უმცროსი ლეიტენანტი შოთა ხოშტარია 31 წლის იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. მალე ჩამოვალო, დაუბარა და აღარ დაბრუნებულა. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემისას მოკლეს. უკვე გარდაცვლილს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
„24 წლის, 5 თვის ორსული ვიყავი. ქეთი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ ინერვიულოო. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. 9 თვე ვიცხოვრეთ ერთად და ეს 9 თვე მეყო მთელი ცხოვრება.
ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დამესიზმრა, ვითომ ვსეირნობდით და უცებ სროლის ხმა გაისმა, დაბომბვის. გავიქეცით და ამ სირბილში მე უფსკრულის ერთ მხარეს აღმოვჩნდი, ის - მეორე მხარეს“, - ჰყვება მისი მეუღლე ქეთევან ხოშტარია.
გადმოსვენებულებიდან ნაწილი გაგრის შეტაკებებისას დაიღუპა, მათ შორის, 28 წლის ბადრი გაბელაია და 24 წლის გოჩა პაპაჩაშვილი. ერთად იბრძოდნენ, სამარეშიც ერთად იპოვეს.
„ბადრი ჩემი მამიდაშვილია. აღარც დედა ჰყავს ცოცხალი, აღარც - მამა. ორივე მასზე ნერვიულობას გადაჰყვა. თბილისელი იყო, გაგვეპარა ომში. რამდენიმე წელი ჯერაც იმედი გვქონდა, მერე კი გავაცნობიერეთ, რომ აღარ იქნებოდა ცოცხალი. მადლობა ღმერთს, ახლა საფლავი მაინც გვექნება“, - ამბობს ნანა წულაია.
გოჩა პაპაჩაშვილის კუბოსთან და და დედა სხედან. გოჩას ჯერ ცოცხალს და მერე მიცვალებულს დიდხანს ეძებდნენ, მხოლოდ ახლა მიაგნეს.
„ვფიქრობდი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მერე ვერ ვიმეტებდი სიკვდილისთვის. ხანდახან მიფიქრია, რატომ წავიდა-მეთქი, მაგრამ საქართველოსთვის წავიდა და მე ჩემი ძმით ვამაყობ“, - ამბობს მისი და ანა პაპაჩაშვილი.
„სამი დღე ტელევიზორს ვუყურებდით. აფხაზეთი აჩვენეს, ის უბედურება აჩვენეს... სამი დღე ვეხვეწებოდი, არ წახვიდე-მეთქი. მე რომ არ წავიდე, სხვა არ წავიდეს, მაგათ ვინ მიხედავსო“, - ტირის დედა.
რამაზ ქერდიყოშვილის კუბოსთან თანამებრძოლები და მეზობლები არიან შეკრებილები, სხვა ჭირისუფალი არ ჰყავს.
„ძალიან წყნარი ბიჭი იყო, წიგნები და თევზაობა უყვარდა. 26 წლის დაიღუპა ოჩამჩირესთან. ძმა ადრე გარდაეცვალა, დედა - რამდენიმე წლის წინ. მეზობლები, თანამებრძოლები დავრჩით პატრონები და ჩვენ მოგვცეს ცხედარი“, - ჰყვება გიორგი ხოკერაშვილი.
ზაზა სირბილაძე 1992 წელს გახდა 20 წლის. კარაბინის ტარება უყვარდა, ხუმრობით „კარაბინას“ ეძახდნენ. გაგრის დაცემის შემდეგ, მებრძოლები ტყეებში შევიდნენ...
„თავიდან კონტრშეტევისთვის ვემზადებოდით, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ აქეთ დაგვარტყეს, 5 ოქტომბერს. მაშინ დაიღუპა ზაზა, - ამბობს მისი თანამებრძოლი სანდრო დოღონაძე, - ახლა უფრო ვაფასებ ბიჭებს, იმ ასაკში ინსტინქტურად რომ გადაწყვიტეს ომში წასვლა, ზაზა ერთ-ერთი იყო. ზოგს გაუმართლა, გადარჩა, მაგრამ გამართლებაა, რო? მაინც ხომ კვდები და ხომ ჯობს სამშობლოსთვის დაიღუპო“.
სოგრატ ჩხეტიანი და ჟუჟუნა კენჭაძე გუმისთის ხიდთან ცხოვრობდნენ, ზედ ვლადისლავ არძინბას სახლის წინ. მათი შვილიშვილი თეა ჩხეტიანი მაშინ 14 წლის იყო, იხსენებს, რომ გუმისთიდან გამოსვლისას, ბებია-ბაბუას დიდხანს ეხვეწნენ, წამოდითო, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ.
„ბებია 58 წლის, ბაბუა 61 წლის... ეზოს ბოლოში მათი შვილის საფლავი იყო და დატოვება არ უნდოდათ. რას არ ვეუბნებოდით, მაგრამ...
მამაჩემი და ბიძები იბრძოდნენ. ამის გამო დახოცეს. წითელმა ჯვარმა მათი საფლავი ჩვენს ეზოში იპოვა. რაღაც ჭურვების ყუთით იყვნენ დამარხულები. ბებიას 8-9-ჯერ აქვს დანა დარტყმული. მოულოდნელი იყო, ნეშტებს რომ მიაგნეს. ყველაფერი განგვიახლდა, მამამ ვერც მოახერხა მოსვლა, წნევამ აუწია, - ჰყვება თეა ჩხეტიანი, - ჩვენ სხვათა შორის აფხაზებმა გამოგვიყვანეს, არძინბას დედა გვპატრონობდა ძალიან. მერე უღელტეხილით წამოვედით, მთელი ის გზა გამოვლილი გვაქვს, ჯოჯოხეთი“.
2010 წლიდან მოყოლებული, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შედეგად 1859 ადამიანი ჯერაც დაკარგულად მიიჩნევა.