თითქმის უკვე სამი თვეა, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. თავად ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ კანონს არ არღვევენ და ამ პროცესშიც უჩვეულო არაფერია, თუმცა ოპოზიცია პრობლემებსა და რეგიონებში შეფერხებულ სამუშაოებზე ლაპარაკობს. პროცესს არაჯანსაღად მიიჩნევს თვითმმართველობის საკითხების ექსპერტიც.
Your browser doesn’t support HTML5
თითქმის უკვე სამი თვეა, საქართველო საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან - მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სწორედ ამ დროიდან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მენეჯერები მმართველი გუნდის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არიან ჩართული. მერები, მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აიპი ორგანიზაციების ხელმძღვანელები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის იმართება. თვითმმართველობის პირველი პირები დადიან კარდაკარ, აწყობენ დახურულ შეხვედრებს მოსახლეობასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ თანამშრომლებთან.
თავად საჯარო მოხელეები პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ, თითქმის უკვე სამი თვეა, თავიანთი ძირითადი საქმიანობის გარდა, პარტიულადაც მუშაობენ. ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ის არჩევნებში არა მხოლოდ ახლა, არამედ ყოველთვის მონაწილეობს.
ლაგოდეხის მერი არ არის ერთადერთი, ვინც საარჩევნო პროცესშია ჩართული. ასე მუშაობს გურჯაანის პირველი პირი არჩილ ხანდამაშვილიც, თუმცა წუხს, რომ ისე ვერ მონაწილეობს ამ პროცესში, როგორც უნდა.
თვითმმართველობებში დასაქმებული პირველი პირებისა და საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას პრობლემად მიიჩნევს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გურამ კაკალაშვილი ამბობს, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ახდენენ ზეწოლას პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირებზე.
„არ არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც საჯარო მოხელეები პარალელურად საარჩევნო პროცესში არიან ჩართული“, - ამბობს ჩვენთან საუბარში დავით ლოსაბერიძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მისი თქმით, მეორე საკითხია, ზოგადად რამდენად ადეკვატურად უპასუხებს თვითმმართველობა საზოგადოების მოთხოვნებს მაშინ, როცა არჩევნები არ არის. ლოსაბერიძის განცხადებით, უკვე 27 წელია, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ღიად ამბობს, რომ თვითმმართველობას რეალურად არა აქვს საშუალება მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციით მიმართა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ". ორგანიზაცია მოუწოდეს თვითმმართველობებს დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - არ დაუშვან სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში იძულებითი ჩართვა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თუ ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად.