თბილისში ყარაბაღიდან წამოსული სომეხი მოსახლეობისთვის დახმარება გროვდება

Your browser doesn’t support HTML5

ერთი კვირაა, ყარაბაღს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ტოვებს. მთიანი ყარაბაღიდან წამოსული დევნილებისთვის თბილისში, ცენტრ „ჰაიარტუნში“, ბავშვებისთვის სამოსი და თანხა გროვდება. მოხალისეობის სურვილს გამოთქვამენ თბილისში ჩამოსული სომეხი სტუდენტებიც.

28 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში უკვე ჩავიდა 70 ათასზე მეტი დევნილი. მიუხედავად ბაქოს მტკიცებისა, რომ მათი მიზანია ეთნიკურ სომხებთან მშვიდობიანი ცხოვრება, ადგილობრივები მყარი გარანტიების არ არსებობის გამო ყარაბაღს მაინც ტოვებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.

სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო. 2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.