კახეთის რეგიონში ერთადერთი საარჩევნო უბანი, სადაც ოპოზიცია შედეგების გაბათილებას მოითხოვს, სიღნაღის მუნიციპალიტეტშია. საჩივარი სოფელ ხირსის 19-ე უბანზე დაწერა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა. გიორგი ბაბაკიშვილი ამბობს, რომ ხირსაში უბნის დახურვის შემდეგ, საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები ძირს დაიყარა და ამ დროს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა არსებულ ბიულეტენებს შეურია ქურთუკში დამალული ყალბი ბიულეტენები. ბაბაკიშვილის თქმით, ოპოზიციის დამკვირვებელს უბნის კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა დარღვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებაც არ მისცეს.
Your browser doesn’t support HTML5
„ევროპული საქართველოს“ საჩივარს სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიაში განიხილავენ. კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის წინასწარი შეფასებით, გაბათილების საფუძველი არ არსებობს. „ეს ყუთები ისეა აგებული, რომ თუ ხელი კარგად არ მოკიდე, ადვილი შესაძლებელია რომ დაიშალოს. ასე მოხდა ხირსაშიც და ბიულეტენები დაბლა დაიყარა. შესაბამისად, დამკვირვებლებმა დაიწყეს აკრეფა. ამ დროს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პრეტენზია გამოთქვა, რომ ვინც კრეფდა კონვერტებს, არსებულს შეურია გაურკვეველი სახის კონვერტები“ - განაცხადა მანანა მჭედლიშვილმა.
თელავში პასუხი გასცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, იმას რომ თელავს გაუუქმდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, იმას, რომ ინფრასტრუქტურა განადგურებულია...მაკა მოსიაშვილი
არცერთი საჩივარი არ დაწერილა თელავში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
თელავის მე-17 ოლქის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე ამბობს, რომ მისი მუშაობის პრაქტიკაში არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც თელავში საჩივარი არ დაწერილა.
რა არის იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო? ამ შეკითხვაზე ჩვენთვის უნდა ეპასუხა სალომე ზურაბიშვილის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბენო გეგეჭკორს, თუმცა მან დღის განმავლობაში კომენტარის გასაკეთებლად დრო ვერ გამონახა.
თელაველთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეების უმრავლესობამ თავისი გადაწყვეტილებით პროტესტი გამოუცხადა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებასაც. „თელავში პასუხი გასცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, იმას რომ თელავს გაუუქმდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, იმას, რომ ინფრასტრუქტურა განადგურებულია. პასუხი გასცეს მუნიციპალიტეტის მიერ გაუქმებულ ერთჯერად სოციალურ დახმარებას“ - უთხრა რადიო თავისუფლებას თელაველმა მაკა მოსიაშვილმა. თელავის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა კახეთის რეგიონის დანარჩენ შვიდივე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა. ყველაზე მეტი პრეტენზია, რაც 28 ნოემბრის არჩევნების მიმდინარეობისას კახეთში ისმოდა, ეხებოდა ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას და ამომრჩევლის სავარაუდო დაშინებას და მოსყიდვას.