„მონათვლა ქვიშითაც შეიძლება“ - თეოლოგიის დოქტორი და დეკანოზი ნათლისმცემელსა და ნათლისღებაზე

ნათლობა სამების საკათდრო ტაძარში. ნათლისღება, 19 იანვარი, 2014 წელი.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი - მაცხოვრის წინამორბედი მიწიერ ცხოვრებასა და ჯოჯოხეთში, სახარების მიხედვით, იყო ადამიანი, რომელმაც ქრისტე ჯერ კიდევ დაბადებამდე შეიცნო.

ოანე ნათლისმცემელსა და ნათლისღებაზე რადიო თავისუფლებას საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზი, თეოლოგიის დოქტორი ლევან მათეშვილი ესაუბრა.

- „უდიდესი დედათაგან შობილთა შორის“ - იოანე ნათლისმცემელს ქრისტე ადამიანებთაგან საუკეთესოს უწოდებს. ამ დროს კაცობრიობას ბევრი მართლაც განსაკუთრებული ადამიანი ახსოვს. რითი აღემატებოდა იოანე ყველა დანარჩენს? რა ჰქონდა მას ასეთი?

- იოანე ნათლისმცემელი ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზეა. მის გამოჩენამდე ისრაელს დაახლოებით 500 წელი წინასწარმეტყველი არ ჰყოლია. წინასწარმეტყველი რა არის? შუამავალი ღმერთსა და მის რჩეულ ხალხს შორის.

ამასთან, ის არის ქრისტეს ხორციელი ნათესავი. მისი დედა ელისაბედი და ღვთისმშობელი ნათესავები იყვნენ.

დეკანოზი ლევან მათეშვილი

იოანეს მეორე სახელიც აქვს - წინამორბედი. მისი მისიაა მოამზადოს ხალხი ქრისტეს მისაღებად. სხვა ყველა წინასწარმეტყველის მისიაც იგივე იყო, მაგრამ იოანე გვირგვიანია ამ წინასწარმეტყველების, რადგან ის უშუალოდ ქრისტეს გამოჩენის წინ მოღვაწეობს.

იოანე ნათლისმცემელი წინამორბედი იყო ჯოჯოხეთშიც. ჯერ ის მოკვდა და მან ახარა ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტეს მოსვლა. ჯვარზე სიკვდილის შემდეგ კი უკვე ქრისტეც ჩადის ჯოჯოხეთში და ქადაგებს. ვინც მიიღო მისი ქადაგება, გამართლდა კიდეც.

- თუმცა, ახალ აღთქმაში კარგად არ ჩანს, როგორ ამზადებს ნათლისმცემელი ხალხს, გარდა იმისა, რომ სინანულს ქადაგებს.

- სინანულია მთავარი. ეს იყო, რაც იმ ხალხს აკლდა. სწორედ ამის გამო ვერ აღიქვეს მესია იმ სახით, როგორითაც ის მოვიდა - რა მონობიდან გათავისუფლებაზე გველაპარაკებით, როდესაც ჩვენ აბრაამის შვილები ვართო. ამ დროს ქრისტე არა სოციალურ, არამედ ცოდვისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

სინანული მაშინ ძალიან მარტივად ჰქონდათ გაგებული. ძველი აღთქმის რჯული ძირითადად აკრძალვებია. მაგრამ მოდის ქრისტე და ამბობს, შენ კი გიწერია, არ მოკლა, და რომ არ კლავ, გგონია რჯულს აღასრულებ, მაგრამ ეს არ კმარა, თუ ვინმეს განურისხდები და შეურაცხყოფ, არც ეს შეიძლება. ძველ აღთქმაში ნეგატიური სამართალი იყო, ანუ რა არ შეიძლება, ის. აქ პოზიტიური სამართალი შემოდის - რა შეიძლება. ახალ აღთქმაში სულ ერთი მცნებაა, გიყვარდეს! გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი. სიყვარული კი გაცილებით რთულია. ამიტომაც ვერ იგებენ.

- მგონი, მხოლოდ ერთგან არის განმარტებული, მოწყალე სამარიტელის იგავში.

- სიყვარული არის დაინახო ადამიანი. გაწიო საკუთარი ინტერესი განზე, დაინახო სხვისი საჭიროება და გაითვალისწინო ის.

- თუმცა, შესაძლოა სინდისის გამოც გააკეთო იგივე ისე, რომ ადამიანი სულაც არ გიყვარდეს.

- თქვენ სიყვარულს რასაც ეძახით, ეს არის გრძნობა და ემოცია. ქრისტიანობა ამას საერთოდ არ გულისხმობს. სწორედ, რომ არ გიყვარს და საკუთარ თავს აიძულებ „კეთილი უყო მას“, აი, ეს არის სიყვარული ქრისტიანული გაგებით.

- სახარება ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელმა ჯერ კიდევ მუცლად მყოფმა იცოდა, ვინ იყო ქრისტე. ერთი შეხედვით, ეს თითქოს მიანიშნებს იმას, რომ ადამიანის ბედი წინასწარვეა განსაზღვრული. შეიძლება ადამიანი პირდაპირ წინასწარმეტყველად დაიბადოს?

- ვერ ვიტყვით, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. დედის წიაღში მის მიერ ქრისტეს შეცნობა ღვთისგან იყო დაშვებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაწერილი გეგმა ჰქონდა და აუცილებლად წინასწარმეტყველი უნდა გამხდარიყო.

ასევე ნახეთ იოანე ნათლისმცემლის შვიდი გამოსახულება

- გალილეას მთავარის ჰეროდეს ნადიმზე მისი გერი სალომეა ცეკვის სანაცვლოდ ითხოვს იოანე ნათლისმცემლის თავს. რითი იყო სალომეას ცეკვა ასეთი განსაკუთრებული?

- ჯერ საინტერესოა თავად ჰეროდეების დინასტია. ანტიპა ჰეროდე გალილეას მთავარი, რომელმაც ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა, იმ დიდი ჰეროდეს შთამომავალია, ვინც ბეთლემში ბავშვები ამოხოცა. ანტიპამ თავისი ცოლი ჰეროდიადა, საკუთარ ნახევარძმას ფილიპეს წაართვა. ამავდროულად, ეს ცოლი მისი სხვა ნახევარძმის, არისტობულის შვილი იყო. არისტობული ჰეროდე დიდს მარიამნასგან შეეძინა. მარიამნა კი სამეფო დინასტიის ჩამომავალი გახლდათ, იუდეის მეფის ჰირკან მეორის ქალიშვილი. ჰეროდე დიდმა ტახტი ხელში სწორედ ამ ქალთან დაქორწინებით ჩაიგდო.

ანტიპა ჰეროდესა და ჰეროდიადას ქორწინება იმანაც განაპირობა, რომ თუ ანტიპას სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ეყოლებოდა ცოლად, შესაძლოა მთელი იუდეის მმართველობაზე ჰქონოდა პრეტენზია და არა მხოლოდ მისი ნაწილის. ეს იყო პოლიტიკური და სასიყვარულო კავშირი. სასიყვარულოც რომ იყო, იქიდან ჩანს, რომ შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორმა კალიგულამ ჰეროდეს სამეფო წაართვა და ესპანეთში გადაასახლა, ჰეროდიადა მას თან გაჰყვა გადასახლებაში. თუმცა, შეეძლო დარჩენილიყო, ეს მას კალიგულამ შესთავაზა კიდეც.

ამიტომ სალომეას ცეკვაში აქცენტი ეროტიზმზე კი არ არის, ამპარტავნებაზეა. მაშინ ცეკვა მონებისა და მხევლების ხელობად ითვლებოდა, მე-19 საუკუნემდე სირცხვილად მიიჩნეოდა, არისტოკრატი მოცეკვავე ან მსახიობი გამხდარიყო. სალომეას, წესით, არც კი უნდა სცოდნოდა ცეკვა. ამ დროს ანტიპა ჰეროდეს, მისი დიდებულებისა თუ მხედართმთავრების წინ ცეკვავს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. ეს იყო ჰეროდიადას საჩუქარი ანტიპასადმი. და ჰეროდეც შესაბამის საზღაურს ჰპირდება სალომეას - თუნდაც ნახევარ სამეფოს მოგცემო.

ნათლობა თბილისის სამებაში, 2016 წელი.

- რატომ უკავშირდება ნათლისღება წყალს?

- წყალი სტიქიებიდან ყველაზე მოსახერხებელია, თორემ მიწითაც შეიძლება მონათვლა, ქვიშითაც და სისხლითაც. მოწამეებს, რომლებიც მონათლულები არ ყოფილან, ქრისტესთვის სისხლის დაღვრა ნათლობად ეთვლებათ. უდაბნოში, სადაც წყალი არ არის, შეიძლება ქვიშითაც მოინათლო. წყალი სიმბოლურად იგივე მიწაა. ნათლობისას წყალში სამგზის შთაფვლა განასახიერებს იმას, რომ ქრისტესთან ერთად ადამიანში ძველი კაცი იმარხება (ისევე, როგორც ქრისტე იყო მიწაში სამი დღე) და შემდეგ მასთან ერთად ხელახლა იბადება განახლებული. მირონცხებით ადამიანს ეძლევა სულიწმინდის ბეჭედი და ახალმონათლურ ადამიანში ითესება ნიჭები, რომლებსაც შემდეგ განავითარებს თუ არა, ეს თავად მასზე იქნება დამოკიდებული.

- 19 იანვარს მდინარეში შესვლის და განბანვის ტრადიცია ქართულია თუ რუსეთიდან შემოვიდა?

- ეს ტრადიცია არის რუსეთშიც და ბერძნულ ეკლესიებშიც, თუმცა ბერძნულში მთლად იმ სახით არა. საქართველოში დამკვიდრდა რუსული ეკლესიის გავლენით, მაშინ, როცა საქართველოს ეკლესია რუსული ეკლესიის ნაწილი გახდა. აქ ერთი რამ არის დაუშვებელი, განბანვის დროს არ შეიძლება სამგზის შთაფვლა და ნათლობის იმიტირება.

რაც შეეხება მდინარეში მონათვლას. ჩვენ ვიცით, რომ, მაგალითად, წმინდა ნინოს დროს მცხეთის მოსახლეობა სწორედ მდინარეში მოინათლა.