თბილისი უწყლოდ - რა მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხის აცილება შეიძლებოდა

16 ივლისს წიწამურის მიმდებარედ, არაგვის ხეობაში მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა.

მეხუთე დღეა, რაც 53 000-ზე მეტ ოჯახს თბილისში წყალი დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს. გრაფიკი მათთვის კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. ეს ვადა GWP-მ დათქვა.

ამ სტატიაში ვარკვევთ, ვინაა პასუხისმგებელი ცენტრალური წყალსადენის დაზიანებაზე, რომელსაც ტონობით სამშენებლო ნაგავი დააყარეს? ვინ იცოდა ამის შესახებ და ყურადღება არ მიაქცია, ან ვინ არ იცოდა და რატომაა არცოდნაც დანაშაული?

ნუცუბიძის 179 ნომერთან, წყლის თეთრი ცისტერნა დღის 12 საათზე გაჩერდა. ამ მისამართზე ორი საათი დავყოვნდი. ამ დროის განმავლობაში 6-ლიტრიანი ბიდონით წყალი მხოლოდ ერთმა კაცმა აავსო.

წყლის ცისტერნა ნუცუბიძის ქუჩაზე ადგილობრივის გამოძახების შემდეგ მივიდა

ხალხმრავლობა არც სხვა ცისტერნებთან ყოფილა. განრიგის მიხედვით, GWP-ის მანქანებმა 21 ივნისს თბილისის კიდევ ოთხი ქუჩა ჩამოიარეს. სასმელი წყლის ეს 10-ტონიანი ცისტერნები წყალმომარაგების აღდგენამდე ივლიან ყველგან, სადაც თუნდაც ერთი მოქალაქე გამოიძახებს.

„საღამოობით უფრო მეტი ხალხია, დღისით სამსახურებში არიანო“, - მეუბნებიან კორპუსის ეზოში, ხის ჩრდილს შეფარებული მძღოლები.

დედაქალაქის ქუჩებში წყლის ცისტერნებმა სიარული მას შემდეგ დაიწყეს, რაც წიწამურთან, არაგვის ხეობაში 16 ივლისს მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. ამ მილით მიდის სასმელი წყალი თბილისსა და მცხეთაში.

იმ დღესვე გაირკვა, რომ წყალსადენზე იმდენად დიდი ავარია იყო მომხდარი, რომ მილი მალე ვერ შეკეთდებოდა. აღმოჩნდა, რომ მილი წლობით დაყრილი ნაგვით შექმნილმა ხელოვნურმა ფერდობმა დააზიანა. ძლიერი წვიმის გამო ფერდი ჩამოიშალა და თან ჩაიტანა მაგისტრალი.

ჩამოშლილი ხელოვნური ფერდი. ფოტო გადაღებულია 18 ივნისს

ახლა ავარიის ადგილზე შვიდი ტრაქტორი და ამწე მუშაობს, მათ უკვე მოჭრეს და გაიტანეს 10,000-ობით კუბური მეტრი მიწა. GWP-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დეფორმირებულია მილის 300-მეტრიანი მონაკვეთი, დაზიანებულია გადაბმის წერტილები. კომპანია ვარაუდობს, რომ წყლის სრულად აღდგენას 25 ივლისისთვის შეძლებს.

GWP-ის თანამშრომლებმა დაზიანებულ მილს სამუშაოების დაწყებიდან ოთხ დღეში მიაკვლიეს.

წყლის მილი ავარიამდე თვალით ხილული იყო, მიწის ჩამოშლის შემდეგ კი 30 მეტრზე, მიწაში ჩაიმარხა

ასმაგად მძიმე

„პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც ეს უპასუხისმგებლობა ჩაიდინა“, - ამბობს პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე. ის ახლა ონკოლოგიური მკურნალობის კურსს გადის და ამ უწყლობამ მკაცრად დადგენილი რეჟიმი თავდაყირა ამოუტრიალა.

ხათუნა სამნიძე თავად დაგვიკავშირდა, მას წყლის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბარი სურდა, როგორც ონკოპაციენტს და არა პოლიტიკოსს.

„ასეთი დისკომფორტი ჩემნაირი პაციენტებისთვის ასმაგად უფრო მძიმეა. მუდმივად გვჭირდება მკაცრი ჰიგიენა, იმუნიტეტი გვაქვს დაბალი და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამას, გვაქვს კვების განსაკუთრებული გრაფიკი…ონკოპაციენტებისთვის ეს წვრილმანი არ არის. მიჭირს ემოციების გაკონტროლება, ჩვენ განსაკუთრებით ემოციურები ვართ და ასეთი პრობლემები ემოციურ მდგრადობაზე მოქმედებს.

რა ცისტერნები და რა წყლის მოტანა?! ორ კილოზე მეტის აწევა ჩემთვის შეუძლებელი და აკრძალულია".

„ქიმიის დღეებში“ მეგობართან გადავიდა: „ონკოპაციენტებმა იციან, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს დაბანას და ჰიგიენას“,- ამბობს ხათუნა სამნიძე და ამატებს: „ყველაზე ცუდი კი ისაა, როცა იცი, შენს ამ ტანჯვაზე პასუხს არავინ აგებს“.

ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე წყალი მართლაც გრაფიკით მოდოს, აი, ზაჰესში კი დროც არ იციან. სასმელ წყალს ან მაღაზიაში ყიდულობენ, ან GWP-ის ცისტერნას ელოდებიან.

წყალმომარაგების კომპანია GWP ამ ბმულზე ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას წყლის განახლებული გრაფიკისა და იმ მარშრუტების შესახებ, სადაც წყალს არიგებს.

ამის მიუხედავად, ქავთარაძის ქუჩაზე, მარკეტში ჩვენგან გაიგეს, რომ მათ წინ დილის 10 საათიდან გაჩერებული მანქანა წარწერით - GWP, სასმელ წყალს არიგებდა.

კოვიდის დროს რომ მომხდარიყო?

მარიამ ჯგუშია საბურთალოზე ცხოვრობს, გაუმართლა, წყალს დაბალი წნევა კი აქვს, მაგრამ მასთან დილის რვის ნახევარზე 3 საათით მოდის, აი, მაღალ სართულებზე კი ამ დროსაც ვერ აღწევს.

მარიამ ჯგუშია დილის განაწილებაში მოხვდა და წყალი, წესით, დილის შვიდი საათიდან უნდა ჰქონდეს. ეს გრაფიკი ხშირად ირღვევა.

ასე გამოიყურება მარიამ ჯგუშიას წყლის მარაგის ნაწილი.

„საჭმელს ვეღარ ვამზადებ და გამოძახება მიწევს, რაც დამატებითი ხარჯი და ძვირი სიამოვნებაა. წყლის გამოძახებაც მიწევს ხოლმე. იმ წყალს, რომელიც ონკანში მოდის, არ ვსვამ, ჭუჭყი და სილა მოყვება, ახლომახლო მარკეტებში კი სასმელი წყლის მარაგები უკვე ამოწურულია ხოლმე“, - ამბობს მარიამ ჯგუშია, რომელმაც ცეკვის გაკვეთილებზე სიარული შეწყვიტა, ტანსაცმელს კი მეგობრების სახლებში რეცხავს.

„კიდე რაზე მეფიქრება, იცი? - მეუბნება მარიამი, - თუ პრევენცია შეუძლებელი იყო, გამოდის, რომ ეს ავარია კოვიდის დროსაც შეიძლება მომხდარიყო, და ძაან ჩვეულებრივად შეიწირავდნენ ნახევარი ქალაქის ჯანმრთელობას“.

ნარჩენების უნებართვოდ დაყრა კანონდარღვევაა

ავარიიდან მეორე დღეს, 17 ივნისს, წყალმომარაგების კომპანიაში თქვეს, რომ მილის თავზე „მესამე პირები“ დროის ხანგრძლივ მონაკვეთში სამშენებლო მასალებს ყრიდნენ, რის გამოც მყიფე, ადვილადჩამოშლადი ხელოვნური ფერდი წარმოიქმნა. სწორედ ამ ჩამოშლილი ფერდის სიმძიმემ გაღუნა გადაბმების ადგილას უზარმაზარი წყალსადენი.

ნარჩენების მართვის კოდექსით, გარემოში ნაგვის უნებართვო გადაყრა და მიტოვება კანონდარღვევად ფასდება. ამ წესების მერვე მუხლში ნათქვამია, რომ:

  • მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება;
  • თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს დააკისროს;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება არ არის.

Google Earth-ის მიხედვით, იმ ადგილზე, სადაც ავარია მოხდა, ტყიანი ლანდშაფტი რადიკალურად 2017 წლის შემდეგ იცვლება, ხეებს მოსწორებული მოედანი ანაცვლებს, შემდეგ კი თანდათან ხელოვნური ნაგვის გორა შენდება.

შემოხაზულია ტერიტორია, სადაც ნაგავი უკანონოდ იყრებოდა

შემოხაზულია ტერიტორია, სადაც ნაგავი უკანონოდ იყრებოდა. ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაა.

თუ ვივარაუდებთ, რომ ლანდშაფტის ცვლილება უკანონო ნარჩენების განთავსების დროს ემთხვევა, გამოდის, რომ ამ ადგილას მიწას წლების განმავლობაში ყრიდნენ. მაშინ, სად იყვნენ პასუხისმგებელი უწყებები?

  • მცხეთის მერია, რომელსაც თავის საზღვრებში უკანონოდ განთავსებული ნარჩენების კონტროლს კანონი ავალდებულებს;
  • გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
  • წყალმომარაგების კომპანია GWP, რომელიც ვალდებულია, თბილისი, მცხეთა და რუსთავი წყლით უწყვეტად მოამარაგოს.

იცოდნენ მათ უკანონო ნაგავსაყრელზე? და თუ იცოდნენ, რა გააკეთეს? ხომ არ იყო ეს სამსახურებრივი გულგრილობა?

ვინ რა იცოდა?

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მცხეთის მერიაში, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში იცოდნენ, რომ წიწამურის გადასახვევთან, არაგვის ხეობაში, GWP-ს მაგისტრალურ წყალსადენთან სამშენებლო ნარჩენს „ვინმე მესამე პირი“ უკანონოდ ყრიდა.

ამას ცხადყოფს პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიიღო.

ირკვევა, რომ ამ ადგილზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ დაყრისთვის ჯარიმა ორჯერ გამოიწერა:

  • პირველად - შარშან: მცხეთის ზედამხედველობის სამსახურმა.
  • მეორედ - წელს: გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიწის უკანონოდ დაყრის გამო შარშან მცხეთის მერიამ 30 000-ლარიანი ჯარიმა გამოწერა, მაგრამ ვის გამოუწერა, არ გვითხრა. ასევე მოგვწერეს:

„წელს, საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახური და გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელმაც ჯარიმა გამოწერა აღნიშნულ ფაქტზე”, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას მცხეთის მერიაში.

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი ნარჩენების უკანონო განთავსებისთვის ჯარიმების სხვადასხვა ოდენობას ადგენს.

ამ მუხლით 30 000 ლარით ჯარიმდება იურიდიული პირი, რომელიც გარემოს დაანაგვიანებს 50 მ3 ან 50 მ​3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით. ეს არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ამ ტიპის კანონდარღვევაზე შეიძლება გამოიწეროს.

ამ მუხლით დაჯარიმებული „ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია“, - წერია „ნარჩენების მართვის“ კოდექსში.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაჯარიმებულია სულ მცირე ერთი იურიდიული პირი ანუ კომპანია, რომელიც ასევე ვალდებული იყო ტერიტორია ნარჩენებისგან გაეწმინდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

კიდევ რამდენიმე დღე უწყლოდ

წყლის გრაფიკი არც გვანცა ფიფიასთანაა სტაბილური, ის ნუცუბიძის მეორე პლატოზე ცხოვრობს და, წესით, წყალი 10:30-დან 14:00-მდე უნდა ჰქონდეს.

„პასუხისმგებელი პირების გადაყენება უნდა მოვითხოვოთ, უნდა ვიცოდეთ, დაზღვეულები ვართ თუ არა, რომ მომავალში იგივე არ განმეორდება“, - ამბობს მარიამ ჯგუშია.

სახელმწიფო სტრუქტურების უპასუხისმგებლობა აბრაზებს რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რესპონდენტს გვანცა ფიფიას. ის ცდილობს წყლის გრაფიკს ფეხი აუწყოს, რაც, როგორც ამბობს, ჯანმრთელობის ფასად უჯდება.

„დილით 8-ზე ვიღვიძებ, მთელი ღამე ვფორიაქობ, ვაიდა არ ჩამეძინოს და წინა დღეს დაგროვილი ჭურჭელი დაურეცხავი არ დამრჩეს. წყლებია ასავსები. ცალკე ბავშვი, სკოლა დაუმთავრდა, საჭმლის მზადებას ასეთ რეჟიმში ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ თან ვმუშაობ და ვერ ვასწრებ. მაგალითად, დღეს, მამიდაჩემთან წავიყვანე ბავშვი და მეც, ვთხოვე საჭმლის მომზადება და იქიდან წამოვიღეთ.

ვბრაზდები, რომ ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო, არაადამიანურ რეჟიმში მიწევს ცხოვრება”, - გვიყვება გვანცა ფიფია.

ეს ფოტო რადიო თავისუფლებას ფეისბუკზე გამოუგზავნეს, მოქალაქეები წყალს ყველა გზით იმარაგებენ.

ნუცუბიძის 52 ნომერში წყლის წნევა იმდენად დაბალია, რომ მაღალ სართულებზე ვერ აღწევს. კორპუსის მცხოვრებლები წყალს ეზოში ავსებენ.

GWP-ში დარწმუნებით ამბობენ, რომ დათქმულ ვადაში ჩაეტევიან. 25 ივლისს წყალი ყველას შეუზღუდავად ექნება. ამ დღეებში, ამინდის პროგნოზით, დედაქალაქში საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსის ფარგლებში იქნება.