თაფლის წარმოება კახეთში - პრობლემები და პერსპექტივები

პაპუნა ლობჟანიძის საფუტკრე მეურნეობა

კახეთში ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თაფლის წარმოებას იწყებს. დღეს, მხოლოდ ლაგოდეხში, 150-ზე მეტი მეფუტკრე ფერმერია, თუმცა მათი უმრავლესობა პრობლემებსა და დარგის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებს უჩივის. წარმოება რომ გააუმჯობესონ და პროდუქტი ევროპის ბაზარზე გაიტანონ, დამატებით ინვესტიციებს საჭიროებენ, ადგილზე კი თაფლის გაყიდვა უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოდან თაფლის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, ირკვევა, რომ 500-მილიონიან ბაზარზე ჩვენი ქვეყნიდან ჯერ არც ერთი კილოგრამი თაფლი არ არის გატანილი. როგორ აპირებს სახელმწიფო მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარებას?

Your browser doesn’t support HTML5

თაფლის წარმოება კახეთში - პრობლემები და პერსპექტივები

კახეთში მეფუტკრეობას, როგორც სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მისდევენ. მაგალითად, ლაგოდეხში 150-ზე მეტი მეფუტკრე ფერმერი აწარმოებს თაფლს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 100 ტონამდე მოსავალს შეადგენს. თაფლის გარდა, აწარმოებენ ფუტკრის რძესა და დინდგელს, თუმცა მცირე რაოდენობით.

გამოკვლევა ქართული თაფლის წარმოების შესახებ

„სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ“ ქართული თაფლის წარმოებასა და ხელის შემშლელ გარემოებებზე ლაგოდეხის მაგალითზე გამოკვლევა ჩაატარა.

ამ კვლევაში მეფუტკრეები ლაპარაკობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: გასაღების ბაზარი, ინვესტიციების მოძიების სირთულეები, პროდუქტის ფალსიფიკაცია და ექსპორტზე გატანის დამაბრკოლებელი გარემოებები;

ასევე პრობლემაა ცოდნის დეფიციტი და თაფლის შესამოწმებელი სრულყოფილი ლაბორატორიის არარსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ“ ქართული თაფლის წარმოებასა და ხელის შემშლელ გარემოებებზე ლაგოდეხის მაგალითზე მოკვლევა ჩაატარა. ამ კვლევაში მეფუტკრეები ლაპარაკობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: გასაღების ბაზარი, ინვესტიციების მოძიების სირთულეები, პროდუქტის ფალსიფიკაცია და ექსპორტზე გატანის დამაბრკოლებელი გარემოებები; ასევე, ცოდნის დეფიციტი და თაფლის შესამოწმებელი სრულყოფილი ლაბორატორიის არარსებობა. „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ექსპერტი გიორგი ბოკერია ამბობს, რომ ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მათი კოოპერატივებში გაერთიანებაა:

„პრობლემა ის არის, რომ მცირე წარმოებაა... ანუ ბევრია ფერმერი, მაგრამ ძალიან ცოტა თაფლს აწარმოებენ. ევროპაში დიდი რაოდენობით თაფლზეა მოთხოვნა. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, აქაც ძალიან დიდი პრობლემებია. თუკი ფერმერი თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს, მას საკმაოდ დიდი ინვესტიცია სჭირდება. ფერმერები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა წარმოებული თაფლის ხარისხი გასინჯონ. სრული ლაბორატორიული კვლევა საქართველოში არ ხდება, უცხოეთში კი საკმაოდ ძვირი ღირს“.

მეფუტკრეობის განვითარებაში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული შეღავათებისა და ინვესტიციების მოპოვების პერსპექტივის არსებობის მიუხედავად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ფერმერთაგან მხოლოდ სამმა თუ შეძლო წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება. მაგალითად, ერთ-ერთმა მეფუტკრე ფერმერმა, პაპუნა ლობჟანიძემ, ENPARD-ის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროგრამიდან დაფინანსება მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა თაფლის შედარებით თანამედროვე წარმოება დაეწყო. მას უკვე შეუძლია წარმოებასთან ერთად მისი შეფუთვა და დაფასოება, თუმცა შეკითხვაზე, რა სჭირდება იმისთვის, რომ თაფლი ევროპის ბაზარზე გაიტანოს, ამბობს, რომ ბევრი რამ:

„მე რაც მაქვს, ესეც აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, მაგრამ მაღალი კლასი რომ გვქონდეს, დამატებით კიდევ გვჭირდება ჩამოსასხმელი აპარატები, ახალი შენობა, უნდა მოხდეს დაფასოება, თაფლის შენახვა ხდება სხვაგვარად... ამ ყველაფერს თავისი სტანდარტები აქვს“.

მიუხედავად პრობლემებისა, ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კახეთში მეფუტკრე ფერმერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათ მიერ წარმოებული თაფლი ჯერ არ არის იმ სტანდარტის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს. ორგანიზაციის “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არიან დარგის სპეციალისტები, რომელთა ცოდნის გამოყენებაც შესაძლებელია. ამიტომ მარუაშვილი მეფუტკრე ფერმერებს მოუწოდებს თავადაც იზრუნონ ცოდნის ამაღლებაზე და არსებული რესურსები მაქსიმალურად აითვისონ:

„ჯერჯერობით ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე შეტანის პერსპექტივა მაინცდამაინც ახლოს არ არის, რადგან ძალიან ბევრ კომპლექსურ და პრობლემურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა ენიჭება ამ კუთხით ცოდნის გაღრმავებას. თავად მეფუტკრეებმა უნდა გამოიჩინონ სურვილი და ჰქონდეთ მზაობა აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ სპეციალისტებთან. ასევე მეფუტკრეებმა ინფორმაცია უნდა გაცვალონ ერთმანეთში“.

პაპუნა ლობჟანიძის საფუტკრე მეურნეობა

ერთ წელზე მეტია, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია, თუმცა, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ჯერ ვერ ხვდება. ამის მიზეზად, პირველ რიგში, პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობა და თაფლის დაბალი ხარისხი სახელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შენდება, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი გახდება თაფლის რაოდენობის შეგროვება, კვლევების ჩატარება და მისი ევროპის ბაზარზე გატანა. მანამდე კი სამინისტროს სურსათის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე მცირე მწარმოებლებს მოუწოდებს კოოპერატივები შექმნან, გაერთიანდნენ და პრობლემებსაც ერთად გაუმკლავდნენ:

„ყველას მოვუწოდებ, რომ გაერთიანდნენ ასოციაციებში ან კოოპერატივებში და შეღავათებიც მეტი ექნებათ. გაცილებით იაფი დაუჯდებათ თავიანთი პროდუქცია და ის წამალი, რაც უნდა შეიძინონ. ასევე ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვადასხვა დახმარების პროგრამებს. ახლა ვიწყებთ ბრენდინგისა და მარკეტინგის პროგრამას. მეფუტკრეებს დავეხმარებით შეფუთვის დიზაინში, გაყიდვაში და სწორ ფრომოუშენში. სახელმწიფო როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამით, ლაბორატორიული სიმძლავრის გაძლიერებით, უშუალო შეხვედრებით და ტრენინგების ჩატარებით დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ კუთხით“.

თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საწარმო ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის თაფლის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, რომელმაც, პირველ რიგში, საექსპორტო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.