23 თებერვალი - საბჭოთა სამხედრო-გენდერული დღესასწაული

საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ საბჭოთა კავშირში, საყოველთაოდ აღინიშნებოდა 23 თებერვალი, რომელიც, 8 მარტის მიბაძვით თუ საპირწონედ, არაოფიციალურად „კაცების დღედ“ იწოდებოდა, თუმცა ოფიციალურად „23 თებერვალი“ იყო „საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე“. 23 თებერვალს მიღებული იყო მამაკაცებისთვის საჩუქრების - კალმების, სუნამოების, ყელსახვევების, წიგნების, უბის წიგნაკების და ა.შ. ჩუქება. „კაცების დღეს“ მალევე მოჰყვებოდა საბჭოთა საქართველოს უმთავრესი დღესასწაული - 25 თებერვალი - საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე, ხოლო ამ ორი თარიღის სიახლოვე ქმნიდა განცდას, რომ 23 თებერვალი დაკავშირებული იყო საქართველოს ისტორიასთან. ამგვარ განცდას აძლიერებდა აღნიშვნის მასშტაბი და საბჭოთა არმიის ხოტბა-დიდება, რასაც უხვად გასცემდნენ ქართველი საბჭოთა პოეტები ყოველი წლის 23 თებერვალს ასეთი „შედევრების“ სახით:

უძლეველი და უშიშარია,
მკერდზე უბრწყინავს ვარსკვლავთ კრებული,
იგი თხუთმეტი მოძმის ჯარია,
ზღვის ტალღებივით შეერთებული.

"23 თებერვალი - საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე", 1960 წლის კალენდარი

„23 თებერვალი“ - როგორც ფიქცია

ცხადია, 25 თებერვალი - საქართველოს დაპყრობის თარიღი, პირდაპირ კავშირშია 23 თებერვალთან, უფრო ზუსტად, საბჭოთა არმიის დღესთან, რადგან, რომ არა მე-11 წითელი არმია, ქართველი ბოლშევიკები ვერაფრით ჩაიგდებდნენ ხელში ძალაუფლებას 1921 წლის 25 თებერვალს და ვერაფრით დაასამარებდნენ მთელი 70 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. თუმცა, როგორც ირკვევა, თვითონ 1919 წლის 23 თებერვალს მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს საბჭოთა არმიისა და საზღვაო ფლოტის დაბადების დღესთან, რომელიც 1918 წლის 28 იანვარია, რადგან სწორედ ამ დღეს, რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა მუშათა და გლეხთა წითელი არმია (РKKA), შემდგომი მოვლენები კი ასე განვითარდა:

10 თებერვალს სამხედრო კომისარმა და საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებებზე, ლევ ტროცკიმ გამოაცხადა, რომ საბჭოთა რუსეთი გადის პირველი მსოფლიო ომიდან, რის პასუხადაც, 18 თებერვალს, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარებმა შეუტიეს რუსეთს და 21 თებერვალს აიღეს მინსკი. 1918 წლის 22 თებერვალს სახალხო კომისართა საბჭომ გამოსცა დეკრეტი-მოწოდება „სოციალისტური სამშობლო საფრთხეშია!“, ხოლო 23 თებერვალს დაიწყო მოხალისეთა დაკომპლექტება წითელი არმიის რიგებში.

1919 წელს, როცა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლება წითელი არმიის დაბადების წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა, წითელი არმიის უმაღლესი სამხედრო ინსპექციის თავმჯდომარემ, პოდვოისკიმ 10 იანვარს სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს მიმართა წინადადებით, აღინიშნოს წითელი არმიის შექმნის იუბილე.

„28 იანვარს, - აღნიშნულია დოკუმენტში, - ერთი წელი სრულდება სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის შექმნის შესახებ განკარგულების გამოცემიდან. სასურველი იქნებოდა წითელი არმიის იუბილეს აღნიშვნა 28 იანვარს, დეკრეტის გამოცემის დღეს“.

"მოემზადეთ წითელი არმიის დღესასწაულის აღსანიშნავად 23 თებერვალს". 1919 წლის გაზეთი "იზვესტია"

თუმცა, მოსამზადებული დროის სიმცირის გამო წლისთავი რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს, სრულიად შემთხვევით, აღნიშნეს 23 თებერვალს. რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვლადიმირ ტოლცი ამბობს, რომ 23 თებერვალი ნამდვილ საყოველთაო დღესასწაულად იქცა 5 წლისთავზე ანუ 1923 წელს, როცა ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა თავის დადგენილებაში ჩაწერა:

„1923 წლის 23 თებერვალს წითელი არმია აღნიშნავს თავისი არსებობის 5 წლისთავს, ამ დღეს, 5 წლის წინ, გამოქვეყნდა იმავე წლის 28 იანვარს ხელმოწერილი სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მუშათა და გლეხთა წითელ არმიას, პროლეტარიატის დიქტატურის დასაყრდენს“.

ვლადიმირ ტოლცის თქმით, ბრძანებულების გამოქვეყნების თარიღად 23 თებერვლის დასახელება სრული ფიქციაა, რასაც არ მალავდა სამხედრო-რევოლუციული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე კლიმენტი ვოროშილოვი, თუმცა საბოლოოდ „23 თებერვალს“ ბეჭედი დაუსვა „მთავარმა საბჭოთა ისტორიკოსმა“, იოსებ სტალინმა, რომელმაც 1938 წელს „კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) მოკლე კურსში“ ჩაწერა:

„1918 წლის 23 თებერვალს გერმანელ ოკუპანტებს საკადრისი პასუხი გაეცათ. შეჩერებული იქნა მათი წინსვლა პეტროგრადისკენ. გერმანიის იმპერიალიზმის ჯარების უკუგდების დღე - 23 თებერვალი - იქცა ახალგაზრდა წითელი არმიის დაბადების დღედ“.

წითელი არმია საქართველოში: ოკუპაციის I ნახევარი

ვლადიმირ ტოლცის სიტყვებით, დროთა განმავლობაში, 23 თებერვალი იქცა ერთგვარ სამხედრო-გენდერულ დღესასწაულად, რომელმაც შვიდი ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა სახელი, თუმცა არ შეუცვლია ფორმა: საბჭოთა მოქალაქეები მას აღიქვამდნენ მამაკაცების დღესასწაულად, „8 მარტის“ ერთგვარ ზედაპირულ ალტერნატივად, როცა კაცები ქეიფობდნენ და იღებდნენ საჩუქრებს ქალებისაგან. ასეთი საჩუქარი მიღებული ექნება საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ყველა მამაკაცს. სამხედრო ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ ერთხელ 23 თებერვალს მასაც აჩუქეს ერთი უსარგებლო ნივთი.

დიმიტრი სილაქაძე

„მგონი, საფერფლე იყო. რატომ მაჩუქეს, ვერ ვხდები, ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თან არც მაშინ ვეწეოდი სიგარეტს და არც ახლა ვეწევი. სრულიად მექანიკურად, გაუაზრებლად ხდებოდა ამ დღის აღნიშვნა, უფრო „კაცების დღედ“ აღიქმებოდა, ვიდრე საბჭოთა არმიის დღესასწაულად. ჯერ შენ გაჩუქებდნენ რამეს, მერე შენ აჩუქებდი, ორ კვირაში ხომ 8 მარტი აღინიშნებოდა“, - იხსენებს დიმიტრი სილაქაძე, რომლის თქმითაც, სწორედ საბჭოთა არმიამ დაატეხა თავს უბედურება საქართველოს და სწორედ საბჭოთა არმიამ დატოვა საქართველო საკუთარი ჯარის გარეშე მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

„საქართველოს ოკუპაციიდან მალევეე შექმნეს ქართული წითელი არმია, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და ძალიან მცირერიცხოვანი იყო, არაფრის თავი მას არ ჰქონდა. როგორც საბჭოთა საქართველო იყო ფორმალობა, ასეთივე ფორმალობა იყო საბჭოთა საქართველოს ჯარიც“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

1921 წლის 2 მარტს, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული საქართველოს ოკუპაცია, ლენინი სწერდა ორჯონიკიძეს:

„საჭიროა დაუყოვნებლივ შევაიარაღოთ მუშები და უღარიბესი გლეხები და ამნაირად შევქმნათ საქართველოს მტკიცე წითელი არმია“.

წითელი არმია. 1922 წ.

11 მარტს რევკომმა დაშლილად გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და გვარდია. შალვა ელიავა შეუდგა ახალი არმიის შექმნას, მანამდე კი, 21 მაისის რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთი კისრულობდა „სამხედრო ხასიათის დახმარებას“.

საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის 1922 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ქართულ წითელი არმიის რიგებში გაწვეულ იქნა პირველი 3 ათასი კომუნისტი, მაისიდან კი შემოღებულ იქნა საყოველთაო სამხედრო სწავლება 18-49 წლის ასაკის მამაკაცებისთვის.

დიმიტრი სილაქაძის თქმით, საბჭოთა კავშირში შეყვანის შემდეგ, საქართველოში გაჩნდა მცირერიცხოვანი ქართული დივიზიები, რომელთა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომისთვის 10-ს მიაღწია. ამ დივიზიებში საქართველოში დაბადებული ადამიანები მსახურობდნენ, თუმცა მეთაურები ყოველთვის ქართველები არ იყვნენ.

23 თებერვალი - საბჭოთა პლაკატი

„ქართულმა დივიზიებმა ძირითადად კავკასიის ფრონტსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. 1956 წელს ნაციონალური დივიზიები, მათ შორის ქართული დივიზიებიც, გააუქმა ნიკიტა ხრუშჩოვმა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე, რომლის დაკვირვებითაც, სწორედ ამ პერიოდიდან იკლებს სამხედრო საქმისადმი ქართველების ინტერესი: „საბჭოთა პერიოდში სამხედრო საქმე მაინცდამაინც პოპულარული არ იყო ქართველებში, მაგრამ ქართული დივიზიების მოსპობამ კიდევ უფრო არაპოპულარული გახადა. ქართველები სამხედრო სასწავლებლებშიც მცირე რაოდენობით მიდიოდნენ, არც სავალდებულო სამსახურში ცდილობდნენ წასვლას და თავის გამოჩენას. ცდილობდნენ ემსახურათ მეორეხარისხოვან ადგილებზე, სადაც ნაკლები ფიზიკური დატვირთვა და ნაკლები სირთულე იყო. ამგვარმა დამოკიდებულებამ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და სამხედრო სპეციალისტები დაგვჭირდა, დიდი პრობლემები შეგვიქმნა“.

წითელი არმია საქართველოში: ოკუპაციის II ნახევარი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში საბჭოთა არმია სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოდგენილი იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სახით და მისი პირადი შემადგენლობა აღწევდა 190 ათას სამხედრო მოსამსახურეს.

„დაახლოებით იმდენს, რამდენიც ჰყავს მობილიზებული რუსეთის არმიას უკრაინის გარშემო“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ასევე ჩამოთვლის სამხედრო ოლქის შეიარაღებას: 1500 ტანკი, 2500 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1000 საარტილერიო დანადგარი, 250 საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენი.

ირაკლი ალადაშვილი

„გარდა ამისა, სპეციალურ საწყობებში ინახებოდა ბირთვული იარაღი კოპიტნარსა და ვაზიანში, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, - ეს იყო საავიაციო ბომბები ბირთვული ქობინებით. ასევე გომბორზე იდგა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო ბრიგადა, ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით, სულ იყო 12 ასეთი დანადგარი, რომლებსაც ასევე ბირთვული ქობინი გადაჰქონდა დაახლოებით 900 კმ-ის რადიუსზე. ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალმა ბეპაევმა განაცხადა, რომ 1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ რუსეთმა მთლაინად გაიტანა საქართველოდან თავისი ბირთვული იარაღი. სავარაუდოდ, ლაპარაკია 350 ერთეულზე, რომლებიც ძირითადად ინახებოდა ვაზიანში, სადაც დღემდეა შემორჩენილი მიწისქვეშა ბუნკერი“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

პუბლიკაცია 23 თებერვლის შესახებ 1948 წლის გაზეთ "კომუნისტში"

ამეირკავკასიის სამხედრო ოლქში შედიოდა სამი არმია: IV საჯარისო არმია აზერბაიჯანში, VII საჯარისო არმია სომხეთში და 31-ე საარმიო კორპუსი საქართველოში.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, 1990 წლის 19 ნოემბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში დისლოცირებული 31-ე საარმიო კორპუსის შეიარაღებაში იყო:

415 ტანკი, 696 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 250 საარტილერიო დანადგარი და „გრადი“, 80 სატრანსპორტო შვეულმფრენი. ასევე იყო სამხედრო-საჰაერო ძალები 34-ე საჰაერო არმიის სახით (შტაბი მდებარეობდა თბილისში, ალექსანდრეს ბაღთან), რომელშიც შედიოდა 2 საავიაციო დივიზია და 6 ცალკეული საავიაციო პოლკი. ერთი დივიზიის შტაბი მდებარეობდა ვაზიანში და მასში შედიოდა სენაკის პოლკი, სადაც თანამედროვე მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები იყო ჩამოყვანილი, ასევე შედიოდა მერიაში განთავსებული საავიაციო პოლკი მიგ-23 გამანადგურებლებით, ასევე ერთი პოლკი ვაზიანში. დიდშირაქში იყო განთავსებული ბომბდამშენების დივიზია, რომლის ერთი პოლკიდან (კოპიტნარი) სუ-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები იგზავნებოდნენ ავღანეთში, სადაც საბრძოლო გაფრენებს ასრულებდნენ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში მდებარე აეროდრომებიდან.

რუსული სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი"

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამიერკავკასიასა და საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის „სავარაუდო მოწინააღმდეგე“ იყო ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის მე-3 საველე არმია, რომელიც საქართველოს საზღვართან იყო განთავსებული.

„თუ დიდი ომი დაიწყებოდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ამოცანა იყო შეეკავებინა თურქეთის ან ნატოს შეტევა კავკასიის ქედამდე. ბათუმთან, ვალესთან - საიდანაც თურქეთის გზები შემოდის, გაკეთებული იყო სპეციალური ჭები, რომლებშიც იდებოდა სპეციალური ბირთვული მუხტი, რათა მათი აფეთქებით ჩახერგილიყო ხეობები, ასევე არსებობდა როკის გვირაბის აფეთქების სქემა“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

საქართველოში წითელი არმიის ნარჩენები დღეს

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია რუსეთის ორი საოკუპაციო ბაზა: IV ცხინვალში და VII - აფხაზეთში.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, თითოეული ბაზა 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის:

„დაახლოებით მოტომსროლელი ბრიგადის ზომის არიან, თუმცა დამატებული აქვთ საზენიტო საშუალებები, არტილერია და ა.შ. 5 ათასი კაცით, ცხადია, არ შეუძლიათ დედაქალაქზე შეტევა ან რამე ასეთი, მაგრამ ეს არის ის, რაც რუსეთს არ ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე. რუსეთს აქვთ პლაცდარმი და მას შეუძლია ამ პლაცდარმზე თავი მოუყაროს დამატებით ძალებს რუსეთის ტერიტორიიდან უმოკლეს დროში“.

რუსული საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში

რაოდენობასთან ერთად შეიცვალა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსული არმიის ამოცანები. როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ცხინვალის ბაზის მთავარი ამოცანაა საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა, რაც გააკეთეს კიდეც აგვისტოს ომის დროს:

„ახლაც ნახევარ საათში შეუძლიათ გადაკეტონ როგორც სარკინიგზო, ასევე თბილისი-გორის ავტობანი. აფხაზეთის ბაზის მთავარი ამოცანა კი ფოთის პორტის ბლოკირებაა, ასევე ზუგდიდის, სენაკის, ქუთაისისა და რიკოთის უღელტეხილის დაკავება“.

რუსეთის ფედერაციასა და მის შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის, ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ბაზებზე, დღემდე აღნიშნავენ 23 თებერვალს, რომელსაც 1995 წლიდან „სამშობლოს დამცველის დღე“ ეწოდება, თუმცა შინაარსით ახალი „23 თებერვალი“ ისევ ის ძველი საბჭოთა დღესასწაულია - „სამხედრო-გენდერული დღე“, როცა კაცების დიდ ნაწილს „დასვენებისა და აღნიშვნის“ მორიგი მიზეზი ეძლევა.