თბილისში დაკარგული - ადვილია თუ ძნელი დედაქალაში მისამართის პოვნა?

თბილისში ქუჩების ნაწილი წელს ხელახლა გადაინომრება. ეს მასშტაბური გადაწყვეტილების ერთ-ერთი კომპონენტია. 2019 წელს ქალაქში 13 ათას ახალ სამისამართე აბრას დაამაგრებენ.

საჭიროების შემთხვევაში სახელები დაერქმევა უსახელო ქუჩებსაც. ქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ეს​ გადაწყვეტილება მას მერ ემიიღო, რაც ქალაქში ახალმა საკადასტრო კოდებმა ქუჩებზე მისამართები არია, ამან კი მუშაობა გაურთულა სასწრაფოს, სამაშველო ბრიგადებსა და პატრულს. ქალაქში აბრებთან ერთად 80-ზე მეტი დგარიანი ბოძი დამონტაჟდება. წელს ამ ყველაფერზე 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორ ინომრება ქუჩები

ქუჩებს ნომრებს საჯარო რეესტრის დამისამართების სამსახური ანიჭებს. საქართველოს ყველა ქალაქში დანომვრა დასახლების ცენტრიდან იწყება. თბილისიში ათვლის წერტილი თავისუფლების მოედანია. ამიტომ ყველა ქუჩის პირველი ნომერი იმ მხარესაა, რომელიც თავისუფლების მოედნისკენ იყურება. მარჯვენა მხარეს ლაგდება კენტი რიცხვები, მარცხენა მხარეს კი - ლუწი. შესაძლოა რიცხვებს თან ახლდეს ანბანის ასოებიც.

მაშინ, როცა მშენებელი კომპანია ასრულებს ბინას და დროა მას მიენიჭოს ნომერი, ნუმერაციის მთავარი განმსაზღვრელი ხდება გვერდით მდებარე შენობების მისამართები. ხშირად ქუჩის სრულად გადანომვრის თავიდან ასარიდებლად ე.წ. ინდექსაციას იყენებენ.

მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთი, რომლის მისამართია შოთა რუსთაველის ქუჩა №2, გაიმიჯნება 2 ნაკვეთად, ქუჩაზე გაჩნდება 2 ა და 2 ბ. თუმცა თბილისში არის ისეთი ქუჩები, სადაც ერთი და იგივე ნომერი ათამდე შენობას აქვს, მაგალითად, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე 8 შენობა ითვლება პირველ ნომრად.

ინდექსიანი ნომრები გადანომვრის თავიდან აცილების საშუალებაა, რადგან ასეთ დროს იმ ქუჩაზე მდებარე ყველა ობიექტის მისამართი იცვლება.

დუბლირებული ნუმერაცია უნდა შესწორდეს, რაც კომპლექსური პროცესია. ბიუროკრატიის ენაზე ეს ასე ჟღერს: .„ნუმერაციის შესწორებისას სააგენტო კომპლექსურად იკვლევს შესაბამისი ტერიტორიისთვის არსებულ სიტუაციას და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობების ურთიერთშეჯერებით”.

სისტემური გადანომვრის ნაცვლად კი ხშირად ნომრების თანმიმდევრობა ირევა.

თბილისის ურბანული პარადოქსები

ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც ახალმა მშენებლობებმა ნუმერაცია არია. ქუჩაზე რამდენიმე ნომერი გამოტოვებულია. მაგალითად, ვერ იპოვით ნომერ 18-ს, რომლის ადგილას შენობის მაგივრად სტადიონია. ხშირად გზის გაკვლევა რუკის საშუალებითაც ძნელია.

ჯერ არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად თბილისის რომელი ქუჩები გადაინომრება.