თოჯინებისა და სათამაშოების თავგადასავალი იწყება

კვახურა, ნინო ბრაილაშვილი, მირიან კილაძის ფოტო

ახლა ყოველი მათგანი დროებით ყუთებში ცხოვრობს და საიმედოდ არის დაცული, თუმცა მათი სიჩუმე და „წესიერად მოქცევა“ ძალიან დიდხანს გაგრძელდა - მარინეს ისევ უნდა ყველას დაენახვოს თავისი საპნის ბუშტების საბერით. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ბინადრებზე გიყვებით. უკვე რამდენიმე წელია, თოჯინების მუზეუმი შენობის გარეშეა დარჩენილი. სანამ მათ ყუთებიდან ამოალაგებენ და დედოფალა მარინე სიჩუმეს დაარღვევს, მანამდე 80 წლის მუზეუმის კოლექციის ნაწილმა ერთ დიდ წიგნ-ალბომში მოიყარა თავი. წიგნი სულ ცინცხალია და ეს-ესაა გამოსცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ. მისი გენერალური დირექტორის, ნინი სანადირაძისათვის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის გაცოცხლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, ეს წიგნი კი - საქმის შესავალი.

დედოფალა მარინე, რაფიელ ბექთაბეგიშვილი, მირიან კილაძის ფოტო

სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის დაარსებაზე ლაპარაკი 1936 წელს დაიწყო. მალევე, საქართველოს მაშინდელი მთავრობის დადგენილებით, ათარბეგოვის ქუჩაზე საბავშვო სათამაშოების მუზეუმი გაიხსნა. პირველი ექსპონატები მუზეუმს საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის კოლექციიდან შეემატა. ნინი სანადირაძე მოგვითხრობს, რომ იმ დროს ქართული დედოფალას სახეობაც კი არ არსებობდა. პირველი ქართული თოჯინები - ,,მანანა“ „ეკა“ და სხვები სწორედ მაშინ დაიბადნენ.

ამ 80 წლის განმავლობაში მუზეუმში მართლაც უნიკალური მასალა დაგროვდა, საკმარისზე მეტიც - ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად. ოღონდ ჯერ ეს სამყარო ჩაკეტილია და, როგორც ნინი სანადირაძეც ამბობს, მას შესაბამისად მოწყობილი სივრცე და პირობები სჭირდება. იმედია, რომ არაერთხელ ბინაგამოცვლილი მუზეუმი ისევ იპოვის ახალ სახლს. მანამდე კი წიგნში ჩავიხედოთ, რომლის პრეზენტაციაც მალე უნდა გაიმართოს.

მათი უდიდებულესობა - თოჯინები

ყველანი აქ არიან: ნინო ბელიაევას მწყემსი გურამი და „კაცია ადამიანის“ პერსონაჟი თოჯინები, კოლმეურნე სალომე, ნინო ბრაილაშვილის ხის თოჯინები - რაჭველი ქალი და გურული გელა, მაკა, მარინე და, რაც მთავარია, კვახურა! კიდევ, მისივე დეზდემონა, პუანტებით; თინა თუმანიშვილის გასაშლელი წიგნი, ლუდმილა გილჩევსკაიას სექსტეტი - თოჯინების მთელი ანსამბლი!

ფიომეტა ელიზა გალეა, იტალია, მირიან კილაძის ფოტო

კიდევ, ვერა მირიანაშვილის ნესტან-დარეჯანი, ირმა ქააძის გოგონა ბუშტით და ბედუინი აქლემზე, თამარ კვესიტაძის დედოფალა მანდილოსანი, ანა გაბრიაძის მოქალაქე ვოვა, ნანა ბედიაშვილის პიერო, დენის გონობოლინის ქალაქი და ნანა, მეყანწიშვილის პაპა კარლო, ბურატინოს მარიონეტით. უცნობი ავტორების თოჯინებიც მრავლადაა: დედოფალა ლიზი თუ დედოფალა ბერლინიდან. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თოჯინა მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. ის თამარ კობახიძის ოჯახის საჩუქარია.

გამქრალი თამაშობანი

იცით, გოთა რა თამაშია? ეს ყოფილა ჰოკეის ერთ-ერთი წინაპარი თამაში, რომელსაც გაპრიალებულ ყინულზე ჯოხებითა და ქვით თამაშობდნენ. და სად? კახეთში! თამაშების ნაწილი წიგნის ერთ-ერთი თავია, მასში თბილისის თოჯინების მუზეუმის ექსპედიციების დროს - 1938 -1978 წლებში - მოგროვილი ამბებია ერთად თავმოყრილი. მუხიკუნძ-მუხიკუნძობა, ჯაჭვობანა, რიკ-ტაფელა, შადგინეობა, კენჭობა, ქერიჭამიობა, გოთაობა, ძერა-ძერა, უბინაო კურდღელი - ეს გამქრალი თამაშების სახელებია. დღეს შეიძლება ღიმილის მომგვრელი, მიამიტური, მაგრამ რაღაცნაირი ნამდვილიც. 1900 წელს დაბადებული სოფელ ვარიანელი მარიამ ჯირკველიშვილისგან თამაში, სახელად ნიშხა-ნიშხა, ასე აღიწერება:

მწყემსი გურამი და ხევსური გოგო, ნინო ბელიაევა, მირიან კილაძის ფოტო

„ბავშვები გაიყოფოდნენ შუაზე, ნაწილი ერთ მხარეს დადგებოდა მწკრივში, ნაწილი მეორე მხარეს, ერთმანეთის პირდაპირ. ხელები ჩაკიდული ჰქონდათ ერთი მწკრივის ბავშვებს ცალკე, მეორე მწკრივისას ცალკე. ერთი მხარის ბავშვები დაიძახებდნენ:

„ნიშხა-ნიშხა ბალბალუკა,

ქალი ვინა ჩვენ გახლავართ

მობრძანდით და მზად გახლავართ“

მოპირდაპირე მხარე დაუძახებდა: „ვისი სული გსურთ?“ ბავშვები დაიძახებდნენ ვინმე ბავშვის სახელს. ეს უკანასკნელი გაიქცეოდა და თუ გაწყვეტდა მოპირდაპირეთა ხელების ჯაჭვს, მაშინ ერთ-ერთს წაიყვანდა თავის ჯგუფში. შემდეგ ისევ ჩაებმებოდნენ და გააგრძელებდნენ თამაშს, ოღონდ ახლა ნიშხა-ნიშხას მეორე მხარე დაიძახებდა“.

სათამაშოების მუსიკა

თოჯინების გვერდით მექანიკური მუსიკალური სათამაშოები ცხოვრობენ: დიპლიპიტო, თარი, საქანელა, რაფიელ ბექთაბეგიშვილის ცნობილი მექანიკური დედოფალა მარინე, რომელიც უკვე 66 წლისაა! კიდევ, თითქმის მისი ხნის პიანისტი ელისო და მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, მუსიკალური ყუთი, ჩინელი და იაპონელი დედოფალები... როგორ გინდა ისინი ყუთებში გამოკეტო?

უნიკალური კოლექციის ნაწილია ელენე ახვლედიანის, ავთო ვარაზის, ლადო გუდიაშვილის ნახატები. მხატვრები თოჯინების ესკიზებსაც ქმნიდნენ და ასე იბადებოდა და იზრდებოდა ქართული კოლექცია. მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული უამრავი ნივთების ფონდი ფასდაუდებელ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსაც ინახავს, რომელთა ნაწილი ალბომშიც მოხვდა. ნინო ღოღობერიძის მოგროვილი ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ვნახოთ:

წიგნი-ალბომი ,,თბილისის სათამაშოების და თოჯინების მუზეუმი''

​„რაჭაში აღდგომის წინა კვირას ეწყობოდა „დედოფლობა“. ბავშვები დადიოდნენ სოფლად, ერთ-ერთს დედოფალა ეჭირა და თან ასეთ სიმღერას მღეროდნენ:

დედოფალა კარსა მოდგა, დია უცხო და უვალი,

სახლად ღმერთმა აგაშენოს, მოგცეს დიდი ბარაქა.

სახლო, სალხინოთ დადგმულო, დერეფანჩამოხატულო,

დედოფალა არა სჭამს მარტო კვერცხის გულის მეტსა,

ალათასა ბალათასა, ხელი ჩაყავ კალათასა,

თუ ორი კვერცხი არ იყოს, ერთი მაინც ჩქარათასა“.

მათ აძლევენ კვერცხებს, რომელსაც „დედოფლობის“ მონაწილეები იყოფენ...

ილუსტრაცია წიგნიდან

ამ ამბების გარდა მუზეუმი ლადო გუდიაშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვათა წერილებს ინახავს, იშვიათ საფონდო მასალას. მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნი კი ამ მუზეუმის ისტორიისთვის ნამდვილი განძია: „ჩემი აღტაცება ლექსით არ ითქმება!“ - წერს მარიჯანი 1942 წელს შთაბეჭდილებების წიგნში.

რაც უფრო მეტს შლი წიგნს და ტექსტებს მიუყვები, მით უფრო გინდება მუზეუმის ყველა ექსპონატი ცოცხლად ნახო. ამაში მირიან კილაძის ფოტოები და ნინო ანდრიაშვილის მხატვრული დიზაინიც ხელს გიწყობს და, რაც მთავარია, სათამაშოებისა და თოჯინების მრავალფეროვანი ამბავი.

ილუსტრაცია წიგნიდან

„ეს მუზეუმი არ არის საბავშვო მუზეუმი“, - ამბობს ნინი სანადირაძე. - ეს მუზეუმი აერთიანებს საქართველოს კულტურული ტრადიციების ისტორიას და ქალაქისთვის ძალიან დიდ ეკონომიკურ რესურსსაც აერთიანებს“.

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება თოჯინების ღამეს მოაწყობს. ნინი სანადირაძეს იმედი აქვს, რომ დალუქული ყუთებიც მალე გაიხსნება და სათამაშოებისა და თოჯინების ნამდვილზე ნამდვილი თავგადასავლი გაგრძელდება.