თბილისში სამი ადგილიდან - რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის მეტროდან - ცოტა ხნის წინ დაიწყო აქცია-მსვლელობა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. აქციის დევიზია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
მოქალაქეები, რომლებიც დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიასთან“ იყვნენ შეკრებილები, უკვე შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილებს და მათთან ერთად აგრძელებენ მსვლელობას.
დემონსტრანტების სამი ტალღა ევროპის მოედანზე, რიყეზე შეუერთდება ერთმანეთს.
მსვლელობა-დემონსტრაცია ერთი მხრივ, უკავშირდება ევროპის დღეს და მას მედიაში „ევროპის მარშსაც“ უწოდებენ. ამავე დროს, იგი გაგრძელებაა ბოლო კვირების განმავლობაში დაწყებული საპროტესტო აქციებისა „უცხოეთის აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
2024 წლის 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
ასევე ნახეთ ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების დროს დაიკეტება