„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ქვეყნის უდიდესი ბანკები 19 დეკემბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერენ:
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“.
მათი განცხადებით, ფინანსური რესურსი
- „მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად;
- ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ“.
პრესრელიზის თანახმად, ბანკების მიერ გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილი - 2,5 მლნ ლარი - გადანაწილდება შემდეგ ფონდებში:
- #ერთმანეთისთვის;
- სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia;
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
ხოლო თანხის მეორე ნაწილი - ასევე 2,5 მილიონი ლარი - მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით. მათ შორის არიან Mymarket.ge, Glovo, tkt.ge და სხვები.
კერძოდ, ბანკების თანახმად, ინიციატივები ასეთია:
TBC და mymarket.ge
იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას, Mymarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა.
საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები Mymarket-ის პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან.
მომხმარებლები კი, რომლებიც Mymarket-ზე შეიძენენ პროდუქციას, "თიბისის" ბარათებზე დამატებით "ქეშბექს" მიიღებენ.
TBC და Glovo
"თიბისი" და "გლოვო" იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლის წყარო.
ვინც Glovo-დან ამ ობიექტების პროდუქციას შეიძენს, "თიბისის" ბარათებზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებს.
TBC და tkt.ge
თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად, საქმიანობის გაგრძელება რომ შეძლონ, "თიბისი ბანკის" და tkt.ge-ის საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური ჩაირიცხება ფონდში თეატრებისა და მათი მსახიობების მხარდასაჭერად.
TBC და Swoop.ge
Პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული სასტუმროების ნომრების ვაუჩერის სიმბოლურ ფასად შეძენა.
ვაუჩერის ღირებულებასა და ნომრის საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა "თიბისის" და Swoop.ge-ის ამ საერთო ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურდება.
"საქართველოს ბანკი" და Extra
"საქართველოს ბანკი" და extra.ge მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ამ გაერთიანების ფარგლებში extra.ge-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ.
საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები extra.ge-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან.
ისინი საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ ასევე მიწოდების სერვისითაც. მომხმარებლები კი, რომლებიც "ექსტრაზე" ამ მეწარმეების პროდუქციას შეიძენენ, 10-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან დაფინანსდება.
შეთავაზება ძალაში იქნება 15 იანვრის ჩათვლით.
"საქართველოს ბანკი" და Ads manager-ი
მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" ბიზნესებს ბანკის Ads manager-იდან (შეთავაზებების მართვის ციფრული პლატფორმიდან) შეთავაზებების გაკეთებას უფასოდ სთავაზობს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ, "საქართველოს ბანკისგან" 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან იანვრის ბოლომდე დაფინანსდება.
"საქართველოს ბანკი" და Biletebi.ge
იმისთვის, რომ გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად, თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქმიანობის გაგრძელება შეძლონ, "საქართველოს ბანკი" Biletebi.ge-ს ინიციატივას უერთდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის მიერ გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების 1 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში, გაყიდვიდან შემოსულ თანხას "საქართველოს ბანკი" გააორმაგებს.
სასაჩუქრე ბარათები
მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში "საქართველოს ბანკი" კიდევ ერთ ინიციატივას ახორციელებს და ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ბარათების შექმნას საკომისიოს გარეშე სთავაზობს Ads manager-იდან.
მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათი და ამით მხარი დაუჭირონ მეწარმეებს. ისინი შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.
"საქართველოს ბანკი" და Wolt-ი
იმ ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საშობაო მარკეტზე მონაწილეობას არ იღებენ, "საქართველოს ბანკი" და WOLT-ი ერთიანდებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებით "ქეშბექს" მიიღებს ის მომხმარებელი, რომელიც Wolt-დან ამ ობიექტების სერვისს და პროდუქციას "საქართველოს ბანკის" ბარათით შეიძენს.
---
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა, გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.
სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
- 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
- 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ბიზნესმენმა გიორგი ჩუგოშვილმა 15 დეკემბერს შექმნა პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა“, რომელზეც სხვადასხვა ზომის კომპანია უერთდება ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნებს.
ასეთი კომპანიების რიცხვი 19 დეკემბრისთვის 1110-ს აღწევს.
გიორგი ჩუგოშვილმა გუშინ საღამოს გამოაცხადა, რომ 19 დეკემბერს, 13:00 საათისთვის გამოქვეყნდებოდა სია კომპანიებისა, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.
ამ ჩამონათვალში 19 დეკემბერს ჩამოთვლილ კომპანიებში დასახელებულია „საქართველოს ბანკიც“ და „თიბისი ბანკიც“.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: