.
ენგურჰესი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით, სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, მდინარე ენგურის ხეობაში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. მისი 271-მეტრიანი კაშხალი თაღოვან კაშხლებს შორის სიმაღლით მსოფლიოს ხუთეულშია. ენგურჰესისთვის დაგუბებული წყლის ზედაპირი დაახლოებით 13 კვ.კმ-ია, მასში მილიონ კუბურ მეტრამდე წყალია და შეუძლია 1300 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც საქართველოს და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მოიხმარს. ქალაქ ჯვარში აშენებული ენგურის კაშხალი მდინარე ენგურის წყალს კრებს. ენგური კი სათავეს კავკასიონის მთებში იღებს და შავ ზღვაში ჩადის.