თვალსაწიერ მომავალში ნატოს გაფართოება დასასრულს უახლოვდება?

ბრიუსელში ნატოს ახალი სათავო ოფისის წინ დგას ლითონის მონუმენტი, რომელზეც გამოსახულია წევრების მიღების თარიღები.

ერთ ბოლოში, ალიანსის დაარსების წლის, 1949-ის გასწვრივ ამოტვიფრულია პირველი 12 წევრის სახელები. მარჯვნივ, ასე, 30 სანტიმეტრის მოშორებით იხილავთ 1952 წელს და მომდევნო ორ წევრს, საბერძნეთსა და თურქეთს, რასაც მოჰყვება ისევ 30 სანტიმეტრი და მორიგი სამწლიანი ნახტომი 1955-მდე, როცა ნატოში გერმანია გაწევრიანდა. შემდეგ მოდის თითქმის სამმეტრიანი ცარიელი ადგილი, ვიდრე გამოჩნდება მორიგი თარიღი, 1982 და ესპანეთი, რომელსაც მოჰყვება ნატოს გაფართოების ბოლოდროინდელი ეტაპები ღერძის გასწვრივ.

მას შემდეგ, რაც მომავალმა „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ“ 6 თებერვალს ხელი მოაწერა გაწევრიანების ოქმს, შემდეგი წარწერა მოსალოდნელია დაახლოებით 2020 წლის გაზაფხულისათვის, რასაც წინ უნდა უსწრებდეს შეთანხმების რატიფიცირება 29-ვე მოკავშირე ქვეყნის პარლამენტებში. ამის შემდეგ დაახლოებით ოთხი მეტრი დარჩება გაწევრიანების თარიღებისათვის განკუთვნილ მონუმენტზე, რაც 40-მდე წელიწადს შეესაბამება, თუ მონუმენტის ლოგიკას მივყვებით.

ერთი შეხედვით, საკმარისი ჩანს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ალიანსის ღია კარი თვალსაწიერ მომავალში ჩარაზული დარჩება მას შემდეგ, რაც სკოპიე გახდება რიგით 30-ე წევრი.

ამჟამად სამ ქვეყანას აქვს გამოცხადებული ნატოში გაწევრიანებისაკენ თავისი მისწრაფების შესახებ: ბოსნიას, საქართველოსა და უკრაინას. ამ სამეულიდან, ტექნიკური თვალსაზრისით, ბოსნია არის ლიდერი, რადგან ერთადერთია, რომელსაც MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მიანიჭეს. გეგმა, რომელიც მსურველ ქვეყნებს ეხმარება ნატოს სტანდარტების შესრულებასა და შესაძლო სამომავლო წევრობისათვის მომზადებაში, სარაევომ ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო. გასული წლის მიწურულს ნატოს მინისტრებმა ბოსნიას მოუწოდეს, წარმოადგინოს თავისი პირველი წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რაც MAP-ის გააქტიურებას გულისხმობს. მაგრამ ყველაფერი ასე ვარდისფრად არ გამოიყურება.

ჯერ ერთი, არაა სავარაუდო, რომ ბოსნიამ როდისმე მალე შეიტანოს ANP. მილორად დოდიკმა, ბოსნიის სამწევრიანი პრეზიდენტობის სერბმა წევრმა ამ ფრონტზე ყოველგვარ ინიციატივას მოუღო ბოლო ჯერ კიდევ სანამ ის მის სამუშაო მაგიდამდე მიაღწევდა. მაგრამ მიიჩნევა, რომ სარაევოს ჯერ არ შეუსრულებია ერთი კრიტერიუმი, რომელიც ნატომ დაუსახა მას, როცა ქვეყანამ MAP-ი მიიღო: უძრავი თავდაცვითი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფო ქონებად - უბრალო საშუალება იმის შესამოწმებლად, რამდენად აკონტროლებს ბოსნიის სახელმწიფო საკუთარი თავდაცვის საქმეებს. მაგრამ არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც აღელვებს ნატოს - როგორიცაა მცირე წინსვლა რეფორმებში, კანონის უზენაესობაში, კორუფციასა და მედიის თავისუფლებაში. საერთოდ, ბოსნია ამ მომენტისთვის რთული შემთხვევაა და, როგორც ჩანს, ასე დარჩება.

საქართველოს ნატო ბოსნიის საპირისპიროდ მოექცა. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ქვეყანას დაჰპირდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაწევრიანდება კლუბში, თბილისმა ათი ANP შეიტანა, მაგრამ MAP-ი დღემდე მოუხელთებელი ჩანს. ნატო დღესაც მზად არის დაეხმაროს საქართველოს საკუთარი თავის დაცვაში და მარტში ჩაატარებს ქვეყანაში თავის ისტორიულად უდიდეს სამხედრო სწავლებას, მაგრამ ალიანსში ძალიან ბევრნი, განსაკუთრებით დასავლეთევროპელები, გერმანიისა და საფრანგეთის ზურგს არიან ამოფარებული და აცხადებენ, რომ საქართველოს გაწევრიანება რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევდა.

ბრიუსელში უარყოფითად ეკიდებიან იმ იდეასაც, რომ საქართველო შეიძლება „დასავლეთ გერმანიასავით“ გაწევრიანდეს ალიანსში ისე, რომ სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე არ გავრცელდეს ნატოს ხელშეკრულების მუხლი, რომელიც ერთმანეთის დაცვას ითვალისწინებს. ნატოს ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუკი საქართველო კონცენტრირებული იქნება დასავლეთგერმანული სტანდარტების მიღწევაზე სხვა სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

უკრაინის მდგომაროება საქართველოსას ჰგავს, მაგრამ ის რიგში კიდევ უფრო უკან დგას. ყოველ შემთხვევაში, კიევის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არ წამოუყენებია MAP-ის რაიმე პრეტენზია, როგორც ჩანს, საქართველოს მაგალითის გამო.

და სხვები? მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალურობა ძალაში დარჩება განურჩევლად იმისა, ვინ მართავს ქვეყანას. და ამის მიუხედავადაც, კიშინოვი იმავე კალათაში იქნებოდა, რომელშიც საქართველო და უკრაინა არიან. შეიძლება კოსოვომ მოგვიმზადოს სიურპრიზი, თუკი სერბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმასაც იგულისხმებს, რომ ალიანსის რამდენიმე წევრი, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდა მას. თუმცა უკანასკნელ ხანებში საკუთარი არმიის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯს პრიშტინისთვის დიდი სიმპათიები არ მოუპოვებია ნატოში.

შეიძლება ყველაზე უფრო სავარაუდო სახელები, რომლებიც იმ მონუმენტზე შეიძლება გაჩნდეს, არის ორი ქვეყანა, რომლებსაც ამჟამად არ სურთ ალიანსის წევრობა, მაგრამ იოლად იქნებოდნენ მიღებული: ფინეთი და შვედეთი. ძნელი სათქმელია, როდის მოხდება ეს, მაგრამ ბალტიის ზღვაში რუსეთის სახიფათო ყოფნის გამო ორივე ქვეყნის მოსახლეობა ნელ-ნელა უშინაურდება აზრს, რომ შეიძლება დათმონ ოფიციალური ნეიტრალიტეტი.