„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ (SOVLAB) არ ეძლევა საშუალება მინი-მემორიალური დაფები განათავსოს ნიკოლაძის და დიღომბარისქუჩებზე მდებარე ორ შენობაზე, რომლებიც ორგანიზაციამ შეარჩია პროექტის, „უკანასკნელი მისამართის“ ფარგლებში.
ორგანიზაციას დაფების განთავსებაზე უარი უთხრა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველმა კომისიამ.
„კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და ცალ-ცალკე მემორიალური დაფების განთავსება მიზანშეუწონლად მიიჩნია. კომისიის წევრებმა, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა პატივსაცემად ერთიანი მემორიალის განთავსებას, რომელზეც ყველა მათგანის სახელი და გვარი იქნება დატანილი, ერთხმად დაუჭირეს მხარი. მემორიალის განთავსების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის განსაზღვრა ეთხოვა სსიპ არქიტექტურის სამსახურს“, - ნაქვამია კომისიის მიერ SOVLAB-ისთვის გაგზავნილ პასუხში.
პროექტის ავტორებმა კომისიის ეს პასუხი აღიქვეს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება - მოქალაქეებმა, უშუალოდ მათ საცხოვრებელ სივრცეში ვერ დააფიქსირონ და გაიაზრონ საბჭოთა ტერორის მასშტაბი.
„არაფერს ვამბობთ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, უარი უთხრან რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და შთამომავლებს, თავად გადაწყვიტონ რა ფორმით სურთ მათ მშობლების და წინაპრების ხსოვნის უკვდავყოფა.
სიტუაციის ტრაგი-კომიკურობას ამძაფრებს ფაქტი, რომ პირველი ნიშანი უკვე განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე, ხოლო აღნიშნული სახლები (ნიკოლაძის N7 და დიღომბარის N7) არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე ნიშნის განთავსებას არქიტექტურის სამსახური განიხილავს ხსნებული "კომისიის" ჩართულობის გარეშე, ელექტრონული წესით და სწორედ მათი ნებართვით განთავსდა პირველი ნიშანი და განთავსდება მომდევნოებიც იმ სახლებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და სადაც ტერორის მსხვერპლი ადამიანები ცხოვრობდნენ”, - ნათქვამია SOVLAB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიამ გამოცემა "ლიბერალს" გადაწყვეტილების შესახებ ამხსნელი წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, კომისიას მიიჩნია, რომ ტერორის მსხვერპლთა რეალური რაოდენობიდან გამომდინარე, მემორიალური დაფების განთავსება დიდ მასშტაბს მიიღებდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დაფების ნაცვლად განისაზღვროს გარკვეული ადგილი, შემუშავდეს კონცეფცია და განთავსდეს მემორიალური ობიექტი, რომელზეც დაიტანენ თითოეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას.
SOVLAB-მა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სახლებზე მემორიალური დაფების განთავსება დაიწყო ორგანიზაციის საერთაშორისო ინიციატივის - „უკანასკნელი მისამართის“ ფარგლებში. პირველი ასეთი ნიშანი 2018 წლის 5 ოქტომბერს, რუსთაველის N3-ში, მელიქ-აზარიანიცის სახლის ფასადზე განთავსდა კონსტანტინე ყანდარელის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
ასევე ნახეთ დაბრუნება უკანასკნელ მისამართზე