პლატფორმა „სალამმა“ განათლების სამინისტროს წინ გამოფინა იმ სკოლების ფოტოები, რომლებშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ - მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან. „სალამმა“ 50 სოფელი და 70-მდე სკოლა მოიარა.
სოფელი ბურმა მარნეულის რაიონში, სომხეთის საზღვართან მდებარეობს. ბურმას დაწყებით სკოლაში სულ ორი საკლასო ოთახია. აქ 30-მდე ბავშვი სწავლობს.
„დირექტორისა და მასწავლებლების დამსახურებაა, რომ სკოლა სხვებთან შედარებით უკეთ გამოიყურება. თუმცა, გვითხრეს, რომ ბიბლიოთეკაში სახელმძღვანელოების გარდა სხვა წიგნები არა აქვთ. კომპიუტერების დეფიციტიც არის, ლაბორატორიები საერთოდ არ არსებობს. აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის წიგნები კი აზერბაიჯანიდან შემოდის, ისევე, როგორც ყველა სხვა აზერბაიჯანულ სკოლაში“, - ამბობს აიჰან ჰასანი, პლატფორმა „სალამის“ გამგეობის წევრი.
ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში ავარიული სკოლის გვერდით ახალი სკოლა ააშენეს. ძველი ისევ იქ დგას.
ეს სკოლა ბოლნისშია, სოფელ ზემო არქევანში.
სკოლების უდიდეს ნაწილს საპირფარეშოები გარეთ აქვს. ეს განსაკუთრებით ზამთარშია პრობლემა. აიჰან ჰასანი ამბობს, რომ თუ საპირფარეშო სკოლის შიგნითაა, მეტია ალბათობა, წყლით კარგად მარაგდებოდეს.
ხშირად საპირფარეშო სკოლას კარგა მანძილითაა დაშორებული. „ერთ სკოლაში საპირფარეშომდე 15 წუთის სავალი იყო. ადგილობრივები ხუმრობდნენ, ტაქსით უნდა წახვიდეო“, - ჰყვება აიჰანი.
„სალამმა“ განათლების სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ ქვემო ქართლის 100 სკოლიდან მხოლოდ 22 პროცენტია გარემონტებული ან ახლად აშენებული. აქედან რამდენში სწავლობენ ეროვნული ემცირესობების წარმომადგენლები - უცნობია.
იგეგმება, რომ 2026 წლამდე ქვემო ქართლის სკოლების 10 პროცენტს ან რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ან რემონტი. ანუ 2026 წლისთვის, უკეთეს შემთხვევაში, სკოლების 32 პროცენტი იქნება გარემონტებული.
სკოლების ნაწილი წლების წინ გამოცხადდა ავარიულად და ბაშვებსაც სასწავლებლად მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული.
„PISA-ს ტესტების მიხედვით, საქართველოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწალეების საერთო ქულა დანარჩენი საქართველოს მოსწავლეებისას 100 ქულით ჩამორჩება. ამის განმაპირობებელი არის სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა და პედაგოგების განათლების დონე. ქიმიის მასწავლებელი რომ ქართულს ასწავლის, მერე რატომ უნდა გაგიკვირდეს, რომ ამ ბავშვებს ენა არ ეცოდინებათ, - ამბობს „სალამის“ წევრი ბანიამინ კასიმ ოღლუ, - აზერბაიჯანულ სოფლებში თითქმის არ არის საბავშვო ბაღები. ბავშვებს ექვს წლამდე ქართული არსად ესმით. შემდეგ ზოგი ოჯახი ქართულ სკოლაში რომ უშვებს შვილს, ვერ სწავლობს საგნებს, რადგან ენა არ იცის“.
„სალამის“ წევრები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროდან მათი ფოტოების სანახავად არავინ გამოსულა. სამინისტროსგან კომენტარი ვერც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ასევე ნახეთ სასმელად უვარგისი - ნახეთ, რომელ ქალაქებსა და სოფლებში სვამენ ბავშვები დაბინძურებულ წყალს