ისტორიკოსი გაბრიელ ჩუბინიძე დეკემბრის დასაწყისში თბილისის ბაზრობაზე დახეტიალობდა, როდესაც საბჭოთა წარმოების ფოტოფირები შეამჩნია, უკვე გამჟღავნებული, მაგრამ შემდეგ წლების განმავლობაში ყუთებში ჩატოვებული და მივიწყებული.
„გამყიდველს წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ ფირებზე რა იყო“, - ამბობს გაბრიელი.
გაჩერდა და რუსული წარწერის გასარჩევად ყუთი თვალთან ახლოს მიიტანა, ზედ „1992 წლის იანვარი“ ეწერა.
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 1991-1992 წლის ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდია. 1991 წლის დასაწყისიდან თბილისი ბრძოლებმა მოიცვა. აჯანყებულმა ფორმირებებმა ჩამოაგდეს ზვიად გამსახურდია, რამდენიმე თვით ადრე არჩეული პრეზიდენტი.
„თბილისის ომი“ ძირითადად პარლამენტის შენობის სიახლოვეს, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა.
ტანკებმა, ჰაუბიცებმა და ნაღმსატყორცნებმა თბილისის ყველაზე ლამაზ ქუჩებში რამდენიმე შენობა დაანგრია. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, გადატრიალებას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რომელიც ორი წელი გაგრძელდა.
როდესაც გაბრიელმა ფირი გახსნა და სინათლეზე გახედა, ხელში დანგრეული თბილისის პროფესიულად გადაღებული გამოსახულებები შერჩა. მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნო.
ფირები რა ფასად შეიძინა, არ ამბობს, იმის შიშით, რომ ამის შემდეგ ფასს სხვა გამყიდველებიც გაზრდიან. შემდეგ ეს ფირები გაამჟღავნა.
5 დეკემბერს ფოტოები თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, იმედი ჰქონდა, რომ ფოტოგრაფს მიაგნებდა. გაბრიელი ამბობს, იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა, „ფსიქოლოგიურად მზად არ იყო“.
ფოტოები საქართველოში სოციალური ქსელით მაშინვე გავრცელდა. ჟურნალისტები მას დამეგობრებას სთხოვდნენ.
„აგრესიულად მწერდნენ, გაბრიელ, ინტერვიუ უნდა მოგვცეო“, - ჰყვება ის.
უფროსი თაობის ზოგიერთმა თბილისელმა ისიც კი გაიხსენა, თუ რა უძღოდა წინ ამ ფოტოებზე აღბეჭდილ მოვლენებს.
„ეს შევჩენკოს ქუჩაა. ბებიაჩემი ბაბილინა ცხოვრობდა ბოლო შენობაში, მესამე სართულზე. აივანი ფოტოზეც ჩანს“, - დაწერა ერთმა იმ ფოტოს ქვევით, რომელზეც შეიარაღებული კაცები ქუჩას მიუყვებიან.
„ის უკვალოდ დაიკარგა", - აგრძელებს თვითმხილველი, - "ორჯერ შევედი მის ცეცხლმოკიდებულ ბინაში, მაგრამ ჩემთან ერთად წამოსვლა ვერ შეძლო. შემდეგ სროლა ატყდა. მე მოპირდაპირე შენობაში ვიყავი. შეშინებულმა გადასვლა ვერ მოვახერხე. მეორე დღეს შენობა უკვე ცეცხლს ჰქონდა ჩამოშლილი. აქ ძალიან მძიმე ფოტოებია ჩემთვის“.
დაღუპული ქალის ისტორია სხვამაც დაადასტურა. „ეჰ, ცხონებული ბაბილინა. მის ქმარს აპოლონი ერქვა. ერთი სართულით ზევით ცხოვრობდნენ. მახსოვს ის დღეები. ისეთი პანიკა იყო. ვერავინ აჩერებდა. ტყვიები წვიმასავით მოდიოდა და ვერავინ შევძელით იქიდან მისი გამოყვანა“.
იმ გამოხმაურებამ, რაც ფოტოებს მოჰყვა, გაბრიელს ორგვარი გრძნობა გაუჩინა.
„შესაძლოა საინტერესოა, რომ ხალხი ჩვენი ისტორიის ამ პერიოდზე მსჯელობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საშინელებაა“, - ამბობს ის.
მისი თქმით, ბევრი მათგანი, ვინც კომენტარებს წერდა, ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო.
„ეს ტრავმირებული ხალხია. ეს მათი კომენტარებიდანაც ჩანს. ისინი ისევ იმ დროში ცხოვრობენ, ისევ 1991-1992 წლებში არიან. ისინი სახეზე ცნობენ ხალხს: „აი, ის ბიჭი, ჩვენ რომ გვესროდა“.
ახალგაზრდა ისტორიკოსი ამბობს, რომ კონფლიქტი, რომელმაც თბილისი ორად გახლიჩა, დღემდე ტაბუირებულია. ქართველების უმეტესობას სჯერა, რომ გამსახურდიას ძალადობრივი დამხობა საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ამ თემაზე ნაკლებად მსჯელობენ, რადგან გადატრიალებაში ბევრი დღევანდელი პოლიტიკოსიც იყო ჩართული.
გაბრიელ ჩუბინიძეს იმედი აქვს, რომ მის მიერ ნაპოვნი ფოტოები გახდება საფუძველი ერთგვარი საჯარო არქივისა, რომელიც საქართველოს ვიზუალურ ისტორიას შემოინახავს.
„მინდა ისეთი ადგილი გავაკეთო, სადაც ხალხი მოვა და თავიანთ ნეგატივებს გაამჟღავნებს, შემდეგ კი ატვირთავენ მათ. ჩვენ არქივების მხრივ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს“, - ისტორიკოსი ამბობს, რომ 1990 წლებიდან მოყოლებული მთელი არქივები ან იძარცვებოდა, ან იკარგებოდა.
„ბევრმა უბრალოდ გადაყარა ფოტოები“, - ამბობს გაბრიელი. მისი თქმით, ისტორიული ფოტოების დიდ ნაწილი ახლა „ხალხის სახლებშია ჩაბუდებული“ და დაუცველია მოხუცებისა თუ მათი შთამომავლებისგან, რომლებსაც ისინი შეიძლება თვალში არ მოუვიდეთ.
გაბრიელი ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანაა, მიაგნოს იდუმალ ფოტოგრაფს, რომლის სტილიც განუმეორებელია. თუკი იმ დროს ფოტოგრაფები ძირითადად ერთი სცენის გადაღებას ცდილობდნენ, ეს როგორც ჩანს, თავის ტექნიკურ გამოცდილებას იყენებდა უფრო მრავალფეროვანი კადრების დასაფიქსირებლად.
„ის ყველაფერს იღებდა, რაც ქუჩაში შეხვდებოდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც პირველად მოხვდა საომარ ზონაში, შოკში იყო და უბრალოდ, ყველაფერს მიყოლებით იღებდა, ყველა კუთხეს, ყველა ბარიკადას, ყველაფერს საერთოდ. ერთ დღეში 200 ფოტო გადაიღო, რომელიც წარმოაჩენს იმ შედეგს, რაც ზვიად გამსახურდიას თბილისიდან გაქცევას მოჰყვა“, - ამბობს ის.
გაბრიელი პირობას დებს, რომ მის მიერ აღმოჩენილი ფოტოები ინტერნეტში უფასოდ დაიდება.
„გასაჯაროება ფულს და დროს მოითხოვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ადრე თუ გვიან, ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - ამბობს ის.