„თანასწორობის მოძრაობა“ იუწყება, რომ სარეკლამო კომპანია „ალმამ“ „თანასწორობის მოძრაობას“ 17 მაისის აღსანიშნავად თანასწორობის შინაარსის მესიჯების მქონე ბანერების გავრცელებაზე უარი უთხრა. „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით, მოტივი დისკრიმინაციული იყო. კერძოდ, მათი ინფორმაციით, კომპანიაში მიიჩნიეს, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა ტრანსპორტის გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნას „თანასწორობის მოძრაობა“ თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურსა და ავტობუსების სამ მოსაცდელზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის მესიჯების განთავსებით აპირებდა. ამისთვის მან სარეკლამო სივრცე ერთი თვის განმავლობაში აიღო იჯარით.
სარეკლამო კომპანია “ალმასთან” „თანასწორობის მოძრაობამ“ ხელშეკრულება 24 აპრილს გააფორმა. მოძრაობის თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ბანერების იერსახე შემდეგ შეთანხმდებოდა. „ხელშეკრულების დადებამდე, სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ბანერები 17 მაისს უკავშირდებოდა და მისი შინაარსი თანასწორობის მესიჯების შემცველი იქნებოდა, რომ აქციის გამართვის ნაცვლად ამ გზით გვსურდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.“-აღნიშნულია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, ხელშეკრულებით „თანასწორობის მოძრაობა“ იღებდა ვალდებულებას, ბანერის მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში მას უნდა აენაზღაურებინა ახალი სარეკლამო მასალის დაბეჭდვისა და მონტაჟის ღირებულება.
„ვთვლით, რომ სარეკლამო კომპანია “ალმას” მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა. მან დაარღვია ხელშეკრულება და უარი უთხრა “თანასწორობის მოძრაობას”, მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად. მათი თავდაპირველი პოზიციით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ უარს, რადგან ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა.“-ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.
„თანასწორობის მოძრაობა“ აპირებს კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სასამართლოში განაგრძოს.
ბანერები, რომლის განთავსებაც თანასწორობის მოძრაობას სურდა, ასე გამოიყურება:
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სარეკლამო კომპანია "ალმას", მათი პოზიციის გასაგებად, თუმცა როგორც სატელეფონო საუბარში გვითხრეს, კომპანია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და ამ საკითხზე თავიანთ პოზიციას დღის მეორე ნახევარში გააცნობენ დაინტერესებულ პირებს.