თინეიჯერები სექსის შესახებ - ხუთი ამბავი

„არასრულწლოვანი“ და „სექსი“ - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ საზოგადოების მყისიერ აღშფოთებასა და განკითხვას იწვევს. ამ დროს სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. საქართველოში სექსუალური განათლების გაკვეთილები არ არსებობს, მოზარდები ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ და საკუთარ მოთხოვნილებებს არცთუ ისე უსაფრთხო სიტუაციებში იკვლევენ. ხუთი ახალგაზრდა გველაპარაკა იმაზე, თუ რა კითხვები და საჭიროებები გაუჩნდათ, როცა საქმე სექსთან მივიდა.

„ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად ვილაპარაკოთ სექსზე“
ანასტასია, 15 წლის

ორი წლის წინ ჩემი დის დაბადების დღეზე მაკოცა ერთმა ბიჭმა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ წაიღო ხელი ჩემი სასქესო ორგანოსკენ. რამდენიმე თვის მერე ჩემს კლასელთან ვლაპარაკობდი და მითხრა, ეგ გსმენია, [ბიჭი] შენივე თითით რომ გასტიმულირებს და ეს გსიამოვნებსო? - ეგეთი რაღაცა არც ვიცოდი, რომ არსებობდა. მხოლოდ მაშინ დავაკავშირე და მივხვდი, რას აკეთებდა ის ბიჭი, რომელიც ჩემზე დიდი იყო. უფრო მეტს ცდილობდა, ვიდრე მე ვიცოდი და მზად ვიყავი. მერე საკითხს ჩავუღრმავდი, წავიკითხე ინგლისურად სტატიები, როგორ გავარკვიოთ, რა გსიამოვნებს და რა სად არის.

10 წლის განმავლობაში ამაზე არც ერთ [სასკოლო] წიგნში არაფერი წამიკითხავს. მაქსიმუმ შეიძლება ეწეროს, რომ ჰორმონების გამო უჩნდება სურვილი გოგოს და ბიჭს, რომ უფრო ინტიმურად იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე მეგობართან. ამაზე მეტი არასდროს არაფერი გამიგია.

ეს ჰორმონები ძალიან იგრძნობა ყველგან - კლასშიც, ფართიზეც. კითხვები გაქვს და გუგლავ, მაგრამ მე რაც მაინტერესებს, იმაზე გუგლს ძალიან გაურკვეველი პასუხები აქვს. ინგლისურად გხვდება რაღაც უცხო სიტყვები და არ იცი, რას ნიშნავს. არის ფოტოები, რომელსაც ვერ არკვევ და ვერც ხვდები, სწორ ინფორმაციას იღებ თუ არა.

ხშირად, როცა აბაზანაში ხარ, ჩაკეტავ კარს და იკვლევ, რა გსიამოვნებს და სად...

როგორც კი პირველი მენსტრუაცია მოგდის, ემოციები გეცვლება და ინტერესდები ან შენივე სქესის, ან სხვა სქესის ადამიანით და გინდა, რომ მეტი გაიგო და იგრძნო, ვიდრე ხელის ჩაკიდებაა.

ხშირად, როცა აბაზანაში ხარ, ჩაკეტავ კარს და იკვლევ, რა გსიამოვნებს და სად. როცა უფრო დიდი ხანი გამოგივა [აბაზანაში ყოფნა], ვიდრე ჩვეულებრივად, ხალხი გეკითხება, ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გჭირს? და მერე ძალიან გრცხვენია, რომ პასუხი გასცე. ეს ხომ ყველას აქვს გაკეთებული, რატომ გარცხვენენ?

არასდროს მივსულვარ კითხვებით უფროსთან. დაქალთანაც კი უხერხულია, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს ბარიერი გადავლახო. ბიჭს ხომ საერთოდ ვერ დაელაპარაკები. თვითონ ბიჭები კიდევ თავისუფლად ლაპარაკობენ ამ თემაზე - 12, 13 წლისაც კი. ისე ლაპარაკობენ ხოლმე, რომ ზიზღის გრძნობაც გამჩენია და მხოლოდ მერე უკვე ჩემით რომ გამირკვევია რაღაცები, მითქვამს, კაი, ტასო, რა, რა არის ამაში საზიზღარი?! ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად ვილაპარაკოთ სექსზე.

ახალგაზრდები ისე გრძნობენ თავს, თითქოს უფლებაც კი არ აქვთ, რომ იფიქრონ ამაზე. არადა, მოთხოვნილება გაქვს. ზოგი ოთახს ქირაობს ან სადღაც მიდის. მშობელს ყველაფერს უმალავ, იმასაც კი, რომ ვიღაცასთან ერთად დადიხარ. მეც მაქვს მშობლებთან ბარიერები, მაგრამ მინდა, რომ გადავლახო და ასე აღარ იყოს.

ჩემთვის ნორმალური და მისაღებია, სექსი სრულწლოვნებამდე მქონდეს, თუ კომფორტულად ვარ ადამიანთან. თან, ვთვლი, რომ ქალმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი პირველმა. მე ამას ვიზამდი და არ დაველოდებოდი - რაში მჭირდება ლოდინი, როცა პირდაპირ შემიძლია გითხრა, რა მინდა ჩვენი ურთიერთობებისგან.

რადგან გოგო ვარ, მაინტერესებს, რა გავაკეთო, რომ დაცული ვიყო ორსულობისა და ინფექციისგან, რომ ვიცოდე, როგორი გრძნობაა სინამდვილეში - და არა ისეთი, როგორც გვაჩვენებენ. ბიჭის სიამოვნებებსა და სტიმულაციაზეც რომ იყოს ახსნილი რაღაცები, ეგეც კარგი იქნებოდა. ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს.


აუცილებლად უნდა იცოდე, რა გსიამოვნებს და რა არა, სადამდე ხარ წამსვლელი. როცა ორივემ იცით, ერთმანეთს როგორ ასიამოვნოთ, ურთიერთობაც უფრო ძლიერი ხდება.

ასე კიდევ, განათლების გარეშე, სრულიად მოუმზადებელი ხარ. შეიძლება ბიჭმა იცოდეს რაღაცები და გოგოს არ ეუბნებოდეს. აფთიაქშიც გამორიცხულია, ვინმემ მოგყიდოს კონტრაცეფცია, ვიღაცას უნდა ვთხოვო, რომ იყიდოს პრეზერვატივი, ტაბლეტი ან „მეორე დღის“ ტაბლეტი. ამ კითხვებს - თავდაცვის და სიამოვნების შესახებ - გინეკოლოგთან არასდროს დავსვამდი. მასთან, უბრალოდ, წასვლაც კი რთული თემაა. მგონია, რომ განმსჯის და მაგრძნობინებს, რომ რაღაც საზიზღრობებს ვაკეთებ.

მინდა, რომ თინეიჯერს ჰყავდეს ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ენდობა. მე ყოველთვის ვეცდები, რომ ასეთი ადამიანი ვიყო სხვისთვის, იმიტომ რომ მეც მქონია ისეთი მომენტები, როცა ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი. თინეიჯერი, რომელიც ყველა თავის ემოციას იკავებს, ნამდვილი ბომბაა. ამაზე ლაპარაკი უნდა შეგეძლოს.

„სიმართლე თუ მოქმედება“
გიორგი, 17 წლის


როცა რაღაც ასაკამდე აღწევ, ცდილობ, სხვანაირი სიამოვნება მიანიჭო შენს თავს. ეს არის, დაახლოებით, 11-12 წელი, თუმცა სუბიექტურია, რა თქმა უნდა. ბიჭები უკვე 14-15 წლის ასაკში ცდილობენ, რომ „დაკერონ“ გოგო სექსზე, გართობის მიზნით. ეს არ აღიქმება როგორც სიყვარულის გამოვლინება. ბიჭებში არის, ასე ვთქვათ, „ლეგენდარული“ ამბებიც. მეც მომიფიქრებია ეგეთები - მომიყოლია ვერსია, რომ ვიღაცასთან მქონდა, როცა რეალურად, უბრალოდ, ვაკოცე. ეს ლეგენდები, რა თქმა უნდა, არასრულფასოვნებიდან მოდის.

როცა ვიქნებოდი ასე 14 წლის, უცბად ყველაფერი რეალურად მოხდა. აი, მანდ შემეცვალა წარმოდგენები - მივხვდი, რომ თურმე სულ სხვანაირია სამყარო. შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, უბრალოდ, მიმეგდო.

ძალიან გავრცელებულია „სიმართლე თუ მოქმედების“ თამაში ისე, რომ ამის საბოლოო მიზანი იყოს სექსუალური კავშირი...

ჩემთვის მისაღებია, რომ ინტიმური ურთიერთობა 18 წლამდეც გქონდეს, თუ გაქვს ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული და არა, უბრალოდ, იმის გაკეთება გინდა, რაც სადღაც ნახე. „სრულწლოვნების ასაკი” შეიძლება იყოს 15 და 16 წელიც. როდესაც შენ გაქვს პასუხისმგებლობა აღებული შენს ქმედებებზე, ეს ნიშნავს, რომ ხარ სრულწლოვანი და საბუთებში რა გიწერია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ციფრები არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ადამიანთან გქონდეს სექსი და მერე დაემშვიდობო, არასწორია, განსაკუთრებით, როცა შენი პარტნიორი პატარაა ასაკით. თუ მხოლოდ ერთობოდი არასრულწლოვანი პარტნიორით, მაშინ გამოდის, რომ იმსახურებ პედოფილის ბრალდებას.

ძალიან გავრცელებულია „სიმართლე თუ მოქმედების“ თამაში ისე, რომ ამის საბოლოო მიზანი იყოს სექსუალური კავშირი. ძირითადად თამაშობენ მარტო, და იქ იხდიან ჯერ ფეხსაცმელს, მერე მაისურს და, ბოლოს, საცვლებს. კითხვები კიდევ “dirty mind” [ინტიმური] თემატიკისაა. ამ დროს ბიჭი ასმევს ალკოჰოლს გოგოს და რომ თვრებიან, ცდილობს, რომ დაიყოლიოს სექსზე. ამ ყველაფერს აქვს თამაშის სახე და შეიძლება ბოლომდე ვერ იაზრებდე, რა ხდება. მთვრალმა შეიძლება დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც შეიძლება სიფხიზლის დროს არ დაუშვა და პრევენციაც არ ხდება მაგ დროს. ეს ყველაფერი თავიდან მართლა სასაცილოა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იწვევს ისეთ შედეგებს, როგორიც არასასურველი ორსულობაა.

ნუდების [შიშველი ფოტოების] გამოგზავნაც და გამოქვეყნებაც ჩვეულებრივი ტრენდია. პირადად ჩემი მეგობარი გამხდარა ამის მსხვერპლი და თვითდაზიანებამდეც მისულა. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა მუცლის მოსაშლელიც დაულევიათ. გვგონია, რომ მშობელს ექნება არაადეკვატური რეაქცია, ამიტომ მშობლებს არ მივმართავთ ხოლმე პრობლემებზე.

„უმეცრების შედეგად არაერთ ბავშვს დაუცველი სექსი აქვს“
ნათი, 19 წლის



პირველად კითხვები, დაახლოებით, 13-14 წლისას გამიჩნდა და უკვე დაბნეული ვიყავი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ამის გასარკვევად და გასაცნობიერებლად მივმართე ინტერნეტს, რადგან ამ და, ზოგადად, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენს სოციუმში, ფაქტობრივად, არ გვაქვს ინფორმაცია. რაც იდენტობის აღმოჩენას შეეხება, ჩემთვის დიდი სტრესიც იყო და ის მომენტიც მქონდა, რომ დავმშვიდდი, მივხვდი, რა ვიყავი და რა მინდოდა.

სიმართლე გითხრათ, ახლა ბევრად უფრო გახსნილია ეს თემა სოციალურ ქსელებში, ბევრად მეტს გაიგებ გენდერისა და სექსუალობის შესახებ, ვიდრე მანამდე. მაშინ ქართულად გამიჭირდა ინფორმაციის მოძიება. უფროსებისთვის მიმართვა არ მიფიქრია, რადგან არასდროს მიმიღია შესაბამისი მხარდაჭერა. ძალიან შებოჭილებიც იყვნენ, ასე რომ, პატარა ბავშვისთვის რთულია სექსის თემაზე საუბრის წამოჭრა.

არასრულწლოვნებში, სქესის განურჩევლად, გაუთვითცნობიერებლად იწყება სქესობრივი ცხოვრება საკმაოდ ადრეულ ასაკში. ვგულისხმობ საკუთარი თავის დაკმაყოფილებას. უფროსებს დღემდე ტაბუდადებულ თემად მიაჩნიათ ეს ყველაფერი. თაობებია შესაცვლელი, რომ თუნდაც ამაზე ლაპარაკის შიში და „სირცხვილის გრძნობა” აღარ გაუჩნდეთ.

მე ჯერ კიდევ არ მქონია ოჯახში ქამინგ აუთი, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი მყავს. სანათესაოსა და ოჯახში არაერთხელ გამიგია უარყოფითი და არაჯანსაღი დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სექსუალურ ცხოვრებაზე ძალიან შებოჭილი და დაფარული საუბარი, თითქოს რაღაც სასირცხვილო და არასწორი ყოფილიყოს. ადრეულ ასაკში უფრო რთული იყო ჩემთვის ხმის ამოღება, უფრო ჩუმად ვარჩევდი ხოლმე ყოფნას [და ვშფოთავდი]. მაგრამ ასე 17 წლიდან უკვე დავიწყე ხმის ამოღება.

არაერთხელ მიკამათია და მიჩხუბია, არაერთხელ მიცდია, რომ ამეხსნა მშობლებისა და ნათესავებისთვის ის, რომ ნორმალური და ბუნებრივია ეს ყველაფერი. იმას მივაღწიე, რომ ყველა მიცნობს როგორც ძალიან თავისუფალ ადამიანს და სახლში უკვე თითქმის არ „ტეხავს” სექსზე საუბარი. უბრალოდ, ჯერ იქამდე მაინც ვერ მივედით, რომ ქამინგ აუთი მქონდეს, რადგან ვიცი, მაინც ძალიან დიდი სტრესი იქნება მათთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი გოგო ვარ მთელ ოჯახში.

ყველაფერი ეს, ზოგადად, გოგონებში შიშს და ბიჭებში გოგონების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას და არაჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას იწვევს...

სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ძალიან უაზრო მოსაზრება გამიგია - რომ გოგოსთვის საკუთარი თავის შეხება არ შეიძლება, რადგან რამეს დაიზიანებს, „გაფუჭდება”; რომ ტამპონების გამოყენება პირველ სექსუალურ კონტაქტამდე არ შეიძლება; რომ გოგო თუ ვინმესთან „დაწვება”, აუცილებლად ცოლად უნდა გაჰყვეს, თუნდაც მოძალადე იყოს ეს ადამიანი, და ა. შ. და ა. შ. არაერთი საშინელი დამოკიდებულება და აზრი არსებობს და, საბოლოოდ, ქორწინებამდე სექსი, რაც სრულიად ნორმალურია, დიდ კატასტროფად ითვლება.

ყველაფერი ეს, ზოგადად, გოგონებში შიშს და ბიჭებში გოგონების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას და არაჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას იწვევს. უმეცრების შედეგად, არაერთ ბავშვს დაუცველი სექსი აქვს, არაერთი ხდება ძალადობის მსხვერპლი და ხმას ვერ იღებს. 14 წლის გოგონას შემთხვევას გაგახსენებთ, რაც სულ ახლახან მოხდა. ადამიანის სხეული ბოლომდე 17-18 წლამდე არ ყალიბდება, ფსიქიკურად კი მზად კიდევ უფრო დიდხანს შეიძლება არ იყოს. ჩემი აზრით, ბავშვის არც ფსიქიკაა და არც სხეული საკმარისად ჩამოყალიბებული, რომ ადრეულ ასაკში დაიწყონ სექსუალური ცხოვრება, რადგან ყალიბდება გონებაც და სხეულიც. უსიყვარულოდ სექსს რაც შეეხება, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არომანტიკულია და მაგის გამო თავისუფალ ცხოვრებას ვერ დავუშლით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ყველა თავისუფალი უნდა იყოს.

მე უცხოეთში ვცხოვრობ და სკოლებში ცდილობენ, თინეიჯერებს ყველაფერი აუხსნან სექსუალურ ცხოვრებაზე, მოძალადისგან თავდაცვაზე, იმაზეც, რომ ხმა უნდა ამოიღო და არ დამალო.

„უცბად დავინახე, რომ იხდიდა“
მარიამი, 17 წლის


ვიყავი სადღაც მეათე კლასში. მე და ჩემი მეგობარი ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ქალიშვილობას პირველი ვინ დაკარგავდა. სამი წელი იყო ეგ შეჯიბრი და ბოლოს ვინ მოიგო, არ ვიცით, იმიტომ რომ აღარ ვმეგობრობ იმ გოგოსთან. მაგრამ მე თექვსმეტის ვიყავი, როცა მქონდა პირველი გამოცდილება და ეს მთლად ის „წამიერი ზეციერი სიამოვნება” არ იყო, როგორც ინტერნეტში ეწერა. თუმცა არასდროს მქონია სინანული.

უმეტეს თინეიჯერს სიმთვრალის ფონზე აქვს სექსი...

ერთხელ კონცერტზე ვიყავი ბიჭთან ერთად, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი. ძალიან ბევრი ტეკილა დამალევინა და მერე ტყეში გასეირნება შემომთავაზა, მეც გავყევი. უცბად დავინახე, რომ იხდიდა. მე ვუთხარი, შანსი არაა, არ გავიხდი-მეთქი, რაზეც მითხრა, გკიდივარო? მე ვუთხარი, მეგობარი ხარ ჩემი და არც უნდა გაივლო თავში ეგეთი აზრი. მაინც თავისას აწვებოდა, მიყვიროდა უკვე. ძალიან ვეჩხუბე და წამოვედი. კიდევ ერთ-ერთ ფართიზე ჩემს ნაცნობ გოგოს ჩაეძინა და ეს ბიჭი შევიდა და გახადა იმ გოგოს. რას წარმოვიდგენდი, რომ ის ასე მოიქცეოდა. აქეთ ვადანაშაულებდი ჩემს თავს, მაგრამ მერე მივხვდი, რა შტერი ვიყავი. ამიტომ ახლა არავის არ ვენდობი. რაც არ უნდა ახლო მეგობარი იყოს ჩემი, მაინც არ მაქვს ნდობა.

უმეტეს თინეიჯერს სიმთვრალის ფონზე აქვს სექსი. ძალიან ბევრი დადის ისეთ კლუბში, სადაც არაა დაშვებული არასრულწლოვნები და მაინც უშვებენ, იმიტომ რომ ფეის კონტროლს გადიან. ზოგს აქვს ყალბი პირადობაც. მაგრამ ზღვარი უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ კლუბში ბევრი პედოფილი კაცი დადის. მე ერთხელ ბარში ვიყავი ძალიან მთვრალი, ვიღაც კაცი იწეოდა ჩემკენ და ბოლოს შევაგინე და წამოვედი, მაგრამ ყველა ვერ მოიქცევა ეგრე.

ამ ასაკში ბავშვებს ყველაფრის რცხვენიათ და ვერ ლაპარაკობენ ხოლმე. მე როცა მენსტრუაცია დამეწყო, ერთი წელი არ ვამბობდი სახლში. დედაჩემი მეკითხებოდა და არას ვეუბნებოდი, სანამ შემთხვევით არ წამომცდა.

ჩემი აზრით, ახლანდელ ბავშვებს 15 წლიდან უკვე შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ, ვისთან და როგორ იქნებიან. ყოველ მეორესთან არ უნდა იყო, რა თქმა უნდა. თუ შეგიყვარდა, მერე კომპლექსები გეხსნება და უკვე მზად ხარ, ჩემი აზრით. სიყვარულის გარეშე სიამოვნებას ვერ მივიღებდი. მაგრამ ზოგი ისეა, რომ მხოლოდ ცნობისმოყვარეობითაც აქვს სექსი. მინახავს ასეთი გოგოებიც. ნუდების გაგზავნაშიც გოგოები უფრო აქტიურობენ, ვიდრე ბიჭები. გოგოები ენდობიან იმ ბიჭს, რომელსაც უგზავნიან და არ ფიქრობენ, რომ შეიძლება სხვა ვიღაცამაც ნახოს ეს ნუდი. არადა, ბიჭები უზიარებენ ერთმანეთს. მაგრამ, მე მგონი, არასწორია, საერთოდ, მაგის გაგზავნა. პირდაპირ რომ მიაყრი ყველაფერს ადამიანს, მერე ინტერესს კარგავს შენ მიმართ.

ყველა ფიქრობს, რომ კონტრაცეფციაზე ბიჭი უნდა იყოს პასუხისმგებელი და მოაგვაროს, მაგრამ, მე ვფიქრობ, ერთად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ერთხელ მეგონა, რომ ორსულად ვიყავი და ძალიან შემეშინდა. მენსტრუაცია არ მომივიდა და ვფიქრობდი, დედას როგორ ვუთხრა. სახლიდან წავალ, საერთოდ-მეთქი. ორსულობის ტესტი გავიკეთე, უარყოფითი იყო.

ვფიქრობ, [მშობლები] უნდა ელაპარაკონ ბავშვებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მკაცრი ლაპარაკი, უფრო რჩევის სახე უნდა ჰქონდეს. მე, მაგალითად, ეგრე ვარ - რაც უფრო სიმკაცრეა, მეტი პროტესტი მიჩნდება და მინდება საწინააღმდეგოს გაკეთება.

„ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ისე არა, როგორც უნდა ვიცოდეთ“
ვასო, 16 წლის

ეს უნდა მოხდეს საკუთარი სურვილით და არა ვიღაცის აყოლით - რომ როგორ, შენ ჯერ არ გქონია!..

კონტრაცეფციის ყიდვა სირცხვილი არ არის, მაგრამ მეც შეიძლება ვერ ვიყიდო იმის გამო, რომ საზოგადოებაში არის ასეთი დამოკიდებულება. იმედია, მივალთ იქამდე, რომ დავამარცხებთ ამ სტერეოტიპს, პირველ რიგში, მე ჩემს თავში. ძალიან მეშლება ნერვები საკუთარ თავზე, რომ ჯერ თავისუფალი არ ვარ ამ მხრივ, რის გამოსწორებასაც ვცდილობ. შარშან ვიყავი პორტუგალიაში და იქ ადამიანები ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ცოტა უხერხულადაც ვიგრძენი თავი. თუნდაც, აფთიაქში ეგ ყველაფერი [კონტრაცეფციის საშუალებები] გარეთ იყო გამოტანილი, ჩვეულებრივად შეგეძლო აგეღო და გეყიდა. ეს კარგია, რადგან განთავისუფლებს კომპლექსისგან. რატომ უნდა დამალო ის, რაც შენს ჯანმრთელობას და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას სჭირდება. მაგრამ ასე ვფიქრობ მე, რეალურად კი ძალიან ცოტაა, ვინც მასეა განწყობილი და ესაა ცუდი.

როდესაც ორგანიზმში იგრძნობ, რომ გჭირდება, მზად ხარ და არ გეშინია, მაშინ შეგიძლია [სექსი გქონდეს]. ეს უნდა მოხდეს საკუთარი სურვილით და არა ვიღაცის აყოლით - რომ როგორ, შენ ჯერ არ გქონია!.. და მსგავსებს თუ აჰყევი, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება გეგონოს, რომ მზად ხარ, მაგრამ არ ხარ რეალურად. ეს არა მარტო სექსში, ძალიან ბევრ რამეშია ასე, თუნდაც სიგარეტის მოწევაზე, როცა მოგინდება, რომ ვიღაცას გაუტოლდე.

დაახლოებით, 14 წლიდან მოვინდომე განათლების მიღება. თანატოლებთან საუბრისგან თავს ვიკავებდი, მერჩივნა, ჩემით მომეძებნა პასუხები. ძალიან ახლო მეგობრებთან თუ დავიწყებდი ამაზე საუბარს. ახლა ისეთი სამეგობრო წრე მყავს, სადაც საერთოდ არ განვიხილავთ სექსუალურ საკითხებს. აი, სკოლაში უფრო არის ხოლმე ეს საუბრები და დამოკიდებულება, რომ თუ უკვე გქონდა სექსი, რაღაცით უფრო მეტი ხარ.

[ბიოლოგიის წიგნში] არის მხოლოდ რეპროდუქციული სისტემის თავი, რომელსაც მხოლოდ მე ვყვები კლასში. სხვები იცინიან მაგ დროს. არ არიან მიჩვეულები, რომ ეს სიტყვები შეიძლება საჯაროდ ითქვას. მეცხრე კლასამდე საერთოდ არ შევხვედრივართ რეპროდუქციის თემას, ამიტომ ამ ერთმა გაკვეთილმა ვერ შეცვალა სირცხვილის გრძნობა.

ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ისე არა, როგორც უნდა ვიცოდეთ. გუგლში ათასი სისულელე იწერება და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ღია საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, დამახინჯებული ინფორმაცია, რაც წამიკითხავს, არის სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სხვადასხვანაირ სექსუალურ შესაძლებლობებზე. მსგავსი რამეები ილექება ფსიქიკაში და შეიძლება უშუალოდ სექსუალური აქტის დროს იმდენად თავდაჯერებული არ იყო, რომ მერე სხვა პრობლემები წარმოგეშვას.

ძალიან ბევრს ვფიქრობ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემთხვევაზე. შეიძლება გვერდით არავინ ჰყავდა, თანატოლებიც კი, ვისაც დაელაპარაკებოდა. მე რომ გადამხდენოდა ეგეთი ამბავი, ნამდვილად ვერ მოვყვებოდი. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს თანაგრძნობა, გაქილიკება და განსჯა გვერდზე გადადოს. მინდა, მეც ისეთი ადამიანი ვიყო, ვისთანაც თანატოლს ლაპარაკის არ მოერიდება, როცა განსაცდელში იქნება.

  • არასრულწლოვნის ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან კანონით არ ისჯება.
  • არასრულწლოვნის სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან იძულებით, ისჯება, თუკი დამნაშავე გადაცდენილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს, ანუ 14 წელს. გაუპატიურების შემთხვევაში, არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, თუკი დამნაშავე 14-დან 16 წლამდე ასაკისაა, სასჯელი ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 16-დან 18-მდე - გათვალისწინებულია 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
  • სრულწლოვნის სექსუალურ შეღწევაზე 16 წლის ასაკამდე არასრულწლოვნის სხეულში, თუნდაც ნებაყოფლობით, დგება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით.
  • სრულწლოვნის სექსუალურ შეღწევაზე 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის სხეულში, თუ ეს მოხდა ნებაყოფლობით, პასუხისმგებლობა არ დგება.


    რედაქტორი და კონტრიბუტორი: ნინო ჯაფიაშვილი