"ვისაც ველაპარაკე, ის აშკარად შეშინდა; თითქოს იწვა და უცებ წამოხტა... “
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისთვის მისი ძმა მთელ პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.
როგორც თორნიკე მამალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც დეკანოზი საავადმყოფოში მოხვდა, მისთვის საპატრიარქოდან არავინ დაურეკავს, არავინ მისულა კლინიკაში და არც საპატრიარქოსთან გაშლილ კარავში მოუკითხავს ვინმეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ბევრი ეპისკოპოსი შედის და გამოდის საპატრიარქოსთან - არცერთს არ უკითხავს ჩემი ძმის მდგომარეობა. ზუსტად მათი პასუხისმგებლობაა ჩემი ძმის მდგომარეობა; ზუსტად საქართველოს საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა ჩემი ძმის დღევანდელი მდგომარეობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე მამალაძემ.
მთელი პასუხისმგებლობის საპატრიარქოსთვის დასაკისრებლად თორნიკე მამალაძეს რამდენიმე მიზეზი აქვს:
- „ციანიდის საქმე“ საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფების მიერ იყო შეთითხნილი;
- საპატრიარქომ ყურადღება არ მიაქცია ოჯახის წუხილს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით;
- ოჯახის მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, დეკანოზი არ აზიარეს;
- დეკანოზი არც საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მოიკითხეს.
ასევე ნახეთ უზიარებლობა კანონიკურობის გარეშე
როგორც თორნიკე მამალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრის ამბის გაგების შემდეგ, მალევე, ის საპატრიარქოში დაუკავშირდა ერთ-ერთ სასულიერო პირს და
უთხრა, რომ თუკი მისი ძმა გარდაიცვლება, ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება - „ვისაც ველაპარაკე, ის აშკარად შეშინდა; თითქოს იწვა და უცებ წამოხტა... “
შეკითხვაზე - იცნობს თუ არა დაპატიმრებული ძმის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების შინაარსს, თორნიკე მამალაძეს უარყოფითი პასუხი აქვს. თუმცა იცის, რომ გამოგზავნილი წერილები ბევრისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას მოიცავს.
„თუკი მათ არ უნდათ სიმართლის გამჟღავნება, ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე დღესვე მოეფინება ნათელი ყველაფერს“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში 15 თებერვალს, ღამით გადაიყვანეს. ექიმების წინასწარი შეფასებით, მას ინსულტისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
მას შემდეგ, რაც ძმის მოსანახულებლად მისულმა თორნიკე მამალაძემ კლინიკა დატოვა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მივიდა.
მან თქვა, რომ დეკანოზის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს მას წარმოედგინა მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.
თუმცა როგორც ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამძიმდა და ის ახლა უარესად გრძნობს თავს, ვიდრე კლინიკაში მიყვანისას.