საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე "დილის საუბრებში" აფასებს როგორც იენს სტოლტენბერგის 25 მარტის გზავნილებს, ისე საქართველოში მიმდინარე ნატო-საქართველოს წვრთნასა და ქვეყნისს ნატოსკენ სვლის პროცესს:
"ამ ტიპის წვრთნები მეორედ ტარდება საქართველოში და ეს არის ის წვრთნები, სადაც საქართველოს კონტინგენტს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია წვრთნების მართვასა და ოპერირებაში. თუ შევადარებთ ყველა აქამდე ჩატარებულ წვრთნებს, ეს თვისებრივად განსხვავებულია, რაც ხაზს უსვამს პროფესიონალიზმის ამაღლებას და ფაქტობრივად ხსნის თავსებადობის საკითხს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა ნატოს შეიარაღებულ ძალებთან".
თენგიზ ფხალაძე შენიშნავს იმასაც, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრები, როგორც წესი, ნატოს წევრ ქვეყნებში იქმნება და საქართველოში მისი შექმნა უნიკალური მოვლენაა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ყოფნისას განაცხადა:
"მე ვესწრებოდი ცენტრის გახსნას და შესანიშნავია იმის ხილვა, რომ ცენტრი მუშაობს და თამაშობს წამყვან როლს, როგორც ვიმედოვნებდით 2015-ში, მისი გახსნისას".
იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატოს ყოფნის გაძლიერება ამ რეგიონში და არაწევრ ქვეყნებთან პარტნიორობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის. კერძოდ, გენერალური მდივანი აცხადებს:
"ნატოს ჰყავს მეტი გემი და მეტი თვითმფრინავი ამ რეგიონში და აგრეთვე მეტი ძალა ხმელეთზე, მაგალითად, რუმინეთში, მაგრამ აგრეთვე ვაქტიურობთ რეგიონში ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის მხრივ, როგორიც საქართველოა".
თენგიზ ფხალაძე "დილის საუბრებში განმარტავს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არც მხოლოდ ძლიერი ფლოტის ყოლაა და ვერც მხოლოდ ნატოს წევრების პარტნიორობით მიიღწევა:
"შავი ზღვის დაცულობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოსა და უკრაინის დაცულობის გარეშე. შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ფლოტი. ეს გულისხმობს: პორტს, სანაპირო დაცვას, სახმელეთო ოპერაციებს, ლოჯისტიკას და უამრავ სხვა რაღაცას, რაც ერთიანობაში ქმნის უსაფრთხოების ქოლგას. ნატოს მთელი ხიბლი არის იმაში, რომ ეს არის ზიარი პასუხისმგებლობა, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც მას აქვს. საქართველოს აქვს თავისი ნიშა შავი ზღვის უსაფრთხოებაში და მის გაძლიერებაში ეხმარება ნატო".
თენგიზ ფხალაზე იხსენებს ნატოს დღის წესრიგში შავი ზღვის საკითხის პრიორიტიზაციის დინამიკასაც, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიზარდა. ექსპერტი თვლის, რომ დღეს ნატოსთან პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა ასული და არ არსებობს თემა, რომელზეც არ მიმდინარეობდეს მსჯელობა პარტნიორებს შორის:
"კითხვაზე - საკმარისია, თუ არა? ჩემი პოზიცია არის ასეთი - საკმარისი არაფერია, სანამ მიზანი არაა მიღწეული!".
ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე აღნიშნა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა სასამართლო სფეროსა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე:
"ჩვენ ძალიან გვინდა, მეტი პროგრესი დავინახოთ ამ რეფორმების განხორციელებაში, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით - არჩევნების ჩატარებაში".
თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ რეფორმების გაძლიერების ტემპთან პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის დაცულობის ხარისხის ზრდასთან:
"რეფორმები ტარდება არა ნატოსთვის, რეფორმები ტარდება ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, როდის გავხდებით ნატოს წევრები, ეს რეფორმები უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს უფრო წარმატებული და უფრო დაცული".
დასასრულ, საქართველოს ალიანსში სრული ინტეგრაციისთვის ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის მზადყოფნა, მეორე მხრივ კი ალიანსის მზადყოფნა:
"შესაძლებლობების ფანჯარა უნდა შეიქმნას, ის თავისით არ ჩნდება. იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდეს, საჭიროა არსებული რისკები იყოს ლოკალიზებული, მათი გეოგრაფია იქნას შემცირებული და ამ რისკების საფრთხე იყოს სულ უფრო დაბალი. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რისკის ზონაში მყოფი ქვეყნების, და ასეთია საქართველო, უსაფრთხოება, დაცულობა, თავდაცვისუნარიანობა, მისი შეკავების უნარი და ეს ყველაფერი გაიზრდება",
- ამბობს თენგიზ ფხალაძე "დილის საუბრებში".
Your browser doesn’t support HTML5