გვიან შემოდგომაზე თბილისის ქუჩებში 90 ახალი ავტობუსი გამოჩნდება, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 45 მილიონ ლარად შეიძინა.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი ბოლოს 2016 განახლდა. მაშინ ქალაქის მთავრობამ უპირატესობა გაზზე მომუშავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 12 მეტრის სიგრძის ავტობუსებს მიანიჭა.
Your browser doesn’t support HTML5
90 ახალი ავტობუსი, რომელიც მერიამ 2018 წლის ზაფხულში შეიძინა, 10,5 მეტრის სიგრძის იქნება და დიზელზე იმუშავებს.
სპეციალისტების აზრით, გაზზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, მათი გრძელვადიანი ექსპლუატაცია ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობს და მაშინ, როდესაც ქალაქში უკვე არსებობს გაზზე მომუშავე ტრანსპორტის პრეცედენტი, დიზელზე მომუშავე ავტობუსების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მდგომარეობას ართულებს საწვავის ხარისხიც, რომელიც საქართველოში შემოდის.
ახალი ავტობუსები გამართულად და ნაკლები ემისიებით მუშაობისთვის “ევრო 6”-ის სტანდარტის მქონე საწვავის მოხმარებას საჭიროებენ, ქართულ ბაზარზე არსებული საწვავის უმეტესობა კი გაცილებით დაბალი ხარისხისაა.
2018 წლის ივლისში თბილისის მერიამ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2018-2019 წლებში სრულად უნდა განახლდეს მოძველებული ავტოპარკი, 2020 წლისთვის კი ქალაქში ავტობუსების რიცხვი 900-მდე გაიზარდოს.
რა ტიპის იქნება ის ავტობუსები, რომლის შეძენასაც დედაქალაქის ხელმძღვანელობა მომდევნო წლებში აპირებს და რა საწვავზე იმუშავებს, ჯერჯერობით უცნობია.