14 აპრილი და დისიდენტები

40 წლის წინათ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მოეწყო დემონსტრაცია, რომელზედაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ მოიყარა თავი. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

ლიდერების გარეშე ჩატარებული, მაგრამ კარგად ორგანიზებული აქციის კინოკადრები დღეისათვის არ შემოგვრჩა, ვინაიდან ავთანდილ იმნაძე, რომელიც კადრებს იღებდა, აქციიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს, კინოფირიც ჩამოართვეს და პერმის ოლქში ხუთწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

სწორედ დისიდენტი ავთანდილ იმნაძეა გიორგი გვახარიას სტუმარი, რომელიც „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში იხსენებს 1978 წლის მოვლენებს და საუბრობს საბჭოთა დისიდენტობის ისტორიაზე საქართველოში: „ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ გახდა ისეთი, როგორიც გვინდოდა რომ ყოფილიყო“.