თბილისი - ხუთი ფასადის ქალაქი

თბილისი

თბილისს სამართლიანად უწოდებენ ხუთი ფასადის ქალაქს, რადგან თბილისში შენობების სახურავები ისეთივე სიხშირით ხვდება თვალსაწიერში, როგორც ამავე შენობების ფასადები. ამ გარემოების გამო არქიტექტორი ვახტანგ დავითაია თავის ჩანაწერებში შენიშნავს, რომ სახურავების როლი თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში უზომოდ დიდია:

„ქალაქშიც და მის ირგვლივაც უამრავი ბუნებრივი მოედანია, საიდანაც შეიძლება ქალაქის პანორამის აღქმა - მათ შორის ისეთი ხალხმრავალი ადგილებიდან, როგორიცაა: მთაწმინდის პლატო, ყოფილი კომკავშირის ხეივანი, მეტეხი, ბარათაშვილის აღმართი, არსენალის მთა, კოჯრის, წყნეთის, ლისის, კახეთის შემოსასვლელები და სხვა. ეს თავისებურება ავალდებულებს ხუროთმოძღვარს ანგარიში გაუწიოს შენობის მეხუთე ფასადს - სახურავს“.

დღეს რომ გადმოხედავთ ქალაქს, გული გაგისკდებათ.
თათია ღვინერია

თუმცა უნდა ითქვას, რომ ავალდებულებს მხოლოდ საღი აზრი, მორალი, პროფესიონალიზმი, გემოვნება, მაგრამ სხვა მხრივ „ხურთომოძღვარს“ ხელ-ფეხი აქვს გახსნილი. სახურავების ფორმისა და ფაქტურის საკითხი არანაირად არ რეგულირდება კანონმდებლობით. შესაბამისად, მშენებლები ახალი სახლების აშენებისას ან ძველი ნაგებობების გადაკეთებისას სახურავების უნიკალურ როლს თბილისის იერსახის ჩამოყალიბებაში, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ.

„დღეს რომ გადმოხედავთ ქალაქს, გული გაგისკდებათ“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია. - „უყურებთ ქალაქს, მის რთულ მორფოლოგიას, ერთ დროს არაჩვეულებრივს, რომელშიც პირდაპირ ხანჯალივითაა ჩარჭობილი პროპორციებიდან და ფაქტურიდან აბსოლუტურად ამოვადნილი მოცულობის შენობები უშნო სახურავებით. ეს არის საშინელება, რეალურად ეს არის ტრაგედია!“

Your browser doesn’t support HTML5

რა ხურავს თბილისს?

როგორ იცვლებოდა სახურავების ფორმა და სტრუქტურა

თბილისის დაფერდებული რელიეფის მჭიდრო განაშენიანება ძირითადად რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები მცირე და საშუალო ზომის ბანური და ერდოიანი სახლებით იყო მოცული. დამრეც რელიეფზე ყოველი ქვედა ნაგებობის ბანური გადახურვა ზედა ნაგებობის სახლისწინა ეზოს წარმოადგენდა.

„ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო ადაპტირებული თბილისის რელიეფთან, კლიმატთან, თბილისურ ყოფასთან. ამ ფაქტორების გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია“, - ამბობს თათია ღვინერია.

თბილისი მე-20 საუკუნის დასაწყისში

ქალაქის იერსახე რადიკალურად შეიცვალა XIX საუკუნეში, როცა, მოსახლეობის ზრდის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა ქალაქიც. შესაბამისად, შეიცვალა შენობები, მათი მასშტაბი, სტრუქტურა, არქიტექტურა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ბანიანი სახლების არქიტექტურისგან. შეიცვალა გადახურვაც. შემოვიდა ე.წ. ქანობიანი (ცალქანობა, ორქანობა) სახურავები, რომლებმაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შთანთქა ბანები.

„ბანები გადაკეთდა - შეიცვალა ან ორქანობიანი სახურავით, ან ზემოდან დააშენეს სართულები“, - ამბობს ლია ბოკუჩავა, ICOMOS საქართველოს დირექტორი.

თბილისი მე-20 საუკუნის დასაწყისში

ამ დროს შენობების გადასახურად გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის კრამიტი, რომელიც განუმეორებელ ფერადოვან გამას ქმნიდა და ძალიან ალამაზებდა ქალაქს, თუმცა კრამიტი ძნელად მოსავლელი იყო და ამიტომ ის თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბევრად უფრო იაფმა და იოლად მოსავლელმა თუნუქმა, რომელიც მასობრივად შემოვიდა თბილისში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან.

„თუნუქი იღებებოდა მოწითალო ფერებში და ფერთა ეს შეხამებული მონაცვლეობა ქმნიდა ხალიჩის ეფექტს, საიდანაც ლამაზად იწვერებოდნენ ეკლესიის გუმბათები. ყველაზე მაღალი შენობებიც მხოლოდ სამსართულიანები იყო და ჰარმონიულად ეწერებოდნენ ქალაქის პანორამაში. ეს პერიოდი იყო ძალიან ლამაზი ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა შემდეგ ეტაპზე თუნუქი შეიცვალა უსახური შიფერით, რომელიც, ამასთანავე, მავნეა ჯანმრთელობისთვის. მერე გავრცელდა თხელი, პრიალა თუნუქი, რომელიც აუშნოებდა ქალაქს სარკისებური ზედაპირით“, - ამბობს ლია ბოკუჩავა.

რა ეშველება „მეხუთე ფასადს“?

თბილისის „მეხუთე ფასადი“ მახინჯდება როგორც ძველი შენობების გადაკეთებით (დაშენებით), ასევე ახალი, შეუსაბამოდ მაღალი შენობების მშენებლობით. სიახლე ქუჩიდან არ აღიქმება მძაფრად, მაგრამ სიუშნოვე თვალშისაცემია ზემოდან გადმოხედვის დროს.

„თბილისი და მისი სახლების სახურავები ლამის ყველა წერტილიდან მოჩანს. ქალაქი ხელისგულივით არის გადაშილი. ცნობილი ადგილების გარდა, ქალაქი ჩანს საბაგირო გზებიდანაც“, - ამბობს ლია ბოკუჩავა.

ძველი თბილისი

თბილისში ფართოდ არის გავრცელებული შენობებისთვის სართულების დაშენება, რაც კიდევ უფრო აუშნოებს ქალაქის იერსახეს.

ყოველთვის ვცდილობთ როგორც ფერის, ასევე კონსტრუქციის და ფაქტურის შენარჩუნებას. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, რომ არ დაგვებრუნებინოს ძეგლისთვის ავთენტური სახურავი.
გიორგი ბაიდარაშვილი

ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიაც მიიჩნევს, რომ „მეხუთე ფასადი“, ეს თვალსაჩინო და ერთიანი სურათი ქალაქისა, წლიდან წლამდე უარესდება. ახალი სახლების აშენებისას ქალაქის ამ განზომილებას არანაირი ყურადღება არ ექცევა, ისევე როგორც არავინ ზრუნავს წლების წინ დამახინჯებული „მეხუთე ფასადის“ იერის გამოსწორებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც ისტორიული შენობების რესტავრაციითაა დაკავებული. ფონდის დირექტორის, გიორგი ბაიდარაშვილის, თქმით, სახურავის რესტავრაციას და განახლებას ისეთივე ყურადღება ექცევა, როგორიც შენობის დანარჩენი ნაწილისას.

„ყოველთვის ვცდილობთ როგორც ფერის, ასევე კონსტრუქციის და ფაქტურის შენარჩუნებას. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, რომ არ დაგვებრუნებინოს ძეგლისთვის ავთენტური სახურავი. შეგვხვედრია თეთრი თუნუქის გადახურვები (გადაუდებელი ღონისძიებების დროს რომ გაკეთდა, წყალი რომ არ ჩასულიყო), რომელიც აღგვიდგენია სათანადო პარამეტრებით. პროექტშივე გვაქვს ხოლმე ჩადებული სახურავის ფორმის, სტრუქტურის და მასალის მახასიათებლები. გვესმის, რომ ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე, განსაკუთრებით ძველი ქალაქისთვის. ალბათ, ვერ მოხერხდება კრამიტის გადახურვების აღდგენა, რომელიც მძიმეც არის და ძვირიც... მაგრამ გადახურვის ფერს აუცილებლად ვითვალისწინებთ ხოლმე. ჩვენი მიზანია ქალაქს დავუბრუნოთ ის სახე, რაც წლების წინ ჰქონდა და რაც მიმზიდველი იყო“, - უთხრა გიორგი ბაიდარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძველი თბილისი

თუმცა თბილისის „მეხუთე ფასადის“ იერსახე მაინც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან არ არსებობს კანონი ან სხვა სახის ნორმატიული აქტი, რომელიც ინვესტორის ნებას დამორჩილებული არქიტექტორების მრავალსართულიან ფანტაზიებს ჩარჩოებში მოაქცევდა.

„თბილისმა უნდა მიიღოს კანონი ან დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება, სად და როგორ უნდა გადაიხუროს შენობები, რა მასალა უნდა იქნეს გამოყენებული - კრამიტი, თუნუქი თუ კიდევ სხვა რამ. საჭიროა ერთიანი მიდგომა. ახლა ვის როგორ უნდა, ისე აშენებს და რითაც უნდა, იმით ხურავს. არც ფერს აქცევს ვინმე ყურადღებას და არც მასალას, რაც ძალიან აჭრელებს (ცუდი გაგებით) ქალაქს. ადრე აქცენტები იყო ეკლესიების გუმბათები, ეს აქცენტები თანადათან დაიკარგა, ჩაიყლაპა ახალი, უშნო შენობების მიერ. ახალი მშენებლები გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თბილისს. არ ფიქრობენ ქალაქსა და მის მომავალზე, ფიქრობენ მხოლოდ სიმაღლეზე“, - ამბობს ლია ბოკუჩავა.

რაც შეეხება თბილისის „მეხუთე ფასადის“ ტრადიციულ მასალასა და ფერს, ესაა მოწითალო ტონებში შეღებილი თუნუქი, აგურისფერი, შინდისფერი... -ფერები, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება თბილისს.