თეირანის გოლესთანის სასახლის არქივიდან გაჟონილი ფოტოები: უცნობი სპარსეთი, თბილისი...

მეტეხის ტაძარი XIX საუკუნეში მიშენებული საპატიმროთი.

თეირანის გოლესთანის სასახლის არქივში შემონახული თბილისის ამ ფოტოზე მოჩანს სიონის ტაძარი, სამრეკლო, შიიტთა (მოგვიანებით დანგრეული) მეჩეთის მინარეთი.

ფოტო ერთ-ერთია იმ 3 ათასი სურათიდან, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და რომელშიც ნაჩვენებია ყაჯართა პერიოდის (1789-1925) ირანი, ასევე მაშინდელი თბილისი.

კოლექცია მდიდარია, ზოგი ფოტო დასათაურებულია, ზოგიც ჯერჯერობით დაუდგენელია, სადაა გადაღებული და ვინ არიან მასზე გამოსახული.

თბილისის ხედი, რომელზეც ცენტრში მეტეხის ეკლესია მოჩანს, მარჯვნივ ნარიყალას ციხე-სიმაგრე

ზედა ფოტოზე, მარჯვნივ, ჩანს სომხური ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია. მას წითელი სახარების (კარმირ ავეტარანი), და ასევე შამქორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს (შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინი) უწოდებდნენ.

ხიდი მდინარე ვერეზე. ხედი ახლანდელი კოსტავას ქუჩიდან, უკან დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორია.

თეირანის გოლესთანის სასახლის არქივში არაერთი ფოტოა, თბილისის ხედებით. თბილისის მთავარი, სასახლის ქუჩის გადასაღებად სხვადასხვა ფოტოგრაფმა შეიძლება ერთი და იგივე ადგილი აირჩია.

თბილისის ხედი ერივანსკის მოედნიდან - სასახლის ქუჩის დასაწყისი

„ალქიმიკოსი მუშაობისას“, 1800-იანი წლების ბოლო (გოლესთანის სასახლის არქივი).

ფოტოები ძირითადად გადაღებულია XIX საუკუნის ბოლო წლებში. მათზე ძირითადად მაშინდელი ირანის, ოფიციალურად - ირანის უმაღლეს სახელმწიფოდ წოდებული ქვეყნის ცხოვრებაა ასახული.

თბილისში გადაღებული ფოტოები 1889 წელსაა გადაღებული, იმ წელს, როცა ირანის შაჰმა, ფოტოგრაფიით გატაცებულმა ნასერ ალ-დინმა, ევროპაში იმოგზაურა და ახლა საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა.

თეირანის სეფაჰსალარის მეჩეთის მშენებლობა. XIX საუკუნის ბოლო წლები.

მალევე დადასტურდა, რომ ისინი ირანის დედაქალაქის, თეირანის გოლესთანის სასახლიდან გაიჟონა.

კაშხლის მშენებლობა. ადგილი დაუდგენელია.

მაღალი რეზოლუციის ფოტოების გაჟონვამ ირანში სენსაცია გამოიწვია, როცა ისინი ივნისის დასაწყისში Google Drive folders-ით გავრცელდა

„სამეფო მეჯინიბე“ ჭადრაკის თამაშის წესებს განმარტავს

გოლესთანის სასახლის არქივის ზოგიერთი ფოტო ადრე გამოქვეყნდა, როგორც ქვემოთ ნაჩვენები ეს ფოტო. ის არასწორად იყო აღწერილი, თითქოს მასზე ცოცხლად დამარხული ქურდი ყოფილიყო გამოსახული.

ფოტოზე გამოსახულია, სავარაუდოდ, თბილი ქვიშით მკურნალობის მომენტი. დაავადებების ამგვარ მკურნალობას ფსამოთერაპია ჰქვია და ის პირველად ძველმა ბერძნებმა გამოიყენეს. დღეს ეს მეთოდი არაერთ ქვეყანაშია ცნობილი.

გოლესთანის არქივიდან გაჟონილი ფოტოების დიდი ნაწილი არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და მათ არ ახლავს აღწერილობა.

ისტორიკოსმა ჰამიდრეზა ჰოსეინიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ საზოგადოებისთვის გოლესთანის სასახლის არქივის ფოტოებზე წვდომა იმდენად რთული იყო, რომ „კაცი იფიქრებდა, თითქოს ცდილობდნენ ისინი საჯარო თვალისთვის მაქსიმალურად აერიდებინათ“.

ფოტოების გამოქვეყნებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ირანში სახელმწიფოს მედიის მხრიდან

მთავრობასთან დაკავშირებული ახალი ამბების პორტალი წერდა, რომ „მუზეუმების საგანძურის უნებართვოდ გამოქვეყნება დანაშაულია ყველა ქვეყანაში“.

სამეფო ბანაკი ირანის ჩრდილოეთში, დასთჯერდის მახლობლად. 1894 წელი

ეს ფოტოები საკმარისად ძველია და ისინი უკვე საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს, ანუ მათ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონი აღარ ეხება. ამავე დროს, ირანს ხელი არ მოუწერია ლიტერატურის და ხელოვნების ნიმუშთა დაცვის შესახებ ბერნის საერთაშორისო კონვენციაზე.

არ არის ცნობილი, რა ამოძრავებდა მათ, ვინც ფოტოარქივის ინტერნეტში გაჟონვას შეუწყო ხელი. ადრე გოლესთანის სასახლეს აკრიტიკებდნენ, რადგან ის არ აძლევდა საზოგადოებას ფოტოარქივის ნახვის შესაძლებლობას.

ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებს შორის არის სექსუალური შინაარსის და ზედმეტად ეროტიკული მოტივებიც.

ყველა ფოტო, რომლებზეც აშკარად შიშველი სხეულებია გამოსახული, ჩანს, ცენზურაში იყო გატარებული ფიზიკური მრავალშრიანი საფარის საშუალებით - როგორც ზედა გამოსახულებაზეა

ამ ფოტოზე ასახულია ირანის შაჰ ნასერ ალ-დინთან კბილის ექიმის ვიზიტი

არაერთ ფოტოზეა გამოსახული ირანის მაშინდელი შაჰი, ნასერ ალ-დინი, ფოტოხელოვნებით გატაცებული მონარქი, რომელმაც ტახტზე 1848 წლიდან 1896 წლამდე გაატარა, სანამ თავს დაესხმებოდნენ და მოკლავდნენ.

„შაჰის კარის ქონდრისკაცები“

ნასერ ალ-დინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ფოტოგრაფიის „ოქროს ხანის“ დაწყებაში

ანისოდოლეჰის, ირანის შაჰის ცოლის პორტრეტი. პიკანტური ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ ის თვითონ ნასერ ალ-დინმა გადაიღო.

შაჰი ხშირად მოგზაურობდა ევროპაში და აღტაცებული იყო ფოტოგრაფიით - ტექნოლოგიით, რომელიც იქ XIX საუკუნის შუა წლებიდან გავრცელდა.

ირანის ჩრდილო-დასავლეთის ქურთული ტომის, მანგურების დატყვევებული ბელადი.

შაჰი მშვენიერი ფოტოგრაფი იყო და ვარაუდობენ, რომ მისი გადაღებულია ზოგიერთი ფოტო, რომელიც გაჟონილ კოლექციაში მოყვა.

ნასერ ალ-დინ შაჰი

გოლესთანის არქივის ბევრი ფოტოს გამოსახულება განუმეორებლად მკაფიოა, როგორც ეს ახასიათებს ფართოფორმატიან კამერებს, რომლებიც მინის ფირებს იყენებდნენ, - რაც მაშინ გამოსახულების მაღალი ხარისხის მისაღებად სტანდარტს წარმოადგენდა.

ზოგიერთი ფოტოგრაფია შეგნებულად ბრიყვულად გამოიყურება, მაგრამ მაშინდელი ტექნოლოგია მოითხოვდა დიდხანს გაუნძრევლად პოზირებას და ეს აიძულებდა ადამიანებს ქანდაკებასავით მდგარიყვნენ.

გოლესთანის არქივში უცხოეთში გადაღებული არაერთი ფოტოა, მათი ნაწილი ალბათ მოგზაურობებისას შაჰის თანმხლებ ფოტოგრაფებს ეკუთვნით, ნაწილი შეიძლება თვითონ ნასერ ალ-დინის გადაღებულია. ეს ეხება თბილისის ხედებს, ასევე სხვა დიდ თუ პატარა ქალაქში გადაღებულ ფოტოებს. იმ წელს, როცა ნასერ ალ-დინი თბილისს ეწვია, ის იყო ასევე პეტერბურგში, ვენაში, მიუნხენში, ბადენ-ბადენსა და სხვა ბევრ ქალაქში.

XIX საუკუნის ბოლოს სტამბოლი

ფოტოების გაჟონვის შემდეგ გოლესთანის სასახლის მმართველობამ გამოაცხადა, რომ აპირებს თვითონ გამოაქვეყნოს არქივში დაცული ფოტოები.